სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ თბილისობას! ღმერთმა დალოცოს თბილისი, თბილისელები და სრულიად საქართველო.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს დედაქალაქზე და აღვნიშნავთ მის დღესასწაულს, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმ წარსულზე, რომელიც ჩვენმა დედაქალაქმა გამოიარა და გავიხსენოთ მისი დამფუძნებლები. ისტორიიდან ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე აქ დასახლება ყოფილა. ქალაქი თბილისი კი V საუკუნეში, წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსდა. მრავალი განსაცდელი უნახავს ჩვენს დედაქალაქს, მრავალი წმიდანი წამებულა აქ: აბო თბილელი, ასი ათასი ქართველი მოწამე და მრავალი სხვა. ვინ არ მოსულა და ვის არ უფიქრია თბილისის დაპყრობა, მაგრამ ღმერთმა დაიცვა იგი და დღეს, მადლობა უფალს, იგი დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს დედაქალაქია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თავს ვხრით და მუხლს ვიდრეკთ ჩვენი წარსულის, ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც შემოგვინახეს რწმენა, ქართული ტერიტორიები, კულტურა და ხელოვნება და იმ ასი ათასი ქართველი მოწამის წინაშე, რომლებმაც სარწმუნოების ღალატს მოწამეობრივი სიკვდილი არჩიეს.
ჩვენ ძალიან ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თავად რა უნდა ვაკეთოთ. მარად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს ჩვენი სამშობლო, ასქართველო და გადაგვარჩინა იმან, რომ ვიცავდით მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ქართველი ერი მუდამ გამოირჩეოდა ორი განსაკუთრებული თვისებით: უპირველეს ყოვლისა, ეროვნული თვითშეგნებით (ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ იმით, რომ ისინი ქართველები იყვნენ) და მეორე - ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით მართლმადიდებელი ქრისტიანები. აი, ამ ორმა ძალამ იხსნა საქართველო. ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კეთილი და ბოროტი მარად იყო, არის და იქნება და მათ შორის ბრძოლაც მარადიულია.
გუშინ თბილისში დაარსდა იაპონური ცენტრი, მისი წარმომადგენლები დღეს აქ არიან და მოხარულნი ვართ, რომ კავშირი იაპონიასა და საქართველოს შორის თანდათან მტკიცე ხდება. მე მინდა მოგყვანოთ ერთი პატარა ლექსი, რომელიც იაპონურიდანაა ქართულად თარგმნილი. იგი ძალიან მოკლეა და ადვილად დაიმახსოვრებთ. ლექსი ალეგორიულია. აქ საუბარია ალუბლის ხის შესახებ, სინამდვილეში კი მასში იგულისხმება ადამიანი: „მოვიდა გაზაფხული, აყვავდა ალუბალი. მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად - თოვლი“. ე.ი. ადამიანს გაუჭირდა, დაენახა, თუ სად იყო ყვავილი და სად თოვლი, ანუ სად იყო სიკეთე და სად - ბოროტება. მართლაცდა, ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ვარჩევთ კეთილსა და ბოროტს ერთმანეთისაგან, რადგნ უმეტესად ბოროტი სიკეთის ნიღბით ინიღბება. მაგრამ რადგან უფალმა მოგვცა გონება, რწმენა, სიყვარული, ამიტომ უნდა შევძლოთ ამოვიცნოთ, თუ სად არის ყვავილი და სად თოვლი.
ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - თბილისობას. ჩვენი სიხარული ორმაგდება იმით, რომ დღეს არის დაბადების დღე პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელისა. მას 55 წელი შეუსრულდა. თქვენი და ჩემი სახელით დაბადების დღეს ვულოცავ მამა გიორგის. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ხანგრძლივად ამსახუროს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ღმერთმა ინებოს, რომ იგი მუდამ იყოს მაგალითი ჩვენი სამღვდელოებისათვის და ჩვენი ხალხისათვის. დღევანდელი დღის აღსანიშნავად მე მინდა მას სახსოვრად გადავცე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და გააძლიეროს თბილისი, თბილისელები და სრულიად საქართველო.
ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44, 2001 წ.