სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, დიდია საქმენი უფლისანი, რომელთაც ადამიანის გონება ვერ მისწვდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ განგება ღვთისა მუდამ კეთილია. ღვთისაგან კაცობრიობაზე უდიდესი სიყვარული და მადლი იფრქვევა, მადლი - „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ როცა დიაკონი წარმოთქვამს კვერექსს: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“. ამ სიტყვებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ, რადგან ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრია - მივიღოთ მადლი ღვთისა, რომელიც შეგვეწევა იმაში, რომ გავვლიოთ ამქვეყნიური ცხოვრების გზა და დავიმკვიდროთ ღვთის სასუფეველი.
დღეს არის ხსენება წმიდისა პირველმოწამისა და მოციქულთასწორისა თეკლასი და ანგელოზის დღე თეკლე ბატონიშვილისა, ერეკლე მეფის ქალიშვილისა. პირველმოწამე თეკლა I საუკუნეში ცხოვრობდა. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და მოღვაწეობდნენ უფლის მოციქულები. წმიდა თეკლა განსაკუთრებით დაახლოებული იყო პავლე მოციქულთან და სწორედ მისგან იღებდა ლოცვა-კურთხევასა და დარიგებებს. იგი სილამაზით გამოირჩეოდა, რის გამოც მრავალს მისი ცოლად შერთვაც სურდა, მაგრამ წმდია თეკლას გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი ცხოვრება უფლისათვის შეეწირა. მის ცხოვრებაში ნათლად ჩანს, თუ რამდენად რთულია ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. ხშირად მშობლები ვერ იგებენ, რა სურს შვილს და პირიქით, შვილი ვერ ხვდება, რას ითხოვს მისგან მშობელი. თეკლას მშობლებს უნდოდათ, თავიანთი შვილისათვის კარგი საქმრო ეშოვნათ და ფიქრობდნენ, რომ თეკლას ბედნიერი ოჯახი ექნებოდა. წმიდანს კი ზეციური გვირგვინი სურდა და ღვთის სასუფეველს ნატრობდა. იმდენად დაიძაბა ურთიერთობა მშობლებსა და თეკლას შორის, რომ დედამისმა შვილის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა, იგი კოცონზე უნდა დაეწვათ. წარმოიდგინეთ, რამდენად უნდა გაბოროტდეს მშობელი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. იმ დროს, როცა დედამისი უყურებდა, მისივე თხოვნით როგორ აჰყავდათ კოცონზე თავისი შვილი, იხილა, რომ თეკლას ცეცხლი არ მიჰკარებია. იგი მას შარავანდედივით შემოევლო გარშემო და უვნებელი დატოვა. ეს საოცარი სასწაული იყო. ამის შემდეგ მას კიდევ მრავალი ტანჯვა შეამთხვიეს, თეკლამ კი ყოველივე აიტანა. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი სახარების ქადაგება იყო. ამიტომ ეწოდება მას მოციქულთასწორი. ბოლოს, იგი უკვე 90 წლის იყო, როცა კვლავ მოინდომეს მისი წამება. დევნილმა წმიდანმა კლდეს მიაშურა, რომელიც უეცრად შუაზე განიპო, მასში შევიდა თუ არა თეკლა, კლდე დაიხშო. აი, ასე აღესრულა ეს დიდი წმიდანი. მთელი მისი ცხოვრება უდიდესი სასწაულია და ნიშანი იმისა, რომ ღმერთი მუდამ მასთან იყო და მარად იფარავდა. ხოლო თავად წმიდანი, ღვთის საქმის მაკეთებელ იარაღს წარმოადგენდა უფლის ხელში.
ჩვენი ცხოვრების მიზანიც ისე უნდა დავისახოთ, რომ მარტო ჩვენი ეგოიზმითა და ამსოფლიური მზრუნველობით არ შემოვიფარგლოთ, არ ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, რმო გვქონდეს მიწიერი ბედნიერება - სახლ-კარი, მანქანა და ა.შ. არამედ ვიზრუნოთ ყველაზე უფრო დიდის, სულიერი საუნჯის მოპოვებისათვის. როგორც უფალი ამბობს: „სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. ჩვენი უპირველესი საუნჯე ჩვენი სულიერი საუნჯეა და ეს არის ის სიყვარული, რომელსაც ყოველი ადამიანი თავის გარშემო უნდა აფრქვევდეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, სულიერი თვალი. განსაკუთრებით ახლა, როცა მრავალს უჭირს, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად. ჩვენ გამოვიარეთ ურწმუნოების საშინელი ხანა, როცა ანგრევდნენ ტაძრებსა და მონასტრებს. დღეს კი გვაქვს იმის საშუალება, რომ თავისუფლად ვაღიაროთ ჩვენი სარწმუნოება, მაგრამ მხოლოდ რწმენა არ კმარა. როგორც წმიდა იაკობ მოციქული ამბობს, სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ ყოველმა ჩვენგანმა მიზნად უნდა დაისახოს, რომ ან სიტყვით, ან საქმით, ან მატერიალურად დაეხმაროს ყოველ გაჭირვებულს. შეიძლება თქვენმა სიტყვამ ადამიანი სიკვდილს გადაარჩინოს. მსგავსი რამ ხშირად ხდება. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს თვითმკვლელობა გადაუწყვეტია და სიტყვას გადაურჩენია იგი. მე მინდა ამის ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. ყველას გახსოვთ ცნობილი პოეტი, აწ გარდაცვლილი მორის ფოცხიშვილი. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ძლიერ დაუძლურდა, თითქმის დაკარგა მხედველობა და ხშირად დეპრესიაში ვარდებოდა. როგორც მერე თავად გვიამბო, ერთხელ, მორიგი დეპრესიის შემოტევის დროს, თავის მოკვლა გადაუწყვეტია. იგი ფიქრობდა, რომ მივიდოდა ფანჯარასთან და იქიდან გადახტებოდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მას უთხრეს, რომ პატრიარქი თავის რეზიდენციაში მწერლებსა და პოეტებს იწვევდა და მათ შორის მასაც სთხოვდნენ, მიბრძანებულიყო. აი, ამ ზარმა გადაარჩინა პოეტი საშინელი ცოდვისაგან. შემდეგ იგი მშვიდობიანად აღესრულა და მისი ძალიან დიდი თხოვნა იყო, სამთავროს მონასტრის ეზოში დაეკრძალათ, რაც შევუსრულეთ.
ასე რომ, ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ადამიანს მხოლოდ მატერიალური დახმარება სჭირდება. მას, უპირველეს ყოვლისა, კეთილი სიტყვა უნდა უთხრათ, ანუგეშოთ, იმედი დაუბრუნოთ. ყველაფერი უნდა იღონოთ, რათა შეიძინოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუკი მას ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება ექნება, თუ აღივსება იმედითა და სიყვარულით, იგი აუცილებლად გადარჩება.
დღეს განსაკუთრებული დღეა. მინდა მოგახსენოთ, რომ ამჯრად აქ ბრძანდება და ჩვენი თანამწირველი გახლდათ არქიმანდრიტი დიონისე. წარსულში მამა დიონისე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო, ახლა იგი საბერძნეთში იმყოფება და იქ მრავალ ქართველს ეხმარება. ჩვენ მისი მადლობელნი ვართ ამ დიდი სულიერი თანადგომისა და დახმარებისათვის. გულითადად მივესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის სახელით და მადლობას ვუძღვნით.
დღეს ჩვენთან ერთად ასევე ბრძანდება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელი. იგი ლვოვიდან ჩამობრძანდა და დღეს ისიც ჩვენი თანამწირველი გახლდათ.
დღეს ჩვენთან ლოცვა-კურთხევისთვის ჩამოვიდნენ თბილისის 125-ე საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. სკოლის დირექტორია ბატონი ნუგზარ კედელაშვილი. ბატონო ნუგზარ, მინდა მოგმართოთ თქვენ და მასწავლებლებს: პედაგოგებს დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ როგორც ღვთისაგან, ასევე ერისაგან. თქვენ უნდა აღზარდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა. მე ვფიქრობ, რადგანაც დაგებადათ აზრი, მოსულიყავით ეკლესიაში, მიგეღოთ ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აღმზრდელობითი მუშაობა სწორი გზით მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიური წარმატებებითა და მათთვის ცოდნის მიცემით დავკმაყოფილდეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები, ვასწავლოთ მათ ჭეშმარიტი რწმენა, სიყვარული, სასოება და მიტევება. ჩემთან იმყოფებოდა პედაგოგების ერთი ჯგუფი ამერიკიდან. მათ მითხრეს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ ბავშვებს ურთიერთმიტევება ასწავლონ. როცა ბავშვები წაიჩხუბებიან, ისინი ისე არ უნდა წავიდნენს ახლებში, რომ ერთმანეთს არ შეურიგდნენ. მათ შორის აუცილებლად უნდა ჩადგნენ მასწავლებლები და მშობლები. ჩემი სურვილია ეს შესანიშნავი წესი ჩვენს სკოლებშიც დაინერგოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ! მინდა თქვენს სკოლას საჩუქრად მივართვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და ჩემი ლოცვა-კურთხევა.
შეგახსენეთ, მომავალ კვირას არის ჩვენი უდიდესი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა. 13 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 17 საათზე სვეტიცხოველში დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო საზეიმო წირვა კვირას, 14 ოქტომბერს, დილის 10 საათზე. ცოტა გვიან ვიწყებთ იმიტომ, რომ ხალხმა სოფლებიდან ჩამოსვლა უნდა მოასწროს.
ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41, 2001 წ.