სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
დღეს არის ხსენება წმიდისა მღვდელმოწამისა ათინოგენისა და მისთა ათთა მოწაფეთა. წმიდა ათინოგენი მღვდელმთავარი გახლავთ. იგი წარმოშობით სებასტიელი იყო, ისევე როგორც 40 სებასტიელი მოწამე. იმ დროს სებასტიაში ბევრი ქართველი ცხოვრობდა, ამიტომ შესაძლოა იგი ქართველიც ყოფილიყო. წმიდა ათინოგენს საქართველოში განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. მაგალითად, ჩვენთან ხევში, ყაზბეგში ამ დღესასწაულს ათენგენობას უწოდებენ. ხევში ეს დიდი დღეობაა. იგი აღდგომიდან 99-ე დღეს აღინიშნება. ყაზბეგში წლეულს ათენგენობა გასულ კვირას იდღესასწაულეს. საეკლესიო კალენდრის მიხედვით კი წმიდა ათინოგენეს ხსენება არის 29 ივლისს (ძვ. სტ. 16 ივლისს).
წმიდა ათინოგენეს ცხოვრებიდან ვიცით, რომ მას დაუარსებია მონასტერი და იქ მოღვაწეობდა თავის მოწაფეებთან ერთად. წმიდა ათინოგენი და მისი მოწაფენი ერთად ეწამნენ ქრისტესთვის. მათ თავები მოჰკვეთეს. წამების წინ წმიდა ათინოგენს ანდერძად ასე დაუბარებია: „ვინც მომიხსენებს მე და ჩემს მოწაფეებს, მე ვილოცებ მისთვის ღვთის წინაშე, რათა ღმერთმა შეუნდოს მას ცოდვები მისი“. ჩვენ თაყვანსა ვსცემთ წმიდა ათინოგენს და შევთხოვთ მას და მოწაფეთა მისთა, რომ მათი ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს ცოდვები ყოველთა ქართველთა და სრულიად საქართველოს! ამინ.
ხევში ათენგენობა ორი დღე გრძელდება: კვირას და ორშაბათს. თუ ღმერთი ინებებს, რომ გაისად კვლავ მშვიდობით შევხვდეთ ამ დღესასწაულს, ყველანი ერთად ყაზბეგში წავიდეთ. ათენგენობას ხევში გვარების მიხედვით აღნიშნავენ. ორშაბათს დღესასწაულობენ მხოლოდ ღუდუშაურები. თქვენ იცით, ღუდუშაურების გვარი ყაზბეგში განსაკუთრებული გვარია. პირველი ღუდუშაური - ღუდუშა, იყო წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ნათლული. მერე მისი შთამომავლობა გამრავლდა და შიოლა ღუდუშაურის შტოდან შიოლაშვილები წამოვიდნენ. შიოლა ღუდუშაურს დედა ბაგრატიონის ქალი ჰყავდა, მეუღლე კი ერისთავების გვარიდან ითხოვა. აი, ასეთი ცნობილი გვარია ეს.
შეგეწიოთ წმიდა ათინოგენეს ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს!
თქვენ იცით, რომ ორიოდე დღის წინ თბილისში ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა - მოკლეს ახალგაზრდა ჟურნალისტი გიორგი სანაია. ხვალ მას აქ მოასვენებენ და დღის 3 სთ. სიონის საკათედრო ტაძარში მორიგე მღვდელი შეასრულებს პანაშვიდს, ხოლო საღამოს 5 საათზე, პანაშვიდს მე თვითონ შევასრულებ. სამშაბათს შუადღის 12 სთ. სამღვდელოება წესს აუგებს, ხოლო დღის 14 საათზე მე, სამღვდელოებასთან ერთად, გადავიხდი პანაშვიდს. გამოსვენება იქნება 15 სთ-ზე.
ღმერთმა დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2001 წ.