სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოვლადწმიდა სამებამ ინებოს, რომ გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
წმიდა დავით მეფე წინასწარმეტყველი ბრძანებს: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“. ჩვენც ამ სიტყვებით ვევედრებით უფალს, რომ სული ღვთისა, სული წმიდა სახიერი გვიძღოდეს ჩვენ ქვეყანასა წრფელსა. „ქვეყანა წრფელი“ სასუფეველია. ყოველი ჩვენგანი ამსოფლად მოსულია იმისათვის, რომ მოემზადოს ზეციური სასუფეველისათვის, იმ მარადიული ცხოვრებისათვის, რომელიც ჩვენ გველოდება. რისთვისაც საჭიროა ჩვენ აქვე მივიღოთ მადლი უფლისა, გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, გავიწმიდოთ ჩვენი გონება, გული, სხეული, სული ყოვლისაგან ბიწისა, რის შემდეგაც სულიწმიდა განუშორებლად იქნება ჩვენთან, რადგან ადამიანი ამისათვის არის მოწოდებული. თავად უფალი გვასწავლის ამას. მაგრამ თუ პიროვნების გულში არის ბოროტება, ურწმუნოება და მთესველია ღვარძლისა, ის ვერ იქნება ტაძარი სულისა წმიდისა. რამეთუ, სადაც სულიწმიდაა, იქ სიკეთე და მოწყალებაა. ამისათვის ყოველმა ჩვენთგანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს, დაფიქრდეს, რას აკეთებს, საით მიდის, რა გზას ადგას.
სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიმყოფებოდით ირანში. ჩავედით ფერეიდანში, სადაც ქართველთა დიასპორა ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ ჩვენი წინაპრები ტყვედ აქ შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს. ახლა მათი შთამომავლები იქ ცხოვრობენ. „სულ მარტონი ვართო აქ“, - შემოგვჩივლეს, - „მოგვხედეთო“. ისინი XVI-XVII საუკუნის ქართულ ენაზე მეტყველებენ. „კიდევაც ჩამოდითო“ - ასე მითხრეს. სულ რაღაც ერთი საათი ვიყავით მათთან. ზუსტად წამოსვლის წინ, გამომშვიდობებისას, არ ვიცი როგორ მოახერხეს, დაახლოებით ასამდე მოტოციკლს მოუყარეს თავი და ასეთი ესკორტით გამოგვაცილეს, თან გვლოცავდნენ: „ღმერთს ებარებოდეთო“. ეს ძველი ქართული დალოცვაა, რომელიც ჩვენ დავივიწყეთ, იმათ კი ახსოვთ. ზოგი ამოკლდებდა და იძახდა: „ებარებოდეთ, ებარებოდეთ!“ ისინიც ტიროდნენ და ჩვენც ვტიროდით. თუმცა მუსულმანები არიან, მათი სული ქრისტიანულია - მოწყალე და მოსიყვარულე. ეს ქართული თვისება, ქართული სიყვარული, რომელიც ყოველ ჩვენთაგანშია, არც მათში განქარებულა. სიყვარულს, ამ დიდ ნიჭს ღვთისას - ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ. იგი მარად უნდა იყოს ჩვენში ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ისევ დაუბრუნდება თავიანთ მამა-პაპათა საწრმუნოებას - მართლმადიდებელ ქრისტიანობას.
ფერედინელი ქართველები გვხვდებოდნენ, გვეფერებოდნენ, ხელებს გვიკოცნიდნენ. წამოსვლის წინ ერთი მათგანი მოვიდა ჩემთან, ჯერ მე მაკოცა, მერე კვერთხს ემთხვია. იქ ჩვენ მგალობლებს ქართული ფანდური ჰქონდათ წამოღებული და ის ვაჩუქე მას. უნდა გენახათ, როგორ გაუხარდა. ის საჩუქარი გულში ჩიხუტა და სიხაურლით გაბრწყინებულმა გამოგვაცილა. საოცარი და დაუვიწყარი შეხვედრა იყო.
მინდა შევთხოვო უფალს, რომ ქართველი ერი გამთლიანდეს, გაერთიანდეს. ფერეიდანში 100 ათასზე მეტი ქართველია. საოცარია, როგორ იცავენ ისინი გენის სიწმიდეს, არ აღრეულან იქაურებში, ცდილობენ არ დაივიწყონ ქართული ენა.
სხვაგანაც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის შვილები. ამჟამად თურქეთში 5 მილიონზე მეტი ქართველი მუსულმანი ცხოვრობს. მახსენდება, ერთხელ, ერთი ცნობილი ქართველი პოეტი ჩამოვიდა თურქეთიდან, რომელიც თურქულ ენაზე წერს ლექსებს. მოვიდა ჩვენთან საპატრიარქო რეზიდენციაში და განაცხადა: „მე ქართველი კაცი ვარ, რწმენითაც ქრისტიანი და მომნათლეთო“. ჩვენც, მაშინვე, კარის ეკლესიაში მოვნათლეთ. უკან რომ დაბრუნდა, არავის შეუშინდა და ყველას განუცხადა: „ამიერიდან მე ქრისტიანი ვარო“. თურქეთში მიმავალმა, გზად ბათუმში გაიარა და იქ ითხოვა, ტელევიზიით განაცხადეთ, რომ მე მოვინათლეო. აი, ეს არის ქართული სული. აი, ეს უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ. უპირველესი რწმენაა. დღეს, როდესაც უამრავი სექტაა შემოჭრილი საქართველოში და ცდილობს დანერგოს ჩვენს ხალხში თავისი სწავლება, ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქართველი ლუკმა-პურის გულისთვის ღალატობს ჭეშმარიტებას და გადადის ამ სექტებში. ეს არის სულის გაყიდვა, სამშობლოს გაყიდვა, ეკლესიის ღალატი და, რაც მთავარია, საკუთარი სულის ღალატი, სულის წარწყმედა. აი, ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენ საკუთარი თავიც და სადაც კი მოგვიწვდება ხელი და სიტყვის თქმის საშუალება მოგვეცემა, - უნდა დავიცვათ ყველანი ამ საშინელი განსაცდელისაგან.
თქვენ იცით, რომ ეს წმიდა ტაძარი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთ-ერთი უმთავრესია საქართველოში და შემთხვევითი არაა, რომ ესაა პირველი ტაძარი თბილისში, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელობის მეორე ტაძარიც გვაქვს ვაკეში, ელიას მთაზეც შენდება ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი. ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, რომ წმიდა ილია მართალმა და ოლღა გურამიშვილმა სწორედ აქ დაიწერეს ჯვარი. ასეთ მთავარ ტაძარებში წირვა-ლოცვა ყოველდღე უნდა იყოს. ამიტომ მე მივეცი კურთხევა სამღვდელოებას, რომ დღეიდან აქ დაწესდეს ყოველდღიური წირვა-ლოცვა და თქვენ გქონდეთ საშუალება ნებისმიერ დღეს მოხვიდეთ აქ და დაესწროთ წირვა-ლოცვას. მინდა გითხრათ, რომ ვაკეში, ახლადაგებულ ტაძარში უკვე 6 მღვდელი მსახურობს და ყოველდღიურად მიმდინარეობს წირვა-ლოცვა და არც ეს ტაძარი უნდა ჩამორჩეს. დღეს ამ ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი ლაზარე დაინიშნა. რადგან ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა პავლე ხშირად ავადმყოფობს და წინამძღვრობა გაუჭირდება, ტაძრის მოძღვრად კი, რა თქმა უნდა, დარჩება. ძირითადად, აქამდეც მამა ლაზარე ასრულებდა მის მოვალებას, ახლა კი უკვე წინამძღვარი ის იქნება. ვულოცავთ მამა ლაზარეს ამ მაღალ საპასუხისმგებლო მოვალეობას და ვეცდები, რომ ტაძარს ძალიან მალე დავუმატო მოძღვრები, რადგან ყოველდღიური წირვა-ლოცვა დიდი დატვირთვაა.
უკვე 20 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს მამა ზაზა გიორგობიანი. ჩვენ აღვნიშნავთ მის დიდ დამსახურებას და დღეს მას გამშვენებული ჯვრით ვაჯილდოებთ.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სული უფლისა სახიერი გვიძღოდეს ჩვენ ქვეყანასა წრფელსა. ღმერთმა ინებოს, რომ „ქვეყანასა წრფელსა“ - სასუფეველში შევხვდეთ და ვადიდოთ უფალი.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2001 წ.