სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ - ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იგი ამქვეყნად მოსულია არა მარტო საკუთარი კეთილდღეობისათვის, არამედ სხვის დასახმარებლად და სანუგეშოდ, რითაც აღვასრულებთ სჯულს.
თქვენ იცით, რომ ყოველ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს, მხნედ უნდა ვიტვირთოთ იგი და ასე განვლოთ ამ ცხოვრების გზა. ბიბლიაში წერია, ადამიანის ცხოვრება გამოცდაა. როცა ვხედავთ, რომ ჩვენს ძმას, მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს თუ უცნობს უჭირს იტვირთოს საკუთარი ჯვარი, - უნდა მივიდეთ და დავეხმაროთ მას. მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა რაიმე გასაჭირის ჟამს ადამიანს თვითმკვლელობა გადაუწყვეტია. ამ დროს მასთან კეთილი, მორწმუნე ქრისტიანი მისულა, ნუგეშის სიტყვა უთქვამს და იმ ადამიანს საშინელი ცოდვის ჩადენა გადაუფიქრებია. თვითმკვლელობა - სულის დაღუპვაა. ეს არის ის მომაკვდინებელი ცოდვა, როცა ადამიანი თავის სულს ნებაყოფლობით აბარებს ეშმაკს და როცა მას უკვე ვეღარავიტარი ლოცვა ვეღარ შველის. დღეს საოცრად დამძიმებულია ადამიანი, რადგან გარშემო უამრავი პრობლემაა, მიწიერი თუ სულიერი და ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე უწმუნოების გზა, გზა ღვთისაგან განშორებისა, განდგომისა.
თქვენ იცით, რომ ქრისტიანობა საქართველოში პირველი საუკუნიდან შემოვიდა, როცა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს სახარება. ქრისტეს შესახებ საქართველოში უფრო ადრეც იყო ცნობილი, კერძოდ, როცა საქართველოში ჩამოტანილი იქნა კვართი უფლისა ჩვენისა; პირველი წმიდანი, რომელიც საქართველომ მიიღო, როგორც თავისი სისხლი და ხორცი, გახლდათ წმიდა სიდონია, ეროვნებით ებრაელი ქალი, რომელმაც რწმენითა და სიყვარულით ჩაიხუტა გულში უფლის კვართი.
ასე დაიწყო ქრისტიანობა საქართველოში, ასე დაიწყო ქადაგება სახარებისა. მთელი 2000 წლის განმავლობაში მრავალი განსაცდელი ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ისევ რწმენით, ისევ სიყვარულით, ისევ შენდობით, ისევ ღვთაებრივი ძალის შეწევნით გამოსულა ჩვენი ხალხი ამ მძიმე მდგომარეობიდან; არ მოკლებია მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება და მფარველობა. აი, ეს ყვეაფერი გვშველის ჩვენ და ამიტომაა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი გადარჩა. რამდენი უბედურება უნახავს ჩვენს ქვეყანას, რამდენი ომი, რამდენი ტანჯვა-წამება გამოუვლია! თუნდაც ჯალალ-ედ-დინის შემოსევა გავიხსენოთ, როცა თბილისიში 100000 ქართველი ეწამა და მრავალი სხვა. მარტო ერეკლე მეფემ სპარსელების წინააღმდეგ 60-ზე მეტი ომი გადაიხადა.
დღეს იწყება ჩვენი ვიზიტი ირანში. ეს არის ისტორიული ფაქტი, რადგან პირველი შემთხვევაა ამ 2000-წლოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი მიემგზავრება იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ქართველი ეწამა, რომლის მიწა მორწყულია ქართველთა სისხლით. აქ ეწამა წმიდა ქეთევან დედოფალი, აქ დაშანთეს იგი იმისათვის, რომ უარეყო ქრისტიანული სარწმუნება. დღეს იქ, ფერეიდანში და ისპაჰანში - ქართველები ცხოვრობენ. მინდა შევხვდე მათ და დავლოცო ჩვენი სისხლი და ხორცი.
ახლა კი მინდა შეგახსენოთ სულ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი, როცა ქართული ჯარის ნაწილი განუდგა ხელისუფლებას და ამბოხება მოაწყო, რაც შეიძლებოდა საშინელი სისხლის ღვრით დამთავრებულიყო! მაგრამ ღმერთმა კვლავ გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი. ისევ ღვთის ხელს ვხედავთ ამ ფაქტში, ღვთის ძალა და მისი მადლი იცავს საქართველოს და კვლავაც დაიცავს. რადგან მან შეინარჩუნა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება. საქართველო ძლიერი იქნება, თუ ერთად ვიქნებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალა ერთობასა და ჭეშმარიტ სარწმუნეობაშია.
რამდენიმე წლის წინ ჩვენ ქართველ ერს შემდეგი სიტყვებით მოვუწოდეთ: „ქართველნი, ერთად ღვთისაკენ“. ვიმეორებ, - ჩვენი გადარჩენა ერთად ყოფნა და ღვთისაკენ სწარაფვაა. აი, ასეთი სულისკვეთებით, ასეთი რწმენითა და სიყვარულით, ასეთი ურთიერთთანადგომით უნდა ვიცხოვროთ და ასეთივე თანადგომითა და სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები. დიდსაც და პატარასაც უნდა გვახსოვდეს, რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ერის მომავლის წინაშე. იმაზე, თუ როგორი ეროვნული თვითშეგნება გვექნება და რას ჩავუნერგავთ ახალ თაობას, ბევრი რამაა დამოკიდებული.
თქვენ იცით, დღეს სექტანტობა მთელ საქართველოს მოედო, როგორც საშინელი სენი. ამას წინათ მითხრეს, რომ ერთ-ერთ სოფელში მხოლოდ 4 ოჯახიღა დარჩა მართლმადიდებელი. ეს ღალატია, ღალატი ღვთისა და სამშობლოსი. ეს არის სულის დაღუპვა. ქართველი ადამიანი რომ უღალატებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ეკლესიასა და სჯულს შეიცვლის, რა სიკეთეს უნდა ელოდოს იგი ღვთისაგან? აი, ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ განსაკუთრბეული ყურადღებით ვიყოთ ამ მხრივ, რადგან სარწმუნოებაშია ჩვენი გადარჩენა.
როცა ადამიანი კარგავს მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ის კარგავს ეროვნებას, ეროვნულ სულისკვეთებას. მე ვიცი, როცა სექტანტები თავიანთ ე.წ. ლოცვებს აღავლენენ, ამბობენ: „ღმერთო გვიხსენ ჩვენ წესებისა და ტრადიციებისაგანო“. ჩევნს ადათ-წესებს თუ უარვყოფთ და ქართველობას დავკარგავთ, ვინღა ვიქნებით? როგორ წარმოიდგენდა დავით აღამშენებელი და მეფე თამარი, რომ ქართველი ადამიანი თავისი ნებით უღალატებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას?! როგორ წარმოიდგენდნენ ჩვენი მეფენი, დიდებულნი, ჩვენი წინაპრები, რომ ქართველი ადამიანი საკუთარი ხელით დაანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს.
ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს ჩვენი უსჯულოება!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.
დასასრულს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დალოცა თბილისის მე-11 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორია ბატონი რომან მოსეშვილი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2001 წ.