ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია - ხსენება ჩვენი განმანათლებლისა, წმიდისა მოციქულთასწორისა ნინოსი, ზეიმია ცისა და ქვეყანისა, ერთად შეერთებული. ჩვენ ვადიდებთ მოციქულთასწორ წმიდა ნინოს, ვადიდებთ და თაყვანსა ვსცემთ მის ღვაწლს. თქვენ იცით, წმიდა ნინო გამორჩეული წმიდანია ჩვენთვია იმიტომ, რომ მან საქართევლო ქრისტიანობას აზიარა.
წმიდა ნინო კაბადოკიაში დაიბადა. ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ მხარეში ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. არის ისეთი აზრიც, რომ იგი ეროვნებით ქართველი იყო და ახლო ნათესავი წმიდისა გიორგისა. მამამისი ზაბულონი იყო ქრისტიანი, დიდი მოღვაწე და სულიერი მამა; დედამისი სოსანა ასევე დიდი მოღვაწე და, როგორც ისტორია მოგვითხრობს, იერუსალიმის პატრიარქის და იყო. წმიდა ნინო მშობლების ერთადერთი ასული გახლდათ. როცა მან გაიგო, რომ საქართველოში იმყოფება კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და იგი წარმართული ქვეყანაა, გადაწყვიტა, საქართველოში წამოსულიყო და სახარება ექადაგა. საოცარია, ჯერ კიდევ სრულიად ნორჩს, თითქმის ბავშვს რამ მისცა ასეთი ძალა - წამოსულიყო შორეულ ქვეყანაში; როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იგი 12 წლის იყო. უპირველესად, ამის მიზეზი გახლავთ დიდი რწმენა, რომელიც მას ძალას აძლევდა და მეორე, ეროვნული გრძნობა, კერძოდ ის, რომ საქართველო იყო წარმართული და იგი უნდა გაქრისტიანებულიყო. აი, ამ სურვილებმა მოიყვანა ის ჩვენს ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ყოველივეს წინ უძღოდა ღვთის ნება, ღვთის ძალი და შეწევნა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება, აქ კი აღესრულება. და უფალმა გადაწყვიტა, რმო წმიდა ნინო ყოფილიყო განმანათლებელი საქართველოსი. თქვენ იცით წმიდა ნინოს ცხოვრება და დაწვრილებით აღარ გიამბობთ, მაგრამ ერთ რამ უნდა შეგახსენოთ: ნინოს ჯვარი, რომელიც სიონის ტაძარში ინახება და ახლა ანალოღიაზეა დაბრძანებული არის ხელთუქმნელი, სასწაულებრივი. ეს ის ჯვარია, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ სიზმარში გადასცა წმიდა ნინოს და აღუთქვა, რომ იგი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, საქართველოში წამოსვლისა და ქადაგების დროს მისი მფარველი იქნებოდა. მართლაც, როცა გაიღვიძა, მას ხელთ ვაზის ჯვარი ეპყრა. წმიდანმა მოიკვეთა თავისი თმები, შეკრა ჯვარი და მისი წინამძღოლობით საქართველოში გამოემართა. ჯვარმა და წმიდა ნინოს ლოცვამ მოაქციეს მეფე მირიანი, დედაოფალი ნანა და მთელი საქართველო. ჯვარმა და წმიდა ნინოს ლოცვამ გადაარჩინა საქართველო 2000 წლის მანძილზე. ჩვენ დღეს ვახსენებთ წმიდა ნინოს, თაყვანსა ვსცემთ მის ღვაწლს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რო ამ წმიდანის ღვაწლი, მისი ქადაგება არ არის მხოლოდ წარსული, იგი დღესაც გრძელდება. წმიდა ნინო დღესაც ქადაგებს, დღესაც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო მოიქცეს, გაბრწყინდეს. თქვენ იცით, არსებობს წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და მადლობა ღმერთს, რომ ამის დასაწყისს ჩვენ უკვე ვხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი სწყალობს საქართველოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ თავისი მფარველი კალთა გადააფარა და იგი გადარჩება, ცხონდება.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმიდა ნინოს ხსენების დღეს. წმიდა ნინომ დალოცოს ყოველი თქვენთაგანი, სრულიად საქართველო. წმიდა ნინომ თავისი ჯვრის ძალით და ლოცვით გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.