სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და სულიერად აღამაღლოს სრულიად საქართველო!
დღეს, როგორც სახარებიდან მოისმინეთ, არის უძღები შვილის კვირა. უძღები შვილი გაიქცა ოჯახიდან, მამისეული სახლიდან და გადაწყვიტა ბედნიერება დამოუკიდებლად, საკუთარი შესაძლებლობებით ეძებნა. ამ მცდელობას ის შედეგი მოჰყვა, რომ მთელი თავისი ქონება განაბნია და ისეთ სიღატაკეში ჩავარდა, რომ ღორების საჭმელიც კი ენატრებოდა. მალე მას სინანულის გრძნობა დაეუფლა, მამას დაუბრუნდა და შესთხოვა: „მე არა ვარ ღირსი, რომ მიმიღო, როგორც შვილი, არამედ მიმიღე მე, როგორც ერთ-ერთი შენი მსახურთაგანი“. მამამ ის სიყვარულით მიიღო და კვლავ შვილობის ღირსება დაუბრუნა. ეს უფლის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი იგავია და საკმაოდ ღრმა აზრს ატარებს. ვფიქრობ, იგი ყოველ ჩვენთაგანს შეეხება. არის ხოლმე დრო, როცა ადამიანი უფალს შორდება, მაგრამ მერე ღვთის მადლით, კვლავ სინანულის გრძნობა უბრუნდება, რაც, რა თქმა უნდა, ღვთის უდიდესი წყალობის შედეგია.
ეს იგავი ასევე არის დიდი წინასწარმეტყველება კაცობრიობის მომავლის შესახებ, რითაც უფალმა განგვიცხადა, რომ დადგება ჟამი, როცა კაცობრიობის ნაწილი განუდგება ღმერთს, წავა ღვთისაგან, ეკლესიიდან, მაგრამ ისეთ სიღატაკეში, იმგვარ სიცარიელეში ჩავარდება, რომ საოცარი სინანულის გრძნობა გაუჩნდება და კვლავ მამა ზეციერთან დაბრუნდება.
დღეს ჩვენ მოწმენი ვართ საქართველოს სულიერი გაბრწყინებისა. იყო ჟამი, როცა ყოველდღე დღვის საწინააღმდეგო იდეებს გვიქადაგებდნენ და მიუხედავად ამისა, უფალმა მოიღო მოწყალება, გარდამოავლინა სულიწმიდის მადლი, მკურნალი სულისა და ხორცისა და ნაკლოვანების აღმავსებელი და ჩვენი ხალხი კვლავ თავის წიაღში დააბრუნა. გილოცავთ ამ სულიერ გაბრწყინებას.
მე მომსწრე ვარ იმ დროისა, როცა კვირა დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში სულ 10-15 ადამიანი ლოცულობდა. საქართველოს მტერი უვკე ზეიმობდა და ფიქრობდა, რომ თუ ქართველი ერის სარწმუნოება დაეცემოდა, ხალხი დაიღუპებოდა. მადლობა ღმერთს, რადგან მან გვიხსნა ამ განსაცდელისაგან. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი უძღები შვილი დაუბრუნდეს მამა ზეციერს. ღმერთმა ინებოს, იყოს ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენი მწყემსი! ამინ.
დღეს ჩვენთან, სიონის ტაძარში დასალოცად მობრძანდნენ მეცნიერები იზოტოპების ინსტიტუტიდან. ძალიან გვიხარია, რომ უკვე ათეული წლების მანძილზე კარგი და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენ მეცნიერებთან. ორი დიდი ძალა - რწმენა და ცოდნა გადაარჩენს საქართველოს. თქვენ გახსოვთ, როცა ჩვენმა დიდმა მეფემ წმიდა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემია დააარსა, მიზნად დაისახა, რომ იგი ყოფილიყო როგორც ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი. ათინა იმ დროს მეცნიერების დარგში უმაღლეს მწვერვალზე იდგა. დავით აღმაშენებლის სურვილი წარმოადგენდა, რომ საქართველოშიც შექმნილიყო მსგავსი უმაღლესი სამეცნიერო ცენტრი. მაგრამ, ამავე დროს, ბრძანა, რომ გელათის აკადემია გამხდარიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებით, დიდი რწმენითა და ღვაწლით.
დღეს აქ ბრძანდება იზოტოპების ინსტიტუტის დირექტორი ბატონი თამაზ აბზიანიძე, მისი მოადგილეები, ბატონები - გიორგი ესაძე, გიორგი სამხარაძე და ზაურ ალადაშვილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდა ზოგიერთი ჩვენი სასულიერო პირი: მამა თეიმურაზ ბერიშვილი, მამა აკაკი მეგრელიშვილი და მამა ზაქარია ძინძიბაძე. მინდა გითხრათ, რომ იზოტოპების ინსტიტუტს ძალიან დიდი როლი ენიჭება როგორც თავდაცვის, ასევე მეცნიერებისა და მედიცინის განვითარების საქმეში. აქ იმდენად მაღალ დონეზეა სამეცნიერო კვლევის დონე, რომ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ნაშრომებით სარგებლობს უცხოეთის მრავალი სამეცნიერო ცენტრი. ჩვენ ვლოცავთ იზოტოპების ინსტიტუტს, მის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს და, უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებთ მათ მტკიცე მართლმადიდებელ რწმენას. ხშირად ესა თუ ის მეცნიერი ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ნებისმიერი რწმენის აღმსარებელი. ეს არ არის სწორი შეხედულება. რწმენა აუცილებელია, მაგრამ ჭეშმარიტი, რადგან რწმენა არსებობს ბოროტიც და მას თავისი მიმდევრები ჰყავს. ღმერთმა გვიხსნას ამ ცოდვისაგან.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.