სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ახლა კი ნამდვილად ახალი წელია, ახალი საუკუნე, ახალი ათასწლეული. ამჯერად უკვე ვეღარავინ იტყვის, რომ ახალი წელი არ მოსულა. როგორც ახალი, ისე ძველი სტილით იგი უკვე დადგა. გილოცავთ მის შემობრძანებას. ამ დროს ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებენ. თუმცა, ძალიან ხშირად არ გვესმის რაშია იგი. ხშირად ვფიქრობთ, რომ ბედნიერება მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაშია. მაგრამ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, სულიერ საუნჯეზე უნდა ფიქრობდეს. რადგან თუ მას სულიერი საუნჯე გააჩნია, მიწიერიც აუცილებლად ექნება. ოღონდ, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი კეთილდღეობა, იქნება ეს სულიერი თუ მატერიალური, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა ავაშენოთ.
დედამიწაზე მრავალი რელიგია არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. თქვენ იცით, რომ მართლმადიდებლობა - ეს არის განუყოფელი და ერთიანი ეკლესიის სარწმუნოება. როცა არ იყო არავითარი გაყოფა, არ იყო არც კათოლიკური, არც პროტესტანტული და არც სხვა მიმდინარეობები, იყო ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. კათოლიკე - კათოლიკურს არ გულისხმობს. იგი ნიშნავს მსოფლიოს, საყოველთაოს, აქედან მომდინარეობს სიტყვა კათოლიკოსი, ანუ საყოველთაო. აი, ამ ერთიანი ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს ინახავს მართლმადიდებლობა. ამიტომაა ასეთი დიდი სწრაფვა მისკენ, ამიტომაა, რომ ევროპაში, ამერიკაში მთელი რიგირ მართლმადიდებლური ეპარქიები იხსნება და მრავალი ადამიანი, რომელიც ადრე კათოლიკე, პროტესტანტი, ანგლიკანი ან სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევარი იყო, ხდება მართლმადიდებელი. ისინი იწყებენ ჭეშმარიტების ძიებით; ეძიებენ მას აღმოსავლურ რელიგიებში და სხვაგან. მაგრამ საბოლოოდ მიდიან მართლმადიდებლობასთან იმიტომ, რომ აქ არის ჭეშმარიტება. ამიტომაც, ჩვენი სულიერი ცხოვრება ჩვენს რწმენაზე უნდა ავაშენოთ. ხომ შეუძლებელია ტაძარი აშენდეს და საფუძველი არ დაედოს მას, სახლი აშენდეს და საძირკველი არ ჰქონდეს. უსაფუძვლოდ ყოველივე იშლება. ყოველმა ადამიანმა საფუძვლის დადებით უნდა დაიწყოს სულიერი ცხოვრება.
წმიდა მოციქული იაკობი ამობს, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია - ამიტომ, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისათვის საჭიროა სიყვარული, სიყვარული ღვთისა და ადამიანისა. სიყვარული კი კეთილი საქმის კეთებაში უნდა ვლინდებოდეს. შეუძლებელია ადამიანი იყოს მორწმუნე და სიკეთეს არ თესდეს. თქვენ შეიძლება საპირისპირო თქვათ - დღეს თითქმის ყველას უჭირს და სიკეთე როგორ ვაკეთოთო. ყველა ადამიანს შეუძლია სიკეთის ქმნა, მათხოვარსაც კი, ვისაც არაფერი გააჩნია. თუ რაიმის მიცემის საშუალება არ გაქვს, კეთილი სიტყვის თქმა ხომ შეგიძლია, ხომ შეგიძლია ანუგეშო ადამიანი, იმედი მისცე მას, ეს უკვე ქველმოქმედებაა.
ასევე აუცილებელია სასოება, ანუ იმედი ღვთისა. არ შეიძლება ადამიანი უიმედოდ იყოს, არ ჰქონდეს სასოება. ადამიანმა იმედი მხოლოდ სიმდიდრეზე არ უნდა დაამყაროს. სახარებიდან გემახსოვრებათ, რომ ერთმა მდიდარმა კაცმა, რომელსაც დიდი შემოსავალი ჰქონდა, დიდძალი სიმდიდრე დააგროვა და თავის თავს უთხრა: ახლა ჭამე, სვი და იხარეო! ამ დროს მას ღვთის ხმა ჩაესმა: „უგუნურო, ამაღამ შენს სულს წაიღებენ და სიმდიდრეს ვის უტოვებო?“ აი, ამიტომაა საჭირო იმედი ღვთისა, ადამიანისა და საკუთარი თავისა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ჰკარგავს თავის იმედს. ამბობს - მე უძულრი ვარ, არაფერი შემიძლია. გამოდის რომ უმოქმედოდ უნდა იჯდეს. ასეთთა შორის ზოგჯერ მორწმუნეებიც არიან.
მსოფლიოში დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ მეორედ მოსვლის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა არავინ იცის, როდის. მაგრამ ნიშნები ამისა უკვე არის. ჟამი ახლოსაა. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავსხდეთ, ველოდოთ მეორედ მოსვლას და არაფერი შევქმნათ. არ ვილოცოთ, არც საქმე ვაკეთოთ. აფხაზეთში რომ ვმსახურობდი, სოხუმში ერთი, ძალიან მორწმუნე ოჯახი ცხოვრობდა. მათ გაყიდეს სახლი და ელოდებოდნენ მეორედ მოსვლას. შემდეგ ღამის გასათევად დადიოდნენ ოჯახ-ოჯახ, ნაცნობებთან, ნათესავებთან; საბოლოოდ კი, ისევ მოაგროვეს ფული, ისევ იყიდეს ახალი სახლი. აი, ასეთია ადამიანი, ძალიან სუსტი. ღვთისაგან უდიდესი მადლი უნდა გქონდეს, რათა გაუძლო ამ ცხოვრებას. ცხოვრება, თქვენ იცით, გამოცდაა.
ახლა, როცა ჩვენ უკვე შევედით ახალ საუკუნეში, ახალ ათასწლეულში. უნდა გავიხსენოთ როგორ იყო პირველი და მეორე ათასწლეულები. პირველი ათასწლეული დაიწყო ქრისტეს შობით, მოციქულების ქადაგებით და დევნით. მრავალი ქრისტიანი ეწამა. მოხდა ეკლესიიის განმტკიცება. თქვენ იცით, რომ ჩვენთან იქადაგეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმეონ კანაკელმა. დიდი საოცრება მოხდა საქართველოში, აქ ჩამოტანილი იქნა კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. თქვენ გიფიქრიათ როდესმე იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს? იქნებ შემთხვევით იყო ყოველივე? როცა საქართველოდან ებრაელები იერუსალიმში მიდიოდნენ, ელიოზ მცხეთელს დედამ სთხოვა: „შვილო, ნუ მიიღებ მონაწილეობას იესო ქრისტეს განსჯაში, მისი ცოდვა არ უნდა იყოს ჩვენზე“. მართლაც, იესო ქრისტეს ჯვარცმისას ის განზე გადგა და ამ უდიდეს ცოდვაში მონაწილეობა არ მიიღო. ასე რომ, ებრაელების წყევლა: „სისხლი მისი ჩვენზე და ჩვენს შვილებზეო“, საქართველოში მცხოვრებ ებრაელებზე არ გადმოსულა. და როგორც ჯილდო, უფალმა მათ საკუთარი კვართი უბოძა, რომელიც საქართველოში ჩამოიტანეს. აი, ამგვარად მოხდა ყოველივე ეს. უფრო მეტიც, საქართველო გახდა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს ღვთის განგება იყო. იმ დღიდან, როცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ, მოციქულებთან ერთად წილი ჰყარა, თუ ვის სად უნდა ექადაგა. ნახა, რომ ივერია - საქართველო მისი წილხვედრია, ჩვენს ქვეყანას თავისი მფარველი კალთა გადააფარა. აი, ამგვარად დაიწყო პირველი ათასწლეული და პირველი საუკუნე. შემდეგ წმიდა ნინო შემობრძანდა და განმტკიცდა ქრისტიანობა, რასაც V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის დროს, ავტოკეფალიის მოპოვება და კათოლიკოსის არჩევა მოჰყვა და ასე, თანდათან მტკიცდებოდა საქართველო სულიერად, ფიზიკურად და ეკლესიურად. ახლა გავიხსენოთ მეორე ათასწლეულის სათავეები: ამ პერიოდში მოღვაწეობდა ბაგრატ III, რომელმაც გაამთლიანა საქართველო და ერთიანი საქართველოს მეფე გახდა. ეკლესიას განაგებდა უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I, რომელმაც ააშენა, უფრო სწორედ, განაახლა სვეტიცხოველი. როგორც იცით, სვეტიცხოვლის ტაძარს სათავე IV საუკუნეში დაედო. ამ დიდებულმა ადამიანებმა საქართველოს სულიერი და ფიზიკური აღორძინება დაიწყეს და მე ვფიქრობ, რომ ღვთის მადლითა და ღვთის წყალობით, საქართველოსთვის ეს საუკუნეც სულიერი და ფიზიკური აღორძინების პერიოდი იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისათვის საჭიროა საფუძველი - მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება და საქმე. უნდა მოხდეს სინერგია - ღვთის ლოცვა-კურთხევისა და ადამიანის ნებისყოფისა.
ადამიანმა აუცილებლად უნდა იპოვოს და გააკეთოს თავისი გასაკეთებელი საქმე. საჭიროა ძიება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ჰკარგავს იმედს და სასოწარკვეთილება ეუფლება, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ გამოვიარეთ საშინელი პერიოდი ტოტალიტარული რეჟიმისა, როცა ადამიანი დამონებული იყო და მანქანად ქცეული; ყველაფერს მთავრობისგან ელოდა - სამსახურს, ხელფასს... საქართველო მუდამ იყო მიწათმოქმედთა ქვეყანა. XX საუკუნეში კი ქართველმა კაცმა საერთოდ დაკარგა მიწასთან კავშირი და მისი სიყვარული. ჩვენ მიწას უნდა დავუბრუნდეთ, მის დამუშვებას. და თუ ეს მოხდა, ყველაფერი კარგად იქნება. მიწა ჩვენი მარჩენალია და ჩვენი სხეულიც ხომ მიწიდანაა? ასე რომ, იგი უნდა გვიყვარდეს.
მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ახალ საუკუნეს და ახალ ათასწლეულს და შევთხოვთ უფალს, რომ მშვიდობიანი ყოფილიყოს იგი.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი ქვეყანა!
ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო და ქართველი ხალხი!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.