სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „გული წმიდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. ქრისტიანის ცხოვრებაში მართლაც რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს გულის სიწმიდეს, სულის სიწრფელეს. გულიდან იწმიდება ადამიანი და ცოდვაც აქედან შედის მასში. ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო პავლოვი, ამბობდა, რომ „გული არის დიდი გონება“.
გული უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. ყველაფერი, რაც აღესრულება ეკლესიაში: შვიდი საიდუმლო, წირვა-ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება, ადმაიანის გულის გაწმენდას ემსახურება. ადამიანი უნდა იყოს ერთგული და არა ორგული და იგი უნდა აკეთებდეს იმას, რასაც კეთილი ნება კარნახობს. თქვენ იცით, რომ ადამიანის სულიერ სამყაროში დიდი წინააღმდეგობებია, გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს დადგება იგი. თუ ის ტკბება ცოდვით, მისი გამოსწორება უკვე ძნელია. თუ ეცემა და თვლის, რომ ეს დაცემა ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, ამგვარი ადამიანი საწყალობელია. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „მთავარი ის კი არა არის, რომ ადამიანი ეცენა, მთავარია ის, რომ მას ძალუძს წამოდგეს“. დაცემის შემდეგ ადამიანმა იმდენი ძალა უნდა მოკრიბოს, რომ აღდგეს ცოდვათაგან, განეშოროს მას და კვლავ ლოცვასა და სინანულს შეუდგეს. 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო, რომელიც წმიდა მოციქულებმა დაადგინეს, გვეხმარება, რათა ჩვენი სულიერი სამყარო, ჩვენი გული, გონება, სხეული და სული განწმედილ იქნას. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამ დროს ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომელიც მას აღსარების დროს დაავიწყდა.
ღმერთმა ინებოს, რომ დღეს აღსრულებულმა 7-გზის ზეთისცხების საიდუმლომ განჰკურნოს ჩვენი სული და ხორცი.
ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2001 წ.