სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმიდასა დიდმოწამესა და ღირსსა დედასა ჩვენსა თებრონიას, რომელიც IV საუკუნეში, დიოკლიტიანეს დროს ცხოვრობდა და ეწამა. წმიდა თებრონია მოღვაწეობდა მონასტერში და აქვე მოწამეობრივად დაასრულა მიწიერი ცხოვრება.
ყველა საუკუნეს თავისი სახე აქვს. პირველი სამი საუკუნე გამოირჩევა ქრისტიანთა საშინელი დევნითა და წამებით. ასევე IV საუკუნეში, დიოკლიტიანეს მეფობის ხანაში, ათასობით ქრისტიანი ეწამა და მათ შორის ძლევაშემოსილი წმიდა გიორგი. შემდგომში სიტუაცია პერიოდულად თუმცა იცვლებოდა, მაგრამ ფაქტია, სანამ იარსებებს დედამიწა, მანამ ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის არ დამთავრდება. ამასთან, ხშირად ბოროტება სიკეთის ნიღბით მოქმედებს და ამ სახით ებრძვის სიკეთეს, თანაც ქადაგებს, რომ ამას სიკეთისათვის იქმს. მაგალითად, დიოკლიტიანეც ამბობდა, თითქოს მას სიკეთე უნდოდა რომის იმპერიისათვის და ამიტომაც ხოცავდა გამეტებით ქრისტიანებს. მერე კი, როცა დაიღალა ადამიანთა საშინელი ტანჯვა-წამებისაგან, ტახტიდან გადაგა, წავიდა თავის სოფელში და იქ ცხოვრობდა, როგორც უბრალო გლეხი. მან თავისი იმპერია რამდენიმე ნაწილად გაჰყო და მხედართმთავრებს დაურიგა. ერთხელ ეს მხედართმთავრები დიოკლიტიანესთან მივიდნენ და უთხრეს: „მეფეო, დაბრუნდი და კვლავ იმეფე, გაამთლიანე ჩვენი იმპერია“. დიოკლიტიანემ მიუგო: „თქვენ რომ იცოდეთ, როგორ კომბოსტო მოვიყვანე, არ მეტყოდით ტახტს დაუბრუნდიო“, ე.ი. მას უკვე არაფრად მიაჩნდა ამქვეყნიური დიდება, ის ამაოება, რომელშიც იგი წლების განმავლობაში იმყოფებოდა.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად ვეძებთ ამქვეყნიურ დიდებას, მაგრამ სინმდვილეში იგი არის „ამაოება ამაობათა“, - როგორც ბრძენმა სოლომონმა ბრძანა: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს, ყოველი წარმავალ არს“. ამიტომ ამბობს დიდი რუსთაველი: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია“. რადგან რასაც გასცემ, ის გაგყვება ამ წუთისოფლიდან ად ანთებული სანთელივით გაგინათებს იმქვეყნიურ გზას.
ჩვენ გამოვიარეთ მეტად მძიმე და რთული ათეისტური პერიოდი, როცა იდევნებოდა სარწმუნოება, ნადგურდებოდა ეკლესია-მონასტრები, და მრავალი სასულიერო პირი იქნა რეპრესირებული. იმ დროს ურწმუნოება სახელმწიფო ცხოვრების წესად მიიჩენოდა და ეკლესიის დევნა ქვეყნის იდეოლოგიას წარმოადგენდა. დღეს, მადლობა ღმერთს, კვლავ ვუბრუნდებით ჩვენს სარწმუნოებას და უნდა გვახსოვდეს, რომ საუკუნეთა მანძილზე სწორედ მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც მხოლოდ მასშია ჩვენი ხსნა. ამიტომაც, აუცილებელია გავხდეთ ეკლესიის წევრნი, ვიცხოვროთ ეკლესიურად და ვიყოთ ქრისტიანები არა მარტო სახელით, არამედ ჩვენი ცხოვრების წესით.
დღეს ბოროტი მთელი ძალით იბრძვის, რომ სხვადასხვა საშუალებებით სწორ გზას ააცდინოს ქართველი ადამიანი. დასავლეთიდან შემოჭრილი სექტები - იეღოველთა, ორმოცდაათიანელთა, ხსნის არმიის და სხვათა, მზაკვრულად იყენებენ ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობას და ცდილობენ გასაჭირში მყოფი ადამიანები თავიანთი „დახმარებით“ ჭეშმარიტებას განაშორონ. ღირსეულმა ადამიანმა თავისი სული, თავისი რწმენა, მეობა არ უნდა გაყიდოს ფულზე, არ უნდა უღალატოს ჭეშმარიტებას, ღმერთს, თავის ეკლესიას, სამშობლოს, იმიტომ, რომ თუ სული დაიკარგება - ყოველივე „ამაო არს“.
მოხარულნი ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად წირვაში მონაწილეობას ღებულობდნენ კვიპროსის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები. თქვენ იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ მათთან ვიმყოფებოდით. კვიპროსის უძველესი ავტოკეფალური ეკლესია დაარსებულია - პავლე და ბარნაბა მოციქულების მიერ. კვიპროსზე მრავალი სიწმიდეა დაცული და ჩვენ გვქონდა ბედნიერება თაყვანი გვეცა მათთვის. თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ იქ არის ღალიის უძველესი ქართული მონასტერი, სადაც ჩვენი თანამემამულენი მოღვაწეობდნენ. ჩვენ მათი სულების საოხად პანაშვიდი გადავიხადეთ და მოვიხსენეთ იქ აღსრულებული ბერები. კვიპროსსაც ჰქონდა ტაძრები და მიწები საქართველოში და თავის მხრივ, ჩვენი კვიპროსელი სტუმრები დაინტერესებულნი არიან იმ ადგილებით, რომლებიც კიკოს და კვიპროსის სხვა მონასტრებს აქ აკუთვნოდათ.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და კვიპროსი. ღმერთმა გაამთლიანოს ორივე ქვეყანა, რადგან როგორც საქართველოში, ასევე კვიპროსზეც დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. კვიპროსი შუაზეა გაყოფილი და ჩვენ იმედი გვაქვს ღვთის დიდი წყალობის, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დრო, როცა კვიპროსიცა და საქართველოც გამთლიანდება, როცა ჩვენ, ერთითა პირითა და ერთითა გულითა განვადიდებთ მამას, ძეს და წმიდასა სულსა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სტუმრები. ღმერთმა დაგლოცოთ თვენ და ბედნიერი პეტრე-პავლობა გაგითენოთ.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს არის ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაული - სვეტიცხოვლობა - 12 მოციქულის ხსენების დღე. თქვენ იცით, რო სვეტიცხოვლის ეს მშვენიერი და დიდებული ტაძარი სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ხუთშაბათს, საღამოს 7 საათზე სვეტიცხოველში დაიწყება საზეიმო ლოცვა. მთელი ღამე ტაძარი ღია იქნება. ლოცვაზე შემოგვიერთდება წმიდა ნინოს გზაზე მყოფი მლოცველთა ჯგუფი, რომლებიც უვკე თვენახევარია ამ გზაზე მოღვაწეობენ. სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა პარასკევს, დილის 10 საათზე დაიწყება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2001 წ.