სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს სამოციქულოს წინ წაკითხული იქნა წარდგომა: „იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ“. მართლაც, ჩვენ ვესავთ უფალს და ამიტომაც წყალობა უფლისა არის ჩვენ ზედა. წყალობა უფლისა კაცობრიობას არასდროს ტოვებს, მაშინაც კი, როცა თავად ადამიანი ტოვებს ღმერთს. გასულ კვირას და დღევანდელ დღეს არის ყოველთა წმიდათა, მსოფლიოში, საქართველოში, ათონის მთაზე და რუსეთში გაბრწყინებულთა ხსენება. ვინ არიან ეს წმიდანნი და საერთოდ, რა არის სიწმიდე? პასუხს ამ კითხვაზე ღირსი მამა ეფრემ ასური გვაძლევს: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. განცდა საკუთარი ცოდვებისა და განუკითხველობა პირველი და უმთავრესი საფუძველია სიწმიდისა. ამავე დროს, აუცილებელია ჭეშმარიტი სარწმუნოება, სრულქმნილი სიყვარული, თავმდაბლობა. აი, ამ სათნოებებით მოიპოვეს წმიდანებმა გვირგვინები.
ვინ ეკუთვნიან წმიდანთა დასს? - წინასწარმეტყველები, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, ღირსნი მამანი და მრავალი სხვა. ამგვარი დაყოფა, რა თქმა უნდა, წმიდანობის პირობითი წარმოდგენაა. საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ არაწმიდა ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ამიტომ, ყოველი ჩვენთაგანი მოწოდებულია იმისათვის, რომ იყოს წმიდანი, რაც მისაღწევია. სულიერი განწმედისათვის არსებობს აღსარება, რამეთუ, „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს.“ უცოდველი ადამიანი დედამიწაზე არ დაბადებულა. ამასთან, არსებობს სხვა გზები განწმედისა და სულიერი ამაღლებისა: ეკლესიური ცხოვრება, ნათლისღება, სიყვარული, სიკეთის თესვა და მრავალი სხვა, რისი საშუალებითაც უფლისაკენ მივემართებით. ზოგიერთი მოღვაწე უდაბნოში მიდიოდა და იქ იწმიდებოდა სულიერად. ასეთთა შორის იყვნენ ისეთი დიდი წმიდა მამები, როგორებიცაა: იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ანტონი დიდი, თეოდოსი დიდი და მრავალი სხვა. იყვნენ და ალბათ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ერში ცხოვრობენ და იქ ეწევიან წმიდა ცხოვრებას, ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს, იცავენ მცნებებს და ამ გზით სიწმიდეს მოიპოვებენ. უპირველესად კი, ღვთისაკენ მიმავალი გზა ჭეშმარიტად ეკლესიურია, რომლისაგან განდგომა დაღუპვა და სულის წარწყმედაა.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, ყოველთა მსოფლიოში გაბრწყინვებულთა, საქართველოში, ათონის მთაზე გაბრწყინვებულთა და ყოველთა წმიდათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
ღვთის მადლით, უკვე დაწყებულია პეტრე-პავლობის მარხვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მიიღოთ თევზი. სხვა დღეებში, თუ შესაძლებელია, თავი შეიკავეთ და ზეთიანი საჭმელი მიირთვით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2001 წ.