ქრისტე აღსდგა!
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე! გილოცავთ თამარობის დიდებულ დღესასწაულს.
მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. წმიდა დედა თამარის სახით უფალმა აღამაღლა რჩეული ერისაგან ჩვენისა. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის.
თქვენ იცით, როცა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს გაუჭირდებოდა, უფალი წარმოაჩენდა ხოლმე თავის რჩეულს, რომელსაც ქვეყნის გაჭირვებიდან გამოყვანა შეეძლო. აი, ასეთი პიროვნება ბრძანდებოდა ჩვენი დიდი და კეთილმორწმუნე მეფე თამარი. რით გამოირჩეოდა იგი? დიდი რწმენით, დიდი სიყვარულით და, ამასთან ერთად, უდიდესი თავმდაბლობით. მან იცოდა, რომ მეფე ისეთივე ადამიანია, როგორც სხვა და გამორჩეული პატივისაგან იკავებდა ხოლმე თავს. როცა ჩვენს ქვეყანას მტერი შემოესეოდა, თამარ მეფეს ჯარი მონასტერში მიჰყავდა, წირვას ასწრებდა, აზიარებდა მათ, შემდეგ კი, ჯვრით ხელში, ფეხშიშველი, წინ მიუძღვოდა ლაშქარს ბრძოლის ველისაკენ, ომის წინ, დალოცავდა მათ, თვითონ კი პირდაპირ მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს მძიმე ღვაწლში ატარებდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა საქართველოს გამარჯვებისათვის. ასეთი ბრძანდებოდა დიდი მეფე თამარი.
თქვენ იცით, რომ თამარი მეფე გიორგის ერთადერთი ასული და საქართველოს ტახტის მემკვიდრე იყო. თამარის მეფედ კურთხევა მამამისის სიცოცხლეშივე მოხდა. ყველამ მუხლი მოიყარა მის წინაშე და მათ შორის მამამაც. ახლადხცებული მეფის პირველი ბრძანება ამგვარი გახლდათ: „გახსენით სამეფო საუნჯენი და დაურიგეთ გლახაკებს“.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება შეწევნა, ლოცვა და მაგალითი ჩვენი დიდი წინაპრისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. თქვენ უნდა გახსოვდეთ ეს ლოცვა, რადგან ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ადამიანებმა, ქვეყანამ, ერმა სიმშვიდე დაკარგა. რაჟამს სიმშვიდეს დაკარგავთ, გაიხსენეთ მეფე დავითის სიტყვები და სიმშვიდე და მადლი ღვთისა უმალ დაისადგურებს თქვენს გარშემო. ახლა ერთად გავიმეოროთ იგი 3-გზის: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“.
წმიდა თამარ მეფის მეოხებით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და სრულიად საქართველოში.
ჩვენთან არს ღმერთი!
მრავალ ამ დღესასწაულს დაგასწროთ მამაზეციერმა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2001 წ.