უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 4 ნოემბერი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

„წყალობა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ - წყალობა უფლისა აუცილებლად სჭირდება ყოველ ადამიანს. იგი გადმოდის ღვთის კურთხევით, ღვთის მადლით. მადლი უფლისა, მადლი სულისა წმიდისა არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. ბედნიერია ის ერი, ის ადამიანი, რომელზეც მოიწევა ღვთის წყალობა. ძალიან ხშირად იგი გადმოედინება ერთ ადამიანზე, ერთ გვარზე, ან ერთ ქვეყანაზე, რაც საყურადღებო და მოსაქცევი უნდა გახდეს ყოველთათვის.

დღეს არის ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა. ეს ყრმები ქრისტეს მხედრობას ეკუთვნოდნენ და III საუკუნეში ქ. ეფესოში ცხოვრობდნენ. ეს ის დრო იყო, როცა საშინლად იდევნებოდა ქრისტიანობა და მთელ ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოშიც, კერპთაყვანისმცემლობა ბატონობდა. იმპერატორის ბრძანებით, ქალაქ ეფესოს ყველა მცხოვრებს კერპებისათვის შესაწირავი მსხვერპლი უნდა მიეტანა, რადგან შვიდივე ყრმა უკვე ქრისტიანი იყო, მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. იმპერატორს შეებრალა ისინი, არ უნდოდა მათი წამება, ამიტომ გაუშვა, რათა დაფიქრებულიყვნენ და იმედოვნებდა, რომ მცირე დროის შემდეგ კერპთაყვანისმცემლები გახდებოდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ყრმები ერთ-ერთი გამოქვაბულის კლდეში შევიდნენ და იქ იმყოფებოდნენ. როცა იმპერატორმა დაინახა, რომ მათ უარი არ თქვეს ქრისტიანობაზე, თავის მსახურთ უბრძანა, შვიდივე გამოქვაბულში დაეტოვებინათ და შესასვლელი ამოექოლათ. აი, ასე ცოცხლად დაასამარეს ისინი. იმპერატორის ბრძანების შესრულებისას ერთ-ერთმა მშენებელმა, რომელიც გამოქვაბულის ამოქოლვაში მონაწილეობდა, გადაწყვიტა, მათ სახელები ლითონის ფირფიტაზე დაეწერა და კედელში ჩაედო. ამ ამბის შემდეგ 200 წელი გავიდა. ქრისტიანობა უკვე საყოველთაოდ იქნა აღიარებული და ეფესოშიც ქრისტეს სახელი განიდიდებოდა. როდესაც ამოქოლილი გამოქვაბული დაანგრიეს, საოცარი სასწაული მოხდა - ყრმებმა უფლისაგან მოგვრილი ძილისაგან გაიღვიძეს, რაც 200 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ახლადგაღვიძებულ ყრმებს ეგონათ, რომ მათი დაძინებიდან მცირე დრო გავიდა. ყრმათაგან უმცროსს ფული მისცეს და ქალაქში საჭმლის მოსატანად გააგზავნეს. გზად მიმავალ ყრმას გაუკვირდა, როცა ყველაფერი საოცრად შეცვლილი ნახა, ისიც კი იფიქრა, გზა ხომ არ ამერია და სხვაგან ხომ არ მოვხვდიო. როცა ქალაქში შევიდა და ვაჭრებთან საზრდოს შესაძენად მივიდა, იგი დააკავეს, რადგან თან ძველი მონეტები ჰქონდა და ამით აპირებდა საჭმლის ყიდვას. მას უთხრეს, რომ ახლა სულ სხვა დროა და სხვა მეფე. ამ ამბის შესახებ ქალაქში ძალიან მალე შეიტყვეს. გამოქვაბულთან მივიდნენ ეპისკოპოსი, მეფე, უამრავი ხალხი და იხილეს ეს საოცარი სასწაული.

ამის შემდეგ ეფესელმა ყრმებმა მეორედ მიიძინეს, ამჯერად უკვე გარდაიცვალნენ. მათივე თხოვნით, ისინი იმ გამოქვაბულშივე დაკრძალეს.

ხშირი შემთხვევაა, როცა გადაღლილია ადამიანის გონება, მისი ნერვული სისტემა და სჭირს უძილობა, მინდა იცოდეთ, რომ ამ დროს ევედრებიან შვიდთა ყრმათა ეფესელთა, რათა მსუბუქი და მშვიდი ძილი მიეცეს. მე მახსენდება ერთი შემთხვევა: როდესაც ბათუმში ეპისკოპოსი გახლდით, ამ დროს რუსეთის ერთ-ერთი შორეული ქალაქიდან, თუ არ ვცდები, არხანგელსკიდან, ერთი ქალბატონისგან წერილი მომივიდა, რომელიც, რატომღაც, თხოვნით მე მომმართავდა. ეტყობა გაგონილი ჰქონდა, რომ ბათუმში იყო სამღვდელოება, ეპისკოპოსი; იგი არ მიცნობდა და მთხოვდა, მივშველებოდი მას, რადგან ძილი საერთოდ არ ჰქონდა. კურთხევანში არის განაგებო ლოცვა, რომელიც ეკითხება ადამიანს, რომელიც უძილობით იტანჯება. ეკლესიაში იმ ადამიანზე მე წავიკითხე ეს ლოცვა და მოხდა სასწაული, ქალბატონს ძილი დაუბრუნდა, რის შემდეგაც მისგან სამადლობელი წერილი მივიღე. აი, ასეთი ძლიერია ეს ლოცვა. ასევე ძლიერ შემწე წმიდანები არიან ეფესელნი შვიდნი ყრმანი. ასე რომ, გახსოვდეთ, როცა შეგაწუხებთ უძილობა, მიმართეთ მათ.

შვიდთა ყრმათა ეფესელთა ლოცვით, ყველა თქვენგანს ღმერთმა მოსცეს მშვიდობა და კეთილდღეობა და თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს!

ეს დღე კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ ჩვენ ვლოცავთ სუბელიანების გვარს. რასაკვირველია, აქ მხოლოდ ის მცირე ნაწილია ამ გვარისა, რომელთა თავის მოყრა ამ დროისათვის მოხერხდა. წარმოშობით სუბელიანები მესტიიდან არიან და ერთ-ერთ ცნობილ, უძველეს სვანურ გვარს წარმოადგენენ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სვანეთი საქართველოს განსაკუთრებული, მადლიანი კუთხეა. ღვთის განგებით, იქ მრავალი სასწაულთმოქმედი ხატი და ჯვარია დაცული. ისტორიულად, როცა ჩვენს სიწმიდეებს საშიშროება ემუქრებოდა, ქართველ ხალხს ისინი სვანეთში მიჰქონდა და იქ ინახავდა. თავად სვანეთშიც მრავალი ხატი და ფრესკა შეიქმნა. მე ვფიქრობ, რომ სვანეთი და სვანები მთელი საქართველოსთვის უნდა იყვნენ მტკიცე მაგალითი რწმენისა, სიყვარულისა და სიკეთისა. სამწუხაროა, რომ ზოგან ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ჩვეულება, როცა სხვადასხვა გვარის წარმომადგენლებს ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება აქვთ. ეს უნდა აღმოიფხვრას. ეს არი შეშვენის სვანებს. სვანები უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის. იმედი მაქვს, რომ ღვთის ლოცვა-კურთხევით, ღმერთი მოიღებს დიდ წყალობას სვანეთსა და მთელს საქართველოზე.

ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა გაახაროს და გაამრავლოს სუბელიანების გვარი. „წყალობა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

თქვენ ახლა დაგირიგდებათ „ახალი აღთქმა“. ხოლო მთლიანად გვარს ვუძღვნი ბიბლიას, სადაც ჩემი ხელმოწერით წერია: „ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამრავლოს სუბელიანების გვარი“.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ამინ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45, 2001 წ.