სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ როგორც ერებსა და ადამიანთა შორის ურთიერთობებზე, ასევე კულტურათა და იდეოლოგიათა შორის დიალოგის შესახებ. ამ დღეებში, 19 და 20 დეკემბრს, ჩვენ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიმყოფებოდით, სადაც ჩატარდა კონფერენცია სამშვიდობო საკითხების შესახებ. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები: ქრისტიანები, იუდეველები და მუსლიმები. ეს კონფერენცია ამერიკაში მომხდარი ცნობილი ტერორისტული აქტების გამო გაიმართა. ზოგიერთ მუსლიმ ფანატიკოსს წარმოუდგენია, რომ დედამიწაზე მხოლოდ მუსლიმები უნდა ცხოვრობდნენ. მათ შორის ისეთი იდეოლოგებიც კი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ გავა დრო და დედამიწაზე მხოლოდ ისინი დარჩებიან. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და უტოპიური აზრია.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათა და იდეოლოგიათა შორის დიალოგის შესახებ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ერზე. რა არის ჩვენი არსებობის საფუძველი, რამ გადაგვარჩინა, რამ მოგვიყვანა დღემდე? თქვენ იცით, რომ ჩვენზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ერებიც ყოფილა და ამჟამად მათი ხსენებაც აღარ არის. როგორც იცით, არსებობს ეროვნული ფასეულობანი და, მასთან ერთად, სულიერიც. როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ჩვენ სწორედ ეროვნულმა ფასეულობებმა გადაგვარჩინა.
უპირველეს ყოვლისა, ვმადლობთ უფალს, რომ ართველები ვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესნი ვართ და ვამაყობთ ამით, - არა! ყველა ერს ღმერთმა მარტო მისთვის მახასიათებელი, განსაკუთრებული თვისებები უბოძა, რაც მას სხვათაგან გამოარჩევს. თუკი გადავხედავთ ჩვენი ერის ისტორიას, მის დღევანდელ მდგომარეობას და დავფიქრდებით, რა არის ყველაზე გამორჩეული თვისება ჩვენი ერისა, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის რაღაც განუზომელი, უნაპირო და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობა, როცა ადამიანს შეუძლია თავისი თავი შესწიროს სამშობლოს, თავის მეგობარს, ან უბრალოდ მოყვასს, როცა იგი მზადაა უარყოს საკუთარი კეთილდღეობა და ანავალოს სხვას, გასცეს უხვად, გააჩუქოს ქონება, სიცოცხლეც კი. მადლობა უფალს, რომ ეს თვისებები მიანიჭა ღმერთმა ქართველ კაცს.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ღმერთი სიყვარული არს“. მე ვფიქრობ, რომ ეს სახელი - სიყვარული - ყველაზე მეტად გამოხატავს უფლის არსს. მართლაც, ღმერთი სიყვარულია, განუსაზღვრელია, დაუსაბამო, დაუსრულებელი და უკიდეგანო. როცა იწერებოდა წმიდა სამების ხატი, ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვეხატა დაუსაბამო და დაუსრულებელი სიყვარული და გამოვსახეთ იგი წრის საშუალებით. რადგან წრეს არა აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. აი, ასეა - ნამდვილ სიყვარულს არა აქვს საზღვარი. სიყვარული არ არის, როცა აკეთებ სიკეთეს და საპასუხოს ელი ან ითხოვ. - არა, სიყვარული ისაა, როცა სთეს მადლს და სანაცვლოს არაფერს ითხოვ, არც ელი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანს სიკეთეს უკეთებ, სი კი საზღაურად ბოროტს მოგაგებს. ამან გული არ უნდა გაგვიტეხოს, არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ სიკეთის ქმნას აზრი არა აქვს.
მადლობა უფალს, რომ ყველაზე უფრო მახასიათებელი თვისება ჩვენი ერისა - სიყვარულია. მე ასე ვფიქრობ. თქვენც დაფიქრდით ამაზე, ჩამოწერეთ და გამომიგზავნეთ, ან თავად გადმომეცით თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მაინტერესებს, როგორც მიიჩნევთ თქვენ, რა აქვს დადებითი და რა უარყოფითი ჩვენს ერს?
როცა ვამბობთ, რომ უფალმა მოგვმადლა სიყვარული, ეს იმას არ ნიშნავს, რმო უნაკლონი და ანგელოზთა დარი ერი ვართ, - არა, ჩვენ ცოდვილნი ვართ და უნდა შევინანოთ კიდეც, ღვთის მადლით.
ქართველთა ყველაზე დიდი სულიერი ფასეულობა არის ჭეშმარიტი, მართლამდიდებელი სარწმუნოება და „ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, რომელიც დაარსებულია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ. ქართველი ერი უცვლელად და შეურყვნელად იცავს და დაიცავს კიდეც მართლმადიდებელობას. დროთა მანძილზე ძალიან ბევრი განსაცდელი შეგვხვედრია იმის გამო, რომ მრავალი ცდილობდა, სარწმუნოება შეეცვლევინებინა ჩვენთვის. დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებცი ამბობენ, იქნებ უკეთესი ყოფილიყო, რომ კათოლიკენი, მუსლიმები ან სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევარნი ვყოფილიყავით. ცხადია, ასეთი ფიქრი უდიდესი შეცდომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, მყარად არ დგას თავის საფუძველზე - მას არც ქართველობა და არც ქრისტიანობა არა აქვს შესისხლხორცებული. თუკი იგი არ მოექცა და არ განმტკიცდა ჭეშმარიტებაში, შეიძლება, სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს, წარიწყმიდოს თავიც და ბოროტ გზაზე დააყენოს საკუთარი შთამომავლობაც.
ორმა დიდმა ძალამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ და მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ გადაგვარჩინა და მომავალშიც გადაგვარჩენს. მეორედ მოსვლის დროს ჭეშმარიტებით უნდა წარვსდგეთ უფლის წინაშე, მართალი სარწმუნოება დაგვაყენებს ჩვენ „მარჯვენით მამისა“. ჩვენი სურვილი და ვედრებაც ეს არის - ღირსი გაგვხადოს უფალმა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანის სახელი ჩაიწეროს - „წიგნსა მას ცხოვრებისასა“.
დღეს ჩვენ ვლოცავთ ვარაზაშვილების გვარს, რომლებიც აქ ბრძანდებიან. ძველი დროიდანვე არსებობს ტრადიცია გვარების, ოჯახების, ჯარის დალოცვისა, რაც, ღვთის მადლით, აღვადგინეთ. ჩვენთან დასალოცად მრავალი სკოლიდან მოდიან მასწავლებლები და მოსწავლეები. რამდენიმე წლის წინ შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ეკლესიებში სკოლებიდან დასალოცად მოვიდოდნენ? ეს წარმოუდგენელი იყო. ის კი არა, სასულიერო პირს უფლებაც არ ჰქონდა, სასწავლო დაწესებულებაში მისულიყო. ოცნება თუ შეიძლებოდა იმაზე, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნივერსიტეტში შევიდოდა?
როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა, იგი პატრიარქმა კირიონ II აკურთხა, რის შემდეგაც საზოგადოებიდან ეკლესიისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა. საშველი აღარ ჩანდა, მთავრობისა და სახელმწიფოს იდეოლოგია მატერიალისტური გახდა. მაგრამ „უფალი მეფობს“, უფალი განაგებს ყოველს და ყველაფერი მისი სიტყვით აღესრულება. უფალმა ბრძანა და ათეისტური რეჟიმიც დასრულდა.
მინდა ერთი ამბავი შეგახსენოთ. ოდესაში ერთი დიდი სულიერი მოღვაწე, სასულიერო პირი ცხოვრობდა. მასთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად მრავალი ადამიანი მიდიოდა. კომუნისტურმა მთავრობამ ყურადღება მიაქცია მას, დაინტერესდნენ თუ რას ასწავლიდა იგი ხალხს, რა რჩევა-დარიგებებს აძლევდა მათ. გამოიძახეს და ჰკითხეს: „თქვენ როგორ ფიქრობთ, საბჭოთა ხელისუფლება ღვთისაგან არის თუ ბოროტისაგან?“ თუკი იგი იტყოდა, ეშმაკისაგანააო, იქვე დააპატიმრებდნენ და დახვრეტდნენ, როგორც სახელმწიფოს მტერს. მან მიუგო: „რა თქმა უნდა, ყოველი მთავრობა ღმერთისაგან არის დაშვებული, მაგრამ დადგება ჟამი, როცა უფალი ბრძანებს: „კმარა!“ და ყველაფერი შეიცვლება, რადგან ყველაფერი მის ხელთაა“.
საბედნიეროდ, მოხდა ცვლილება და ახლა უკვე გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიდეთ ადამიანებთან, ისინი კი ჩვენთან. სწორედ ამით აიხსნება, რომ დღეს ჩვენი ტაძრები ვეღარ იტევს მორწმუნეებს და ეს ხდება არა მარტო სიონში, არამედ საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესიაში. მადლობა ღმერთს ამისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ჩვენ ვლოცავთ ვარაზაშვილებს. ეს არის უძველესი ქართული გვარი, ქართული ჯიში. ისინი, როგროც თვითონ ბრძანებენ, წარმოშობით მეხსეთიდან არიან, ასევე კახეთში, რაჭასა და საქართველოს სხვა კუთხეებშიც ცხოვრობენ. მრავალი სასულიერო პირი, მრავალი მეცნიერი და თავდადებული ვაჟკაცი აღუზრდიათ მათ. როგორც ვიცი, ბატონი გიორგი ვარაზაშვილი ხელმძღვანელობს საგვარეულო ერთობას, ღმერთმა დალოცოს იგი და ვარაზაშვილების მთელი გვარი. მინდა მათ და სრულიად საქართველოს ვუსურვო, რომ ორი დიდი ფასეულობა - ეროვნული და სულიერი, ქართველობა და მართლმადიდებლობა, რამაც დღემდე მოგვიყვანა, მტკიცეც შეგვენახოს. სხვაგვარად შეუძლებელია გადავრჩეთ.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ერს მრავალი შეცდომა აქვს დაშვებული და მათ შორის ის, რომ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ჩვენი ხელით ვანგრევდით ჩვენივე ტაძრებსა და მონასტრებს. რაც საუკუნეთა მანძილზე მტერს გადაურჩა, ჩვენ გავანადგურეთ. აი, სადამდე დაეცა ჩვენი გონება და სული, როგორც დაგვცინა ბოროტმა, როცა ჩვენვე მოგვასპობინა ის, რასაც ვერ მოერია იგი ხილული მტრის საშუალებით. აი, როგორი საშინელი ცოდვა ჩაგვადენინა ეშმაკმა. როცა მტერი შემოდიოდა საქართველოში, ქართველი ხალხი საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ეროვნული ღირსების დასაცავად, რასაც არავის წააბილწვინებდა. მაგრამ ბოროტმა ისე იმუშავა, იმდენი გააკეთა, რომ ჩვენვე შევბღალეთ ის, რისთვისაც თავს ვდებდით.
სხვა ცოდვაც გვაქვს, თუმცა ყველას არა. ზოგიერთმა ქართველმა უარყო საკუთარი ქართველობა და ჩაეწერა სხვა ერის წარმომადგენლად: ან აფხაზად, ან სომხად, ან რუსად და ა.შ. საოცარი ის არის, რომ ასეთი ადამიანი იმდენად ბოროტდება, იმდენად იპყრობს მის სულს ბოროტი ძალა, რომ ქართველების უპირველესი და უსასტიკესი მტერი ხდება. ღმერთმა გვაშოროს მსგავსი საშინელი ცოდვა და შეგვინდოს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს ვარაზაშვილების გვარი, ღმერთმა გაამრავლოს და კიდევ მრავალი სასულიერო პირი გამოსულიყოს თქვენი გვარიდან.
ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ თქვენ და საქართველოს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მრავალი სიკეთე გაგაკეთებინოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №52, 2001 წ.