სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღვთის მადლით, უკვე განვლო მარხვის ორმა კვირამ. თქვენ იცით, რომ დიდი მარხვა განსაკუთრებულობით გამოირჩევა. ეს არის პერიოდი სულიერი განწმენდისა, სინანულისა, სულიერი ფერისცვალებისა და ამაღლებისა. ამავე დროს, ეს არის გზა - აღდგომისაკენ.
ჩვენ - ქართველები, ნაკლებად ვაფასებთ დროს. ძველი რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. ბედნიერია ადამიანი, რომელიც სასიკეთოდ იცვლება, ვინც დღე ყოველ ზრუნავს, რათა სულიერად განიწმიდოს და მოემზადოს მარადიული ცხოვრებისათვის. სწორედ ამაში მდგომარეობს დიდი მარხვის არსიც.
დღეს ჩვენთან, სიონის საკათედრო ტაძარში მობრძანდნე თბილისის 189-ე საშუალო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლის დირექტორი, ბატონი თამაზ დემეტრაშვილი. ყველას გილოცავთ და გისურვებთ სულიერ ამაღლებასა და ფერისცვალებას. მინდა შევახსენო მასწალებლებს, რომ ბავშვებს, უპირველესად, სითბო და სიყვარული სჭირდებათ. ნამდვილი და ჭეშმარიტი პედაგორი არის ის, ვინც აღსაზრდელებს პირველ რიგში ამ გრძნობით გაათბობს. თუკი მასწავლებელიც თავის მხრივ ბავშვების სიყვარულს მოიპოვებს, იმ საგანს, რომელსაც იგი ასწავლის, მოსწავლეები უფრო მეტი მონდომებით დაეუფლებიან და შეიყვარებენ.
მე სხვა სკოლების მასწავლებლებსაც ვთხოვე და თქვენც მოგმართავთ - ბავშვებს ორიანი არასოდეს დაუწეროთ. თუ ასე მოიქცევით, დარწმუნებული ვარ, ისინი უკეთ ისწავლიან.
მინდა ასევე მოგმართოთ ყველას, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, რომ დღეისათვის მხოლოდ სასკოლო პროგრამის კარგად ცოდნა საკმაირისი არ არის. მასწავლებელიც და მოსწავლეებიც ყოველდღიურად უნდა კითხულობდნენ და ეცნობოდნენ დამატებით ლიტერატურას, იფართოებდნენ აზროვნებას, ცოდნის დიაპაზონს. ჩვენ ისეთ დროს გვიხდება ცხოვრება, როდესაც ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ, უამრავ რამეში ვერკვეოდეთ.
აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ადამიანის სული უკვდავია, ხოლო ეს ცხოვრება - წუთისოფელი; ასევე აუცილებელია შემეცნება იმისა, რომ ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ იწყება სხვა, დაუსრულებელი ცხოვრება. ყოველი ადამიანი - ბავშვი, მოზარდი თუ ზრდასრული, უნდა ემზადებოდეს იმ მარადიული და ჭეშმატირად დიდი ცხოვრებისათვის.
რა არის ფილოსოფია? იგი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ასე განიმარტება: „ფილეო“ - მიყვარს, „სოფია“ - სიბრძნე, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს - მიყვარს სიბრძნე, ე.ი. ფილოსოფია გაიგება, როგორც სიბრძნის სიყვარული. ბრძენნი ამბობენ, რომ ნამდვილი ფილოსოფია არის სიკვდილისათვის მზადება, ხოლო ნამდვილი ფილოსოფოსი კი ის - ვინც სიკვდილისათვის ემზადება.
ყოველდღე ვხედავთ, თუ როგორ მიდიან ამქვეყნიდან ჩვენი ნაცნობები, ახლობლები, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. მართალია, არ ვიცით პირადად ჩვენთვის როდის დადგება ამქვეყნიდან გასვლის ჟამი, მაგრამ ვიცით რომ ეს გარდაუვალია. ამიტომაც, მუდამ უნდა ვემზადებოდეთ მომავალი ცხოვრებისათვის, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის მადლი ჭვრეტს ჩვენს ყოველ ქმედებას, ჩვენს გონებას, ჩვენს გულს. ბიბლიაში წერია: ადამიანი ხედავს ადამიანის სახეს, ღმერთ კი - ადამიანის გულს და იგი უნდა იყოს სუფთა, თუ გსურს იგი იქცეს ტაძრად სულისა წმიდისა, ტაძრად ღვთისა!
ღმერთმა დალოცოს 189-ე საშუალო სკოლა, მასწავლებლები და მოსწავლეები. ყოველ თქვენთაგანს ვუსურვებ დიდ წარმატებებსა და სულიერ ამაღლებას.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.
ღმერთმა მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.