სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს სიცოცხლე. მადლობა უფალს, რომ მშვიდობით განვლო დიდი მარხვის ერთმა კვირამ. თქვენ იცით, რომ დიდი მარხვა ეს არის პერიოდი განსაკუთრებული სინანულისა, ხოლო სადაც არის სინანული, იქაა სულიერი სიწმიდე, იქვე სუფევს მადლი, მშვიდობა და წყალობა ღვთისა.
დიდ მარხვაში იკითხება წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა, სადაც ნათქვამია: „ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. აქედან გამომდინარე, ადამიანი ნათლად უნდა ხედავდეს თავის სულიერ მდგომარეობას. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: „შეიცან თავი შენი“ (NONCE TE IPSUM). საოცარია, რომ ჩვენ ვცდილობთ უმეტესად სხვაში დავინახოთ ცოდვა და გვიჩნდება მისი გამოსწორების სურვილი. ეს დიდი შეცდომაა. უმჯობესია გამოსწორება საკუთარი თვით დავიწყოთ.
ეფრემ ასურის სიტყვებით: „მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა“ - ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ მოგვანიჭოს მადლი ღვთისა, რათა მოგვეცეს უნარი ჩვენი ცოდვების განცდისა. რაც შეეხება ცოდვათა გამოსწორების სურვილს, იგი დაკავშირებულია ადამიანის თავისუფალ ნებასთან, რასაც თან ნებისყოფა უნდა ახლდეს.
როცა ადამიანი რაღაც ცოდვას ჩადის და მას ბუნებრივად მიიჩნევს, ეს უკვე საშიშია. მსგავსი მდგომარეობა იმის მიმანიშნებელია, რომ პიროვნების სული იღუპება, რადგან ვერ ხედავს საკუთარ ნაკლს.
ხშირია შემთხვევა, როცა მორწმუნე ადამიანი მოძღვართან აღსარების სათქმელად მიდის და ცოდვების აღიარების ნაცვლად აცხადებს, რომ სრულიად უცოდველია. როგორც მოციქული ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სინდისი დამწვარია, იგი ვერ გრძნობს, ვეღარ განიცდის საკუთარ ცოდვებს. ასეთი ადამიანის სულიერი ამაღლება ყოვლად შეუძლებელია.
ეფრემ ასურის ლოცვაში ასევე ვითხოვთ უფლისგან, რომ მოგვცეს ძალა, არ განვიკითხოთ მოყვასი. განკითხვის სული არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რადგან რა ცოდვასაც სხვაში განიკითხავს იგი, უფლის დაშვებით, სწორედ იმავე ცოდვაში ჩავარდება. დაე, უფალმა, თავისი წყალობითა და უდიდესი მადლით, მოგვცეს „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა“.
დღევანდელ დღეს ქრისტიანული ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს. ეს დღესასწაული კონსტანტინეპოლში, IX საუკუნეში, 843 წელს დაწესდა, იმ დროს როცა საეკლესიო კრებამ ხატთა თაყვანისცემის დოგმატი დაადგინა. ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ პერიოდში ხატების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა. ზოგიერთებს მიაჩნდათ, რომ ხატის თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობას ნიშნავდა. სინამდვილეში კი, ხატი - ეს არის სარკმელი, რომლის საშუალებით ჩვენ ზეცას ვჭვრეტთ. როცა თაყვანს ვცემთ ხატს, ვეთაყვანებით არა საღებავს, ტილოს, ან ფიცარს, არამედ იმ პირვანდელ სახეს, რომელიც ზეციურ სამყაროში მყოფობს და რომელიც ხატზე სიმბოლურადაა გამოსახული. სწორედ ამის გამო, დღეს მთელი მართლმადიდებელი სამყარო, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს.
თქვენ იცით, რომ მართლმადიდებლობამ გადაარჩინა ქართველი ხალხი და საქართველო.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა განამტკიცოს და განადიდოს მართლმადიდებლობა მთელს მსოფლიოში!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.