სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღსდგა!
ყველას გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების დიდებულ დღესასწაულს. სახარებიდან იცით, რომ აღდგომიდან მე-40 დღეს მაცხოვარმა თავისი მოციქულები ზეთისხილის მთას აიყვანა, დალოცა ისინი და ზეცას ამაღლდა. იქვე აღნიშნულია, რომ იერუსალიმში მოციქულები გახარებულნი დაბრუნდნენ. თითქოს გაუგებარია, უფალი განშორდა მათ, სიხარული კი მაინც სუფევდა ადამიანებში და ეს იმიტომ, რომ სწამდათ უფლის სიტყვები: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“, რაც ნიშნავს იმას, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე უკუნიდამდე ჩვენთან მყოფობს და აკურთხევს ყოველს, ვინც რწმენით, სიყვარულით, სასოებით, სიმდაბლით მიმართავს მას.
ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და ამქვეყნად მოვლენილია იმისათვის, რომ ღვთის სათნოდ განვლოს ეს წუთისოფელი და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ამგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც სასუფეველი, ასევე ჯოჯოხეთი იწყება აქ, დედამიწაზე და უპირველესად, იგი საწყისს ადამიანის გულში პოულობს. თუკი ადამიანის გულში რწმენა და სიყვარულია, თუ იგი თესავს სიკეთეს, ავლენს სიყვარულს თავისი ცხოვრებით და აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ნებისმიერი კი არა - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, მაშინ სასუფეველი ცათა მის გულში აქვე, დედამიწაზე იწყება. ასეთი ადამიანი სიხარულს ვერ იტევს, რადგან ზეციდან გარდამოსული მადლი ღვთისა ავსებს მას და ეს მადლი იღვრება მის გარშემო. ერთი ღირსი მამა ამბობს: „მოიძიე მადლი სულისა წმიდისა და ცხონდები შენც და ათასობით ადამიანი შენს გარშემო“. აი, ამისათვის არის მოწოდებული ადამიანი - გადაირჩინოს თავი და გადაარჩინოს სხვები. მაგრამ თუკი მის გულში ურწმუნოებაა და არა იმედი ღვთისა, თუკი მის გულში სხვათა მიმართ სიძულვილია, ასეთ შემთხვევაში ჯოჯოხეთი აქ, დედამიწიდან იწყება.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანის გული იყოს ტაძარი სულისა წმიდისა, ყოველი ადამიანი იყოს მთესველი კეთილი თესლისა და სიყვარულისა!
მრავალ ამაღლების დღესასწაულს დაესწარით, მშვიდობითა და სიყვარულით!
გილოცავთ ტაძრის დღესასწაულს, ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, ისინი ვინც აქ მოღვაწეობენ და ისინიც, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ტაძრის მშენებლობაში. დღეს ასევე მინდა დავლოცო ამქვეყნიდან გასულნი, რომელთა სხეულები ამ პანთეონში განისვენებენ, ხოლო სულნი მათნი - სასუფეველში.
ამ განსაკუთრებულ დღეს მინდა გამშვენიერებული ჯვრით დავაჯილდოვო ამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზ მინდიაშვილი, იმ დიდი სიკეთისთვის, სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის, რასაც ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აკეთებს.
ღმერთმა მშვიდობა და სიხარული არ მოგაკლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, სულიერად აღამაღლოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2001 წ.