სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ფსალმუნში ვკითხულობთ: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა“. ყოველმა ადამიანმა უნდა გაიაროს გზა, ამქვეყნიდან ზეცას მიმავალი და მისი გული უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. თუ ადამიანში არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სიკეთე, თავმდაბლობა, მორჩილება, მაშინ სული წმიდა მკვიდრობს მასში, რომელიც წარუძღვება მას „ქვეყანასა წრფელსა“. ბედნიერია ის, ვინც მიდის „ქვეყანასა წრფელსა“, ანუ ღვთის სასუფეველში, რადგან ამისთვის ვართ მოწოდებულნი. საოცარია, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, თუ როგორ მიდიან ამქვეყნიდან ადამიანები და ვერ წარმოგვიდგენია, რომ ოდესმე მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ასე გვგონია, რომ აქეთ დავრჩებით. მარად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გზა - ქვეყნიდან სასუფეველში მიმავალი, ყოველმა ადამიანმა უნდა გაიაროს.
ერთხელ ფილოსოფოს პლატონს ჰკითხეს: „რა არის ფილოსოფია და ვინ არის ნამდვილი ფილოსოფოსი?“ მან ასე უპასუხა: „ფილოსოფია არის მომზადება სიკვდილისათვის“. ჩვენც უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ვემზადებით სოფლიდან გასვლისათვის? უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცოტანი არიან ისეთნი. ჩვენი ფიქრები მაინც დედამიწაზე ტრიალებს, ჩაკეტილნი ვართ საკუთარ ნაჭუჭში, უფრო მეტად ვფიქრობთ მიწიერ ცხოვრებაზე და ნაკლებად სულზე.
ჩვენს წინაშე დასვენებულია მეუფე აბრაამის დედა, ეკატერინე, რომელმაც იცხოვრა ამქვეყნად, გაზარდა შვილები და ახლა, ღვთის მადლით, მიდის „ქვეყანასა წრფელსა“. ჩვენ, ერთი მხრივ, ვწუხვართ, მაგრამ მეორე მხრივ, ვხარობთ. ვხარობთ იმიტომ, რომ მან დაასრულა განსაცდელებით აღსავსე გზა, რომელიც დედამიწაზე გაევლო. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება გამოცდაა, რომელსაც თან სდევს უამრავი განსაცდელი. ხშირად ვფიქრობთ, რომ ჯერ ახალგაზრდები ვართ, ალბათ მოხუცებულობაში გარდავიცვლებით და ამიტომ მომავალში მოვინანიებთ ცოდვებსო. მაგრამ თქვენ კარგად ხედავთ, რომ ეს ასე არ არის. ძალიან ხშირად ადამიანი მოულოდნელად ტოვებს ცხოვრებას. თითქოს დიდი მდინარე მიედინება იმქვეყნად, ისე ყოველ წამს გადიან ადამიანები ამქვეყნიდან და იცვლება თაობები. კვდებიან არა აუცილებლად მოხუცები, არამედ, ჩვილები, ყრმები, ახალგაზრდები, საშუალო ასაკისანნი და ხანდაზმულები. ამიტომ, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, რომ მარად გვახსოვდეს ჟამი გარდაცვალებისა. მოციქული ამბობს: მუდამ გახსოვდეს, რომ გარდაიცვლები და ეს დაგიფარავს ცოდვებისაგან.
ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს უფლისადმი, რომ დალოცოს და თავისი წყალობით აცხოვნოს სული ალადგარდაცვალებულისა მხევლისა ღვთის ეკატერინესი და დააწესოს იგი იქ, „სადაცა მართალნი განისვენებენ“, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43, 2001 წ.