სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანის ცხოვრებაში გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. ეს არის წინააღმდეგობა არა მხოლოდ ადამიანთა, ქვეყანათა თუ სახელმწიფოთა შორის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დაპირისპირება თვით ადამიანში. საოცარია, ტყუპი ძმებივით ახლოს არიან ერთმანეთთან ბოროტება და სიკეთე. ამავე დროს, მათ შორის წინააღმდეგობაცაა. ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და აკეთებს კიდეც ამას. ძალიან ხშირად ჩვენ ცხოვრების იოლ გზას ვირჩევთ, რადგან იგი უფრო ფართოა. მაგრამ ეს არის გზა ბოროტებისა, გზა წარსაწყმედელისაკენ მიმავალი. არსებობს მეორე გზაც - გზა ბრძოლისა საკუთარ თავთან, ბრძოლა ბოროტებასთან, რომელიც სასუფეველში მიდის. ამ ჭიდილში ადამიანს დიდი ნებისყოფა სჭირდება. ძალიან ხშირად, ადამიანები ურიგდებიან ცოდვას და ამბობენ, რომ თითქოს იგი კაცთა მოდგმის თვისებაა, რომ ცოდავს თითქმის ყველა სჩადის და გამონაკლისს თავად რატომ უნდა წარმოადგენდეს? ეს არ არის მართებული და ღვთიური აზრი. შეიძლება ბევრი სცოდავს, მაგრამ აუცილებელი არ არის თავადაც იგივენაირად მოიქცე. მრავალი მიდის არასწორი გზით, თუმცა ყოველი ჩვენგანი უნდა ებრძოლოს საკუთარ თავს და სიკეთის გზა აირჩიოს. ხშირად ადამიანები სიკეთის ნიღაბს ამოფერბულნი სჩადიან ბოროტებას, თან მიაჩნიათ, რომ სიკეთეს აკეთებენ. ესეც ეშმაკის შთაგონებაა, მათ ასე ბოროტი სულები აჩვენებენ.
თქვენ კარგად იცით, რაც მოხდა ამერიკაში. ეს საგანგაშო და წარმოუდგენელი მოვლენაა! რამდენიმე ადამიანმა, რაღაც ჯგუფმა, მათ უკან კიდევ ვინ დგას, უფალმა უწყის, მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხის წინაშე დააყენა. საოცრად საშიშია ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ კაცობრიობას იმდენი იარაღი აქვს დაგროვილი, და მათ შორის ბირთვული, რომ შეიძლება მოსპოს არა მარტო ადამიანები და ცხოველები, არამედ საერთოდ სიცოცხლე დედამიწაზე და იგი მკვდარი პლანეტა გახადოს. აი, სადამდე მივიდა კაცობრიობა თავისი ურწმუნოებით. ნაცვლად იმისა, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი აღმოჩენები ქვეყანასა და ადამიანებს სასიკეთოდ მოახმარონ, ბოროტად იყენებენ მას, რადგან არ გააჩნიათ რწმენა, არ იციან რა არის ჭეშმარიტება, არა აქვთ მართალი სარწმუნოება. დღეს ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და დასასრული არ მოჩანს. ღმერთმა იცის, რით დამთავრდება ეს საშინელი კრიზისი.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში რა უნდა გააკეთოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა? - უპირველეს ყოვლისა, შენდობა შევთხოვოთ უფალს, ვილოცოთ, ერთობლივი წირვა-ლოცვა აღვავლინოთ. დღეს ჩვენი სამღვდელო პირები და მორწმუნენი ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში წავიდნენ, სადაც წირვას ჩაატარებენ. დღეს ასევე მრავალ სხვა ტაძარში სრულდება წირვა-ლოცვა. შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვინდოს ის სულიერი დაცემა, რაშიც იმყოფება კაცობრიობა, რათა ღმერთმა გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. მე ვფიქრობ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა დაიფარავს თავის წილხვედრ ქვეყანას - საქართველოს. ყოვლადწმიდა მარიამმა უკვე პირველი საუკუნიდან გადააფარა თავისი კალთა ჩვენს სამშობლოს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ცოდვა და დანსაშაული გვაქვს ჩადნილი, უფალი ელოდება ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს სინანულს, აღსარებას, ელოდება ჩვენი ხალხის ზიარებას. მრავალი ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, მაგრამ ეკლესიაში იშვიათად დადის და არ ეზიარება. განსაკუთრებით კი ჩვენი ინტელიგენცია. ისინი მაღალი სულიერების მაგალითი უნდა იყვნენ და ამ დროს, მრავალ მათგანს თავის სიცოცხლეში არც აღსარება უთვამს და არც ზიარებულა, თუმცა თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ. ამიტომ, სადაც კი მიგიწვდებათ ხმა, უპირველეს ყოვლისა, თქვენს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ყველას უნდა უთხრათ, აუცილებლად იარონ ეკლესიაში, თქვან აღსარება, მიიღონ წმიდა ზიარება. ამის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არცერთ ქვეყანაში არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდგზის დღესა შინა გაქებდე შენ უფალო“. სამწუაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღდგა. აქაც ჩანს ღვთის უდიდესი წყალობა. როგორც სასუფეველში შესასვლელი საშვი, ისე მოგვცა ჩვენ უფალმა დღეში შვიდგზის ლოცვა. იგი ყოველთვის თან უნდა ვატაროთ და ვიკითხოთ. ხშირად მეუბნებიან, რომ ზოგჯერ ისეთ გარემოში ვიმყოფებით, ლოცვების წაკითხვას ვერ ვახერხებთო. არაუშავს, თუ ამას თავის დროზე ვერ შეძლებთ, ცოტა მოგვიანებით გააკეთეთ, მაგრამ აუცილებლად, რათა ერს არ გამოაკლდეთ. მე სულ თან დამაქვს შვიდგზის ლოცვები და ვცდილობ, თავის დროზე წავიკითხო.
აუცილებლად უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ხანდახან იმასაც ამბობენ: „რაღად გვინდა რაიმე, თუკი ასეთი ტრაგედიის წინაშე ვდგავართ“ - ეს არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვიშრომოთ, საქმე ვაკეთოთ. დღეს ჩვენი ახალგაზრდები დასამებულები არ არიან. ამთავრებენ რაიმე სასწავლებელს და სამსახური არა აქვთ, ან უბრალოდ შრომა არ უნდათ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოსთან შეიქმნას სოფლის მეურნეობის კოლეჯი, სადაც მიღებულნი იქნებიან 30-წლამდე ასაკის საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები. ვისაც სწავლის სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ საბუთები საპატრიარქოს კანცელარიაში შემოიტანოთ. იქნება გამოცდები, გასაუბრება და ვინც ღირსეული აღმოჩნდება, კოლეჯში ჩაირიცხება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ქართველი კაცი მუდამ მშრომელი იყო და არსდროს უსაქმოდ არ ყოფილა. ბოლო ათეულმა წლებმა მოიტანა ის, რომ ადამიანმა შრომის უნარი დაკარგა, უფრო სწორად კი, სურივლი. ქართველი კაცი მუდამ მიწის მფლობელი და დამამუშავებელი იყო. მიწა და საერთოდ ბუნება, გარდა იმისა, რომ ასაზრდოებს ადამიანს, კურნავს კიდეც მას. სიახლოვე მცენარეებთან, მიწასთან, ყვავილებთან გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე და სტრესიდან გამოჰყავს იგი, უჩნდება სიცოცხლის წყურვილი, გონებაში მოსდის ახალი იდეები.
ჩვენი კოლეჯი ძალიან სერიოზული სასწავლებელი იქნება. თუკი სტუდენტი რამდენჯერმე უმიზეზოდ გააცდენს სასწავლებელს, იგი აუცილებლად გაირიცხება. იქ უნდა სწავლბოდეს მხოლოდ ის, ვინც საქმიანად შეუდგება სწავლის პროცესს. საქართველოს საპატრიარქოს აქვს მიწის დიდი ნაკვეთები. თქვენ იცით, რომ ძველ დროს მიწების ყველაზე დიდი მესაკუთრე სწორედ საპატრიარქო იყო. ახლა ალბათ თანდათან დაგვიბრუნებენ მას. ამჟამად კი, ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გვაქვს, სადაც შევძლებთ ის სპეციალისტები დავასაქმოთ, რომლებიც განათლებას ჩვენს კოლეჯში მიიღებენ. სწავლა ერთწლიანი იქნება, საიდანაც კარგი ფერმერები და სოფლის მეურნეობის საქმის მცოდნეები გამოვლენ. სასწავლებელი მრავალპროფილიანი იქნება, აქ შეისწავლიან: გამწვანებას, ეკოლოგიას, სამკურნალო მცენარეების გამრავლებას, მათ გამოყენებას და სხვა. ყოველივე ეს ძალიან სერიოზული საქმეა. აქ მხოლოდ ისინი ჩაირიცხებაინ, რომლებიც არც არსად სწავლობენ და არც მუშაობენ. სტუდენტი, რომელიც ჩვენთან ისწავლის, ვერ შეძლებს პარალელურად კიდევ სადმე ისწავლოს ან იმუშაოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთ საქმეს სათანადოდ ვერ გააკეთებს. ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ სტიპენდია, ასე რომ, პურის ფული ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა. შემდეგ კოლეჯი შეიძლება თანდათან გადაიქცეს უმაღლეს სასწავლებლად. ჯერ თავად ისწავლეთ, შემდეგ კი სხვა ასწავლეთ. ამ სასწავლებელში მარტო ფერმერობას კი არ ვასწავლით, არამედ ლოცვას, სახარების კითხვას, ეკლესიურ ცხოვრებას, სიკეთეს, სიყვარულს, ერთმანეთის პატიებას, რათა ადამიანები, ვინც არ შემოვლენ, უფრო ახლოს იყვნენ უფალთანაც და ეკლესიასთანაც. ვფიქრობ, სწორედ ეს ჭირდება საქართველოს. ეს იხსნის ჩვენს ერს. უფლისადმი ლოცვა, რწმენა და შრომა გადაარჩენს საქართველოს!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო! ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
დასასრულს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა თბილისის 89-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. სკოლი დირექტორი გახლავთ ბატონი ნუგზარ პატიაშვილი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38, 2001 წ.