სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ადამიანი განუწყვეტლივ ეძებს სასწაულს, მაგრამ ავიწყდება, რომ ყველაზე დიდი სასწაული თავად არის. ის საოცრება, რომელიც ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ საწყისში, მის ბუნებაში დევს, - სრულიად ამოუხსნელია ჩვენი გონებისათვის. ადამიანი ამქვეყნად მოდის იმისათვის, რომ გახდეს მკვიდრი სასუფევლისა, რადგან იგი ღვთის ქმნილებაა და ბედნიერების, ნეტარებისთვისაა შექმნილი. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ჩვენს დანიშნულებას, ჩვენს საბოლოო მიზანს - ვინ ვართ, რას ვაკეთებთ ან საით მივდივართ! ძალიან ხშირად ჩვენი ზრახვები, ჩვენი ფიქრები, მხოლოდ მიწიერ საზრუნავს, მიწიერ საქმიანობას უკავშირდება. უფალი ამბობს: „სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გულიც შენი“. მადლობა ღმერთს, ამ ბოლო დროს ქართველმა ხალხმა იგრძნო, რა არის მთავარი, მარადიული ფასეულობა. შეიცნო, რომ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გვქონდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, რომელთაც ადამიანის სასუფეველში მიჰყავს.
დღეს ჩვენ ვლოცავთ ცხოვრებაძეების გვრს. ეს ისტორიული გვარია. ისინი გამოირჩევიან მოწყალებით, ქველმოქმედებითა და ეროვნული მოღვაწეობით. დღეს სიონის საკათედრო ტაძარში ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი მოვიდა, რათა ლოცვა-კურთხევა მიიღონ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ტაძარში მხოლოდ დასალოცად მისვლა საკმარისი არ არის. უნდა გახდეთ ეკლესიურნი, ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას დაესწროთ, მოძღვარს თქვენი სახლები აკურთხებინოთ. სახლის კურთხევა აუცილებელია, რადგან საცხოვრებელ ბინაში ძალიან ხშირად ისადგურებს ბოროტი. ადამიანს მუდამ თან სდევს ორი ძალა: კეთილი ანგელოზი და ბოროტი სული. ოჯახში ხშირად შემდის კეთილი ადამიანიც და ბოროტიც. შესაბამისად, მათ მოჰყვებათ კეთილი ან ბოროტი სული. აი, ამიტომ, ყოველ წელიწადს უნდა ხდებოდეს სახლის კურთხევა. ძველ დროს, წმიდა ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის მოღვაწეობის ჟამს, III-IV-V საუკუნეებში ბინებს ყოველთვიურად აკურთხებდნენ. ბინის კურთხევა საჭიროა, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, იაროთ მოძღვართან, თქვათ აღსარება, მიიღოთ წმიდა ზიარება - ყოველივე ეს გაგაძლიერებთ და, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას მოგანიჭებთ.
როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება. რაც შეეხება ბოროტი საქმის ჩამდენს, იგი საცოდავია არა მარტო იმიტომ, რომ პასუხი უნდა აგოს საკუთარი ქმედებისათვის, არამედ იმიტომაც, რომ მოეკითხება მის შთამომავალს. ეს უნდა გვახსოვდეს, ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ ყველანი მუდამ ღვთის წინაშე ვდგავართ, უფალი ყოველ ჩვენს ნაბიჯს ხედავს და ყოველ ჩვენს აზრს კითხულობს. ბიბლიაში წერია, ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულსა კაცისასა. ამიტომაც ითხოვდა დავით წინასწარმეტყველი: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ცხოვრებაძეების გვარი, ღმერთმა გაგაძლიეროთ სულიერად, ფიზიკურად, ღმერთმა გაგამრავლოთ და მოგცეთ ძალა, რათა მრავალი სიკეთე აკეთოთ. როგორც ვიცი, თქვენი სალოცავი წმიდა გიორგია. ალბათ, გაქვთ სალოცავი ტაძარი და მას აუცილებლად უნდა მოუაროთ. თუ არა გაქვთ, მაშინ აუცილებლად ააშენეთ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით და ისინიც, ვინც მოსვლა ვერ შეძლო.
დღეს აგრეთვე ვლოცავთ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის II გიმნაზიას. მისი დირექტორი გახლავთ ქალბატონი ლალი მწარიაშვილი. შევთხოვ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ამ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველო! ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №46, 2001 წ.