სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დიდება უფალო ჯვარსა შენსა პატიოსანსა!
დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია, ჯვრის ამაღლების, ჯვრის თაყვანისცემისა, ჯვრისა, რომელიც მთელი ქვეყნის მფარველია. თქვენ იცით, რომ უძველეს დროს ჯვარი დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღად გამოიყენებოდა. მასზე მხოლოდ იმათი გაკვრა შეიძლებოდა, ვინც რომის მოქალაქის წოდებას არ ატარებდა. მაგალითად, პავლე მოციქული ჯვარზე ამის გამო არ გააკრეს და თავი მოჰკვეთეს. აქედან გამომდინარე, თავის მოკვეთა უფრო საპატიოდ ითვლებოდა, ვიდრე ჯვარცმა. პეტრე მოციქული კი, რომელიც არ იყო რომის მოქალაქე, ჯვარს აცვეს. მიუხედავად ამისა, სწორედ ჯვარი იქცა იმ სათაყვანებელ სულიერ იარაღად, რომელიც დასთრგუნავს ყოველსა მტერსა, ხილულსა და უხილავსა. იგი იქცა იმ სულიერი იარაღად, რომლითაც ადამიანი მთელი ამქვეყნიური სიცოცხლის მანძილზეა დაცული და გადის თავისი ცხოვრების გზას დაბადებიდან - სიკვდილამდე. ადამიანის ცხოვრება - ეს არის ჯვარი, რომელსაც თავად ქმნის ყოველი კაცი. როგორ? უპირველეს ყოვლისა, ღვთისაკენ სწრაფვით. ვერტიკალური მიმართულება ჯვრისა არის რწმენა, სიყვარული ღვთისა და ჰორიზონტალური კი - სიყვარული ადამიანისა. აი, ამ ორ სათნოებას თუ აღასრულებს ადამიანი, რწმენა და სიყვარული თუ ექნება, იგი თავისი ცხოვრებით შექმნის სულიერ ჯვარს. ამისათვის არის მოწოდებული ყოველი ჩვენთაგანი. საკმარისი არ არის ვთქვათ, რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენი სარწმუნოება უნდა ჩნდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს საქმიანობაში. შეუძლებელია მართლმადიდებალმა გაიაროს და გაჭირვებული ადამიანი არ შეამჩნიოს. შეუძლებელია მორწმუნე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მხოლოდ თავის თავზე იზრუნოს და იფიქროს, ჩაიკეტოს თავის ეგოიზმში.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მოწყალების საქმე, ქველმოქმედება, უდიდეს მადლად ითვლებოდა. ალექსანდრე მაკედონელი ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა. მან თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო, სიმდიდრის მთელი მთები იდგა მის წინაშე და ყოველივე ამას არიგებდა. როცა მხედართმთავარნი ეკითხებოდნენ, მეფეო, შენთვის რაღა დაიტოვეო, იგი პასუხობდა: ჩემთვის იმედი დავიტოვეო. თქვენ იცით, ალექსანდრე მაკედონელი სულ ახალგაზრდა, 33 წლისა, მაცხოვრის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ახლობლებს უბრძანა: როცა გამასვენებთ, ჩემი ხელი გადმოუშვით, რათა ხალხმა იხილოს, რომ იმქვეყნად არაფერი მიმაქვსო. აი, ასეა, ვერცერთი ჩვენთაგანი იმქვეყნად ვერაფერს წავიღებთ. ამიტომ, ცოდვებისაგან უნდა გავთავისუფლდეთ და სიკეთე ვამრავლოთ. სიკეთე გადაგვარჩენს ჩვენ.
თქვენ იცით, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. ისეთი ცნობილი პიროვნება, როგორიც ნაპოლეონი იყო, ამბობდა: „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია“, ე.ი. როცა ადამიანი დიდებასა და პატივშია, შესაძლებელია უცებ დასაცინი შეიქმნეს. ეს გამოცდილება მან თავისი ცხოვრებით მიიღო. აი, ამიტომ, როცა ადამიანი დიდებაშია, უნდა შეინარჩუნოს თავმდაბლობა და მადლობა შესწიროს უფალს. ასევე უნდა მოიქცეს იგი, როცა დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება.
თქვენ იცით, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, ვიხსენებთ აფხაზეთში მომწყდართ. წირვის დროს, დიდ გამოსვლაზე მოვიხსენიეთ ყოელნი აფხაზეთსა შინა მომწყდარნი მართლმადიდებლობით აღსრულებულნი მონანი და მხევალნი. მე მუდამ ვლოცულობ არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვისაც, რომელნიც აღესრულნენ ამ საშინელ ომში. ვინც ეს ომი მოგვახვია თავს, იგი არის მტერი ქართველებისაც და აფხაზებისაც. ჩვენ დღეს ვილოცეთ მათთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როცა კვლავ ერთად ვიქნებით, როცა აფხაზეთში ერთი ჯვარი აღიმართება ომში მომწყდარ ქართველთა და აფხაზთა მოსახსენებლად. ერთი ჯვარი იქნება იმიტომ, რომ ერთია ჯვარი ორივე ერისა. ახლა თქვენ დაგირიგდებათ პური აფხაზეთში გარდაცვლილთა მოსახსენებლად. ამიტომ, როცა მიირთმევთ, მოიხსენიეთ მათი სულები.
დღეს მცხეთაში, ჯვრის მონასტერში შესრულდება ჯვრის პარაკლისი. საღამოს კი გავალთ ჟიული შარტავას საფლავზე და იქ აღვასრულებთ პანაშვიდს, სადაც მოვიხსენიებთ მართლმადიდებლობით აღსრულებულთ, ყველას, ვინც მოწყდა აფხაზეთში - ქართველთ, აფხაზთ, თუ სხვას, ყველას, ვინც შეეწირა ამ საშინელებას და შევთხოვთ უფალს, ნათელში ამყოფოს ისინი და მათი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს. დალოცვილი, გამთლიანებული და გახარებული ამყოფოს ჩვენი ქვეყანა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2001 წ.