სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი დავით წინასწარმეტყველის ბაგით ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. მართლაც, საოცრებაა, როცა უფალი აღამაღლებს რჩეულს ერისაგან თვისისა. ერი უსათუოდ უნდა იყოს ღვთისა, რომ უფალმან აღამაღლოს რჩეული ერისვე გადასარჩენად და საკეთილდღეოდ. ამასთან, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ღვთის რჩეული უნდა იყოს ღირსი იმ დიდი მადლის მიღებისა, როელსაც უფალი უბოძებს. მინდა გაგახსენოთ ღვთისაგან გამორჩეული სამი მეფის ცხოვრება:
საული - პირველი მეფე ისრაელისა, რჩეული, ახოვანი, ბრწყინვალე, გამოირჩეოდა თავისი გმირობითა და გარეგნობით. წინასწარმეტყველმა იგი მეფედ აკურთხა, მაგრამ დადგა დრო, როცა სულიწმიდამ დატოვა, რადგან ყველა სიკეთეს საკუთარ დამსახურებად მიიჩნევდა. თქვენ გახსოვთ ბიბლიიდან, რომ ეშმაკი ძალიან ხშირად ეუფლებოდა მას, აწავლებდა. სწორედ ასეთ დროს მოხდა საულის და დავით წინასწარმეტყველის დაახლოება. დავით წინასწარმეტყველი სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკი იყო, წერდა ფსალმუნებს და თვითონვე გალობდა მათ თავის საკრავზე - ქნარზე. ბიბლიაში ნათქვამია, როცა მეფე საული ბოროტი სულისაგან იტანჯებოდა, იწვევდნენ დავითს, რომელიც გალობდა ფსალმუნებს. ამის შემდეგ ბოროტი სული ტოვებდა საულს და სიმშვიდე ეუფლებოდა მას.
მეორე მეფე - წმიდა დავით მეფე წინასწარმეტყველი, საოცარი პიროვნება გახლდათ. საოცარი იმით, რომ იგი მუდამ გრძნობდა თავის ცოდვებს. მას ჰქონდა „განცდაი თვისთა ცოდვათა“. ეფრემ ასური ბრძანებს: მომანიჭე მე უფალო, „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. თქვენ გახსოვთ 50-ე ფსალმუნი, როგორ ინანიებს იგი თავის ცოდვებს: „გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. და მოხდა საოცრება: „უფალმან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა“. უბრალო მწყემსი დავითი გახდა მეფე ისრაელისა და სიკვდილამდე აღიარებდა თავის ცოდვებს უფლის წინაშე.
მესამე დიდი მეფე, ვის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, გახლავთ წმ. მეფე დავით აღმაშენებელი. იგი საოცარი პიროვნებაა საქართველოს ისტორიაში. როდესაც მას სამეფო გვირგვინი დაადგეს, ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, 16 წლისა. მან იგრძნო ტვირთის მთელი სიმძიმე, რომელიც დააწვა და მხოლოდ ღვთის იმედი ჰქონდა. როცა დავით აღმაშენებლის ცხოვრებას ვკითხულობთ, ძალიან ხშირად ისმის კითხვა: რამ მისცა მას ამდენი სიბრძნე, ამდენი სიკეთე, ამდენი თავმდაბლობა? ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დავით მეფე აღმაშენებელი ეკლესიის წიაღში გაიზარდა. მადლი, რომელიც ეკლესიაში ტრიალებს, უხვად დააბერტყა უფალმან მას. ის იყო სასულიერო პირების მიერ აღზრდილი და რაღაც საოცარი თვისება გამოიჩინა. განაბრწყინა საქართველო, დაიბრუნა თბილისი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მტრის ხელში იყო და განადიდა ქვეყანა ზღვიდან ზღვამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ამავე დროს, მან შეინარჩუნა დიდი რწმენა და უდიდესი თავმდაბლობა, რასაც თან ახლდა „განცდაი თვისთა ცოდვათა“. ბიბლიაში წერია: ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს. დავით აღმაშენებელს უხვად მიენიჭა მადლი „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“, სწორედ ამას აკეთებს მადლი ღვთისა: უძლურთა ჰკურნავს და ნაკლს აღავსებს. ასე წერია საეკლესიო ლოცვებშიც. მსოფლიოში არ ყოფილა ისეთი მეფე, ადამიანიც კი, რომ ეთქვას: „გულზე დამადგით ფეხი ყოველმან“. ეს მხოლოდ დავით აღმაშენებელს შეეძლო ეთქვა. მისი „გალობანი სინანულისანი“ უდიდეს სულიერ სამყაროს გამოხატავს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან: რა ცოდვა ჰქონდა მეფე დავითს, ასე რომ ინანიებს? საოცარი ის არის, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლდება სულიერად, მით უფრო განიცდის ცოდვებს. წმიდა მეფე განსაკუთრებულად განიცდიდა საკუთარ ცოდვებს და მას ღვთის წინაშე აღიარებდა; ის გრძნობდა, რომ იყო მამა და პატრონი ერისა და მთელი ერის სახელით აღიარებდა ცოდვებს ღვთის წინაშე. ამიტომაც, „უფალმან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა“.
გილოცავთ ამ დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს. დღეს განსაკუთრებული დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს შენობა უწმინდესისა და უნეტარესის კირიონის მიერ იქნა ნაკურთხი წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა ის უპირველესი უმაღლესი სასწავლებელი, რომელმაც ქართველ ერთად ერთად გამოიარა მრავალი ქარცეცხლი, მაგრამ ღირსეულად გაუძლო. ამ სასწავლებლიდან გამოვიდა მრავალი დიდი მეცნიერი და სასულიერო პირი: უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახლდათ. ძალიან ძნელია ჩამოვთვალო ყველა ის სასულიერო პირი, რომელთაც ეს უპირველესი უმაღლესი სასწავლებელი აქვთ დამთავრებული.
მინდა ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, წმინდა სინოდის სახელით მადლობა მოვახსენო უნივერსიტეტის ამჟამინდელ რექტორს, ბატონ როინ მეტრეველს ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი ღვაწლისა და დამსახურებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ბატონი როინი უკვე მრავალი წელია უნივერსიტეტის წინამძღოლია და ბევრი, ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. რამდენიმე წლის წინ, როცა უმძიმეს მდგომარეობაში იყო საქართველო, როცა მძვირვარებდა სამოქალაქო ომი, და ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი სტუდენტები საშიშროების წინაშე დადგნენ, მოსთხოვეს რექტორს, რომ ქუჩებში გამოეყვანა სტუდენტები. ეს იმას ნიშნავდა, რომ მრავალი მათგანი დარჩებოდა კიდეც იქ, დაიღუპებოდა. ბატონმა როინმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და უარი განაცხადა ამ მოთხოვნაზე.
ბატონ როინს მრავალი სამეცნიერო შრომა აქვს დაწერილი. ერთ-ერთი მათგანი არის „დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოქალაქეობა“. განასკუთრებით მინდა აღვნიშნო წიგნი - „ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს მეფეთა“ და ახლახანს გამოსული ნაშრომი - „ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა“. ეს წიგნი დიდი საჩუქარია ქართველი ერისათვის. ყველაფრისათვის მადლობას გიძღვნით ბატონო როინ და მინდა, გამორჩეული ღვაწლის გამო, საქართველოს ეკლესიის სახელით ოქროს ჯვრით დაგაჯილდოვოთ.
დღევანდელ დღეს ზეიმობს გელათის მეცნიერებათა აკადემია. ბატონმა თამაზ ბერენაშვილმა დააარსა დავით აღმაშენებლის პრემია, რომელიც გადაეცემა ქალბატონ დამანა მელიქიშვილს. ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო დამანა.
დღეს ჩვენ ასევე გვინდა დავლოცოთ თბილისის 144-ე საშუალო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალბატონი მანანა კიკაჩეიშვილი. ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო მანანა და ღმერთმა დალოცოს 144-ე სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ნიშნად ჩვენი ლოცვა-კურთხევისა გადმოგცემთ მაცხოვრის ხატს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.