სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
მადლი და სიყვარული ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა სუფევდეს თქვენსა და საქართველოსა ზედა. წყალობითა ღვთისათა შენდება ტაძარი წმიდისა სამებისა. პირველი ხატი, რომელიც იქ უნდა შევიდეს, არის წმიდა სამება. ღვთის წყალობით, იგი უკვე შექმნილია, რაშიც მრავალმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სიონის მრევლმა, ყოველმა თქვენთგანმა. შემოწირული იქნა - ვერცხლი, ოქრო, სხვადასხვა ძვირფასი ქვები და ღვთის მადლი, ხატი უკვე თქვენს წინაშეა.
წმიდა სამება არის საწყისი და წყარო ჩვენისა ცხოვრებისა. ადამიანებს ძალიან ხშირად არ ესმით, თუ როგორ შეიძლება ღმერთი ერთი იყოს და, ამავე დროს, წმიდა სამება. როგორ შეიძლება ერთი იყოს სამი და სამი - ერთი? და აი, წმიდა მამებმა ასეთი შედარება გააკეთეს. წარმოვიდგინოთ მზე - მისი დისკო, სხივები და სითბო. მზის დისკო არის მამა ღმერთი, სხივები - ძე ღვთისა და ის სითბო, რომელიც მამისაგან გამოდის - სულიწმიდა. მთლიანობაში მზის დისკო, მზის სხივები და მისი სითბო, ეს არის მზე. აი, ამგვარად წარმოიდგინეს წმიდა მამებმა - წმიდა სამება, ერთარსი და განუყოფელი.
ხატის შექმნისას მრავალი სიმბოლიკა უნდა იქნას გათვალისწინებული. როცა დაიგეგმა, რომ უნდა დაწერილიყო ხატი წმიდა სამებისა, გადავწყვიტეთ, რომ იგი უნდა ჩაწერილიყო წრეში. თქვენ იცით, წრე არის ღვთის, სიყვარულის სიმბოლო. „ღმერთი სიყვარული არს“ - ამბობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი. წრეს არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. წმიდა სამების წრეში გამოსახვა მისი უსასრულობის მაუწყებელია. წრის გარეთ იმყოფებიან ექვსფრთიანი ცეცხლოვანი სერაფიმები. ჩვენ ვიცით, რომ უფალთან ყველაზე ახლოს ისინი იმყოფებიან და წმიდა სამებას ადიდებენ. სერაფიმთა ცეცხლი კი არა წვავს და სპობს, არამედ წმედს ყოველვიეს. ხატის კუთხეებში ცეცხლოვანი სერაფიმების გამოსახვა მოასწავებს მათ ყოვლადგანმწმედ ძალას.
ასევე მსურს იცოდეთ თვით შინაარსი გამოსახულებებისა, რომელშიც დიდი სიმბოლიკაა ჩაქსოვილი. სიტყვა სიმბოლო უძველესი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს - „გამთლიანებას, გაერთიანებას“. ძველ დროს, ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, როცა ორი მეგობარი ერთმანეთს შორდებოდა, აიღებდნენ ჯოხს, გადატეხდნენ მას, ერთი ნაწილი ერთს მიჰქონდა, მეორე ნაწილი - მეორეს. მერე კი, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ჯოხის ორ ბოლოს ისევ შეართებდნენ, ნიშნად მათი კვლავ ერთად შეყრისა. აი, ამ გამთლიანებას ეწოდებოდა სომბოლო. ჯოხის ნაცვლად ზოგჯერ იყენებდნენ ლითონს, თიხის ნატეხს და სხვა. როგორც აღვნიშნეთ, სამების ახლადშექმნილ ხატზე მრვალი სიმბოლოა გამოსახული. ეს ჩვენი გამოგონილი არ არის, იგი წმიდა მამებიდან მომდინარეობს. საერთოდ, ძველ დროს, ხატის წერა ლოცვის თანხლებით მიმდინარეობდა. დღესაც ასეა, არ შეიძლება ნებისმიერმა მხატვარმა შექმნას ხატი. იგი, უპირველესად, სულიერად უნდა მოემზადოს ამისთვის.
ეს ხატი ორი წლის მანძილზე იწერებოდა. აქ წარმოდგენილია სამი ანგელოზი, რომელიც გამოეცხადა აბრაამს და ეს არის წმიდა სამება. ბიბლიაში თუ წაიკითხავთ ადგილს აბრაამთან მათი სტუმრობისა, თავად დარწმუნდებით, იგი მათ, როგორც ერთს, მხოლობით რიცხვში ესაუბრება. თუ დავიმსახურე წყალობა შენს წინაშეო, - მიმართავს იგი სამ გამოცხადებულ ანგელოზს, წმიდა სამებას. ამ სიტყვაში სამების ერთარსებაა გამოსახული.
მრწამსი იწყება სიტყვები: „მრწამს ერთი ღმერთი“. ხატზე, მარცხნივ, გამოსახულია მამა ღმერთი, რომლის უკან დგას შენობა, რაც მიგვანიშნებს, რომ ღმერთი არის შემოქმედი ცათა და ქვეყანისა. მამა ღმერთი არ იყურება სხვა, ორი ანგელოზისაკენ, ისინი მას უყურებენ. იმიტომ, რომ მამისაგან იბადება ძე ღვთისა და მამისაგან გამოდის სულიწმიდაც. შუაში რომ ანგელოზია, ზოგიერთს ჰგონია, ის მამა ღმერთია, მაგრამ იგი გახლავთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. კარგად დააკვირდით ხატს, როგორ თავმდაბლათ, მორჩილად აქვს მას თავი დახრილი მამის წინაშე.
წმიდა სამება ბჭობს იმის შესახებ, რომ უფალი იესო ქრისტე უნდა განხორციელდეს, ჯვარს ეცვას, აღდგეს, ამაღლდეს და კაცობრიობა ცოდვისაგან გამოიხსნას. შუა ანგელოზის უკან გამოსახულია ხე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხისგან გამოითლება ჯვარი, რომელზეც ჯვარს აცვამენ უფალს. მესამე ანგელოზი არის სულიწმიდა. მორჩილების ნიშნად მასაც თავი აქვს დახრილი მამა ღმერთის წინაშე. ხოლო მის უკან გამოსახულია კლდე, რაც მიგვანიშნებს, რომ სულიწმიდის ძალით ჩვენ სულიერად უნდა ავმაღლდეთ. როგორც ძნელია კლდეზე ასვლა, რადგან ამას სჭირდება დიდი შრომა, ღვაწლი, ასევე ძნელია სრულყოფის საფეხურებზე ამაღლება, რაშიც ჩვენ სულიწმდია გვეხმარება. აი, ასე არის გამოსახული ხატზე წმიდა სამება.
წმიდა სამების ხატის კურთხევა გუშინ, საპატრიარქოს შენობაში შედგა. ამ დღეებში ხატთან მიმდიარეობდა ღამისთევები, კითხულობდნენ ლოცვებსა და ფსალმუნებს. ახლა იგი აქ იქნება დაბრძანებული, სიონის საპატრიარქო ტაძარში, დის შემდეგაც გადავაბრძანებთ სვეტიცხოველში, რათა იქაური მადლიც მიიღოს. შემდეგ, როცა უკვე დასრულდება წმიდა სამების ტაძრის მშენებლობა, ჩვენ მას იქ დავაბრძანებთ.
გწყალობდეთ წმიდა სამება! გეწეოდეთ მისი მადლი და წყალობა თქვენ და სრულიად საქართველოს!
ახლა ჩვენ შევასრულებთ პარაკლისს წმიდა სამების სახელზე და შევთხოვთ უფალს, რომ დაიცვას, დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.
ყოვლადწმიდა სამებამ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო! სულიწმიდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №47, 2001 წ.