სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ წმიდა ზიარების მიღებას. დღეს განსაკუთრებულად წმიდა დღეა. ეს არის ის საიდუმლოებით მოცული დღე, როცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ თავისი წმიდა მოწაფენი აზიარა და დაბანა მათ ფერხნი, რითაც უჩვენა, რომ სიმდაბლე, ანუ თავმდაბლობა არის ერთადერთი გზა ცხონებისა. უფალი ბრძანებს: ვისაც გნებავთ, რომ იყოთ დიდი, იყავით ყოველთა წინაშე მონა. და აი, დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსნი გაგვხადა წმიდა ზიარებისა.
მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ყველაზე სათნო ლოცვა წინაშე ღვთისა მადლობის ლოცვაა. როცა უფალმა თავისი მოწაფენი აზიარა, და მათ შორის იუდა ისკარიოტელიც, წმიდა მამები ამბობენ, იუდა ისკარიოტელს წმიდა ზიარების მიღების შემდეგ უფლისათვის მადლობა რომ ეთქვა, აღარ გახდებოდა გამცემი, რადგან ეშმაკი გამოვიდოდა მისგან. და აი, ამიტომ ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.
ახლა ჩვენ ყველანი ერთად მოვისმენთ სამადლობელ ლოცვებს ზიარების შემდეგ.
დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო, დიდება შენდა ღმერთო!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! სულისა და ხორცის საკურნებელი იყოს თქვენთვის ეს წმიდა ზიარება.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16, 2001 წ.