სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
აღდგომის დღესასწაული 40 დღის მანძილზე გრძელდება. მთელი ამ დროის განმავლობაში ეკლესიაში საგალობელი „ქრისტე აღსდგა“ იგალობება. მომავალ ოთხშაბათს აღდგომის წარგზავნაა და ამ წელიწადში იგი უკანასკნელად შესრულდება.
დღეს არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა. მათი ცხოვრების შესახებ ისტორიიდან ცნობილია, რომ ისინი საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენ. ეს ის დროა, როცა ქართულ ეკლესიას თავს მონოფიზიტების საშიშროება დაატყდა. კაბადოკიის უდაბნოში მოღვაწე ეს 13 ასურელი მამა - უფალმა აღმოაჩინა. საოცარია, რომ ამ წმიდა მამების, თითქოსდა, არაფრით გამორჩეული ბერების საქართველოში მოსვლას თურმე იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ მათ წინ თვით მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოზი მიჰგებებიათ. ეს ის დროა, როცა ეკლესიის მეთარუს ჯერ კიდევ არ ჰქონდა პატრიარქის წოდება. მატიანეში წერია, კაბადოკიელმა მამებმა მეფეს, კათოლიკოსსა და ერს ქართულად დაუწყეს ლაპარაკი.
იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში ნათქვამია: როდესაც წმიდა მამები საქართველოში შემოვიდნენ, პირველად სვეტიცხოველი მოილოცეს და თაყვანი სცეს მირონმდინარე სვეტს; იმ დროს, VI საუკუნეში, სვეტიცხოველს ჯერ კიდევ სდიოდა მირონი. წმიდა ასურელმა მამებმა სულიერი ღვაწლი ზედაზენზე დაიწყეს, სადაც წმიდა იოანე ზედაზნელს ყოველადწმიდა ღვთისმშობელი დედა გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეგზავნა. აი, ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება სრულიად საქართველოში, კერძოდ, კი დაარსდა ისეთი დიდებული მონასტრები, როგორებიცაა - შიომღვიმე, დავით გარეჯა და მრავალი სხვა. ასურეთიდან მოსულ მამათაგან ზოგიერთი ეპისკოპოსადაც იქნა ხელდასხმული.
სწორედ ამ დიდებულ მოღვაწეთა დღესასწაულს აღვნიშნავთ დღეს.
ასურელი მამების ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ისინი მცხეთაში ჯერ კიდევ ახლადშემოსულები იყვნენ, როცა პირველი დიდი სასწაული მოახდინეს: მტკვარზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარეს. ე.ი. უკვე ისეთი მაღალი სიწმიდე ჰქონდათ, რომ სასწაულის აღსრულებაც კი შეეძლოთ. შევთხოვთ უფალს, მათი ლოცვით განამტკიცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ჩვენი ბერ-მონაზვნობა. მონასტრები მუდამ იყო ბურჯი ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკლესიისა.
ასურელ მამებს ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდათ, ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერს იქმოდნენ. რაც თავმდაბლობისა და მორჩილების საოცარი გამოვლინებაა. სასულიერო პირი და საერთოდ, მორწუნე ადამიანი ყველაფერს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა აკეთებდეს, ამ დროს უფალი უხვად ლოცავს მას. მოძღვარი, მღვდელმთავარი თუ პატრიარქი - შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის.
შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა უხვად გარდამოდიოდეს საქართველოზე და ამ მადლმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და განამტკიცოს სრულიად საქართველო და ჩვენი ეკლესია.
ღმერთმა დაგლოცოთ,
ჩვენთან არს ღმერთი!
მრავალს დაესწარით ამ დიდებულ დღესასწაულს!
დასასრულს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა სათავადაზნაური ლიცეუმი, რომლის დირექტორიც ბატონი ნიკოლოზ ამირეჯიბი ბრძანდება.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2001 წ.