სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ბზობის დიდებულ დღესასწაულს. დღეს ნაკურთხი ბზა საქართველოს ყველა ოჯახში შევა. იგი არის სიმბოლო გამარჯვებისა და ძლევისა. რწმენით, სიყვარულით და სიმდაბლით გამორჩეულ ადამიანებს უფალი ანიჭებს მადლს, რაც ეხმარება მათ ბოროტის ძლევაში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ცხოვრება ბრძოლაა. თუ ადამიანს უფალი არ შეეწია, შეუძლებელია გამარჯვება.
როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე იერუსალიმში შედიოდა, მას მთელი ქალაქი სიხარულით ხვდებოდა - ზოგი ტანსაცმელს უფენდა ფერხთ, ზოგი ნედლი ხის ტოტებს. სახარებაში წერია, რომ ამ დროს უფალი ტიროდა, ტიროდა იმის გამო, რომ იცოდა, ხალხი, რომელიც დღეს მას ასე განადიდებდა და უგალობდა სიტყვებით: „ოსანა ძესა დავითისსა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“ - რამდენიმე დღის შემდეგ ხმამაღლა იტყოდა: „ჯუარს აცუ ეგე!“ აი, როგორი ცვალებადია ადამიანური ბუნება! როგორ შეიძლება დაკარგოს მან ჭეშმარიტების გაგების უნარი. ამ ნაკლოვანების გამო ადამიანი მარად უნდა სთხოვდეს უფალს, რომ მიანიჭოს გარჩევა კეთილისა და ბოროტისა, თეთრისა და შავისა, გარჩევა იმისა, სად არის გზა ჭეშმარიტი და სად დამღუპველი.
ერთმა თანამედროვე იაპონელმა პოეტმა დაწერა პატარა ლექსი. მისი ქართული თარგმანის აზრს მე ჩემი სიტყვებით გადმოგცემთ. დააკვირდით, როგორ ღრმა შინაარსს ატარებს იგი: მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად - თოვლი. ე.ი. ადამიანურმა გონებამ ვეღარ გაარჩია, სად იყო ყვავილი და სად - თოვლი, ანუ სად იყო კეთილი და სად ბოროტი. ამიტომ აუცილებელია, ადამიანს ჰქონდეს სიბრძნე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ საწყისი სიბრძნისა არის შიში ღვთისა. რა თქმა უნდა, ღვთის შიში არ გვექნება, თუ არ გვაქვს რწმენა, მაგრამ ნებისმიერი კი არა, რამედ ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური, რაზეც დაშენებულია სიყვარული. როგორც წმიდა მოციქული იაკობი ამბობს: „რწმენა საქმის გარეშე - მკვდარია“. ეს უნდა გვახსოვდეს. რწმენა უნდა გვაძლევდეს ძალას, რომ ვაკეთოთ სიკეთე, ვთესოთ სიყვარული და მასზე დავამკვიდროთ ჩვენი სულიერი სახლი.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს- ბზობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბზა არის სიმბოლო გამარჯვებისა. შევთხოვთ უფალს, გამარჯვება, ძლევა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული აჩუქოს საქართველოს.
უფალმა გაამთლიანოს და გააერთიანოს საქართველო და ქართველი ხალხი. უფალმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თვენ და სრულიად საქართველოს! ამინ.
ჩვენთან ერს ღმერთი!
დღეს ჩვენთან მობრძანდნენ სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობარის“ წარმომადგენლები. სკოლას ბატონი მამია გვილავა ხელმძღვანელობს და დაარსებულია ქალბატონების - ნათელა მაჭარაშვილის და რუსუდან გიორგაძის მიერ. ჯერ კიდევ წმიდა ილია მართლის დროს არსებობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის მიზანსაც ერის განსწავლა წარმოადგენდა. ჩვენი პირველი მიზანიც ეს უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ კითხულობენ წიგნს და სკოლებმა, ეკლესიამ, უმაღლესმა სასწავლებლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანთა ცხოვრების ყოველდღიური თანამგზავრი კვლავ წიგნი გახდეს. ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს მწიგნობარი. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ჩვენი პროფესორები პირველი რჩევა იყო, გვქონოდა პირადი ბიბლიოთეკა. დღესაც მაქვს ის წიგნები, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შევიძინე და სიამოვნებით ვკითხულობ მათ.
ღმერთმა დალოცოს სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობარი“, მისი დირექტორი, მასწავლებლები, მოსწავლეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. მინდა საჩუქრად გადმოგცეთ წმიდა გიორგის ხატი, ჩვენი დალოცვა და გამარჯვების სიმბოლო - ბზა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2001 წ.