სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია და მას შენდობის კვირიაკე ეწოდება. ეს არის ზეიმი ცისა და ქვეყანისა, რადგან, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, თუნდაც ერთი მონანული ადამიანის გამოც დიდი სიხარულია ცათა შინა.
დღეს, ყველამ უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები უფლის წინაშე, რამეთუ, „არა არს კაცი, როემლი სცხონდეს და არა სცოდოს“. მაშ, განვიწმიდოთ გულები და ერთმანეთს ცოდვები მივუტეოთ. ყოველმა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს გულში და დაინახოს თავისი ნაკლი თუ დანაშაული და როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვებს შეცოდებებს, ასევე ჩვენც მოგვიტევებს უფალი „თანანადებთა ჩვენთა“.
თქვენ იცით, რომ შენდობის კვირიაკე ქრისტიანობის არსებობის უძველესი პერიოდიდან იწყება. ეს დღესასწაული ეგვიპტის უდაბნოში დაარსდა. ამ დღეს, ბერები ერთად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, აღდგომის საგალობლებს ასრულებდნენ და შემდეგ უდაბნოში მიდიოდნენ, რათა მთელი დიდმარხვა ლოცვით და სინანულით იქ გაეტარებინათ. წასვლის წინ კი, სააღდგომო საგალობლებს ერთად იმიტომ გალობდნენ, რომ არ იცოდნენ, შეძლებდნენ თუ არა უდაბნოდან უკან, თავიანთ მონასტრებში დაბრუნებას და აღდგომის დღესაწაულში მონაწილეობის მიღებას. თითოეულმა ჩვენთაგანმაც ამ მარხვაში ისე უნდა ვიღვაწოთ, თითქოს უდაბნოში ვიმყოფებოდეთ, და მიუხედავად იმისა, რომ მრევლში ვართ და ხალხში ვტრიალებთ, უდაბნო უნდა შევქმნათ, ოღონდ საკუთარ გულში.
ეს მარხვა განსაკუთრებული არის კიდევ იმით, რომ იგი პირველი მარხვაა მესამე ათასწლეულში და, თავისთავად, შენდობის კვირაც პირველია ახალი ათასწლეულის პირველ საუკუნესა და პირველ წელიწადში. ამიტომ, ყველაფერი განსაკუთრებულია დღეს და შევთხოვთ უფალს, შეგვინდოს და შეუნდოს სრულიად საქართველოს, ყოველ ქართველს, საქართველოს მკვიდრთა და უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთ შეცოდებანი მათნი.
ცოდვა - ეს არის პირველ ადამიანთა - ადამისა და ევას დაცემის შედეგი. ცოდვა არის ხორცმეტი ჩვენი სულისა და სხეულისა. ადამიანი ღვთისაგან უცოდველადაა დაბადებული. ადამი სამოთხიდან ცოდვით დაცემის შედეგად განიდევნა, რადგან დაარღვია უფლის მიერ ბოძებული მცნება. ჩვენ ყოველდღე ვარღვევთ მცნებებს, მაგრამ ღვთის წყალობა და სიყვარული იმდენად განუზომელია, რომ შენდობას მაინც გვანიჭებს.
ვინ არის ადამიანი? - იგია გვირგვინი ღვთის შემოქმედებისა, ხატი ღვთისა, რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რომ მსგავსებას მიაღწიოს. ადამიანი - ეს არის უფლის განსაკუთრებული ქმნილება, შედეგი ღვთის განუზომელი სიყვარულისა. ამიტომაცაა, რომ ყოველი ადამიანი, მართალია იგი თუ ცოდვილი, ღვთის ხატებას არასდროს კარგავს. ძვირფასი თვალ-მარგალიტი ტალახში რომ ჩააგდო, მართალია, იგი სიბინძურეში ამოისვრება და აღარ გამოჩნდება მისი რჩეულობა, მაგრამ თუკი გაიწმინდება, კვლავ თავდაპირველი სახით წარმოაჩენს თავის ბრწყინვალებას. ჩვენს წინაშე მრავალი მაგალითია პიროვნების მსგავსი სულიერი განწმენდისა, ამაღლებისა და ფერისცვალებისა.
მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ სიტყვები: „არა არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს“, ე.ი. იცხოვროს ამქვეყნად და ცოდვა არ ჩაიდინოს. დიახ, ყოველი ადამიანი ცოდავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, როცა იგი ეგუება, ტკბება ამ მდგომარეობით. ადამიანი არ უნდა შეურიგდეს მსგავს ყოფას. შეიძლება ისიც ჩავარდეს ცოდვაში, მაგრამ უნდა მოკრიფოს იმდენი სულიერი ძალა, რა თქმა უნდა, ღვთის დახმარებით, რომ კვლავ წამოდგეს და თავისი ცხოვრები გზა გააგრძელოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველანი, დაბადებულნი ვართ ნეტარებისათვის, სასუფევლისათვის, რომელიც „იძულებით“, ანუ საკუთარ თავთან გამუდმებული ბრძოლითა და შრომით მოიპოვება.
ძალიან ძნელია შენდობა, შენდობა იმ ადამიანისა, რომელისთვისაც მხოლოდ სიკეთე გაგიკეთებია, იმას კი, სანაცვლოდ ბოროტებით უპასუხია. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანენი ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ როგორც ჩვენი, ისე მოყვასის სულის გადასარჩენად, ამიტომ, რაც არ უნდა რთულად მოგვეჩვენოს, უნდა შევძლოთ, მივიდეთ ასეთ ადამიანთან და შენდობა ჩვენ პირველებმა ვთხოვოთ.
შენდობის დღე, შენდობის კვირიაკე არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მოხვიდეთ ეკლესიაში და შენდობა ითხოვოთ პატრიარქისაგან. უპირველეს ყოვლისა (კიდევ ვიმეორებ), თითოეული ჩვენთაგანი უნდა შეურიგდეს ერთმანეთს, აპატიოს მათ, ვისაც რაიმე ცუდი გაუკეთებია ჩვენთვის. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მინდა გთხოვოთ შენდობა ჩემთა შეცოდებათა გამო. ყოველ ჩვენთაგანს აქვს ცოდვები. მეც ხომ შვილი ვარ ჩემი ერისა და აი, ამ 23 წლის (უკვე 24-ე წელი მიდის) დიდი და მძიმე გზის მანძილზე, როგორც ადმაიანს, არაერთხელ დამიშვია შეცდომა, მაგრამ არასოდეს შევრიგებივარ თავად ცოდვას, რადგან იმედი მაქვს ღვთის დიდი წყალობისა.
შემინდეთ შეცოდებანი ჩემნი!
ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა:
ამ ბედნიერ დღეს, უფალმან შეგვინო ჩვენს მიერ აღიარებული ყოველი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთმა ინებოს, რომ დიდი მარხვა ყოფილიყოს მარხვა სიწმინდისა, სინანულისა, სულიერი ფერისცვალებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, ხალხის ერთობისა. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი! ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.