სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. იმ ტაძარს, რომელშიც მშობლებმა პატარა მარიამი მიიყვანეს, 15 საფეხური ჰქონია. მისი ავლა 3 წლის ბავშვისათვის საკმაოდ მძიმე იქნებოდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა კი ყოველგვარი დახმარების გარეშე, თავისუფლად ავიდა ამ საფეხურებზე, მას წინ მღვდელმთავარი მიეგება. და მოხდა საოცრება, მღვდელმთავარმა იგი წმიდათა წმიდაში შეიყვანა. აქ თვითონაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნეოდა სხვა ვინმე შესულიყო მასში. ყოველივე ეს მიანიშნებდა იმას, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა პატარა მარიამს, იგი უნდა გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრიტესი.
საგალობლებში ნათქვამია, რომ ტაძარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (დედა ღვთისმშობელი) მსახურებად შევიდა მიწიერ ტაძარში. თუ როგორ მოღვაწეობდა, როგორ ცხოვრობდა იგი იქ, ეს ბიბლიაში არ წერია, მაგრამ საღმრთო გადმოცემიდან ვიცით, რომ ტაძარში ყრმა მარიამის უპირველესი მოვალეობა იყო ლოცვა, განსაკუთრებული ყურადღებით ექცეოდა საღმრთო წერილის კითხვასა და განმარტებას.
ჩვენი წინაპრებიც გამორჩეულად ექცეოდნენ წმიდა წერილს - ძველ აღთქმას, სახარებას. მშობლები ამ წმიდა წიგნზე ზრდიდნენ თავიანთ შვილებს. ორი დღის წინ იყო ხსენება ილარიონ ქართველისა, რომელიც IX საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შემდეგ ცნობილია, რომ 9 წლის ბავშვმა უკვე ზეპირად იცოდა მთელი სახარება, რაც გახლდათ დამსახურება მისი ოჯახისა.
სხვებთან ერთად, ყრმა მარიამი აგრეთვე ხელსაქმითაც იყო დაკავებული. იქ, ტაძარში, იყვნენ სნეულები, მოხუცები და დავრდომილები. ყრმების მოვალეობაში შედიოდა, მოევლოთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. აი, ასე იზრდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, თუმცა სახარებაში მისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ არაფერია ნათქვამი. ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ „მხოლოდ უფალმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა იცის, თუ როგორ მოღვაწეობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამ წლების განმავლობაში იერუსალიმის ტაძარში“.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიას, და საერთოდ, ტაძარს ადამიანის ცხოვრებაში; იგი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში; იგი უნდა იყოს ადამიანისთვის მთავარი და უპირველესი, ყველაზე ახლობელი, თავის სახლზე უფრო მეტად ძვირფასი. მე ვფიქრობ, ამ წინააღმდეგობებითა და გაჭირვებით აღსავსე დროს განსაკუთრებული მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება ეკლესიას. აქ უნდა მიიღოს ადამიანმა შვება, აქ უნდა შეიქმნას ისეთი საძმო, როცა ერთი მეორეს დაეხმარება, ანგუეშებს. საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ „უკანასკნელ ჟამს ბოროტი ბრძოლას გააძლიერებს“. ამიტომ, ქრისტიანებს, მორწმუნე ადამიანებს ერთმანეთის თანადგომა სჭირდებათ. ჩემი აზრით, ამის შესახებ უკვე ფიქრობს ქართველი ერი. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ, მიუხედავად ჩვენი გაჭირვებისა, ქართველები აშენებენ ეკლესიებს, თითქმის არ დარჩენილა რაიონი კი არა, სოფელიც კი, რომ ტაძარი არ განახლებულიყოს ან ახალი არ აგებულიყოს. ქრისტიანობის 2000 წლის მანძილზე, ალბათ, საქართველოში არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როცა ერთდროულად ამდენი ტაძარი შენდებოდა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისში მშენებარე სამების ტაძარს. ეს არის საკათედრო ტაძარი. მადლობა ღმერთს, მშენებლები უკვე გუმბათამდე მივიდნენ და მალე, ალბათ, მას გუმბათიც დაედგმება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნაკურთხი არ არის ეს ტაძარი, იქ მაინც რაღაც განსაკუთრებული მადლი ტრიალებს. უფალმა, წმიდა სამებამ დაიდგა თავისი ტახტი მასში და ეს ძალიან იგრძნობა. მშენებლობა დღედაღამ მიმდინარეობს. სამი დიდი ჯგუფი, ოთხასამდე კაცი შრომობს იქ. ისინი 3 ჯგუფად, 8-8 საათის განმავლობაში მუშაობენ. ხშირად მიდით ხოლმე ამ ტაძარში და ილოცეთ, ზოგიერთი მორწმუნე იქ ღამითაც მიდის და ლოცულობს.
მადლობა ღმერთს, რომ შეიქმნა წმიდა სამების ტაძრის მთავარი ხატი. იგი აქ, საიონშია დაბრძანებული. მის შექმნაში მრავალ ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა. ხატი უკვე ნაკურთხია, ახლა მისთვის ამზადებენ სპეციალურ ჩარჩოს, კიოტს. დროებით ეს ხატი აქ, სიონში იქნება, შემდეგ სვეტიცხოველში გადავაბრძანებთ. ცოტა ხანს იქ დაჰყოფს დამერე, როცა სამების ტაძრის მშენებლობა დამთავრდება, თავისი ადგილზე დამკვიდრდება.
ტაძრისათვის უკვე დამზადებულია რაღაც საოცარი გარდამოხსნა. იგი ფერისცვალების დედებმა მოამზადეს. ასეთი გარდამოხსნა ჯერ არ შექმნილა საქართველოში, იმდენად გამორჩეულია თავისი სილამაზითა და ნატიფი ხელოვნებით. სამხატვრო აკადემიამ გვაჩუქა სამეუფო ტახტი, ასე რომ, ტაძარი თანდათან უკვე ივსება საეკლესიო ნივთებითაც.
ეკლესიამ და ხელისუფლებამ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს ახალგაზრდობაზე. ისინი ეკლესიასთან ახლოს უნდა იყვნენ, სულიერად ისინი აქ უნდა გაიზარდონ. ამას გრძნობს ქართველი ადამიანი, ქართველი კაცი, კვირაობით და დღესასწაულებზე ტაძრებში უკვე იმდენი ხალხი მოდის, რომ ვეღარც ეტევიან. მადლობა ღმერთს, რომ უფალმა მოგვიყვანა და გაგვამთლიანა ეკლესიაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №49, 2001 წ.