უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიტყვა „სწავლულ ბავშვთა დარბაზის“ წევრებთან შეხვედრაზე

5 ნოემბერი, 2001 წ.

ძვირფასო ბავშვებო, ჩვენო შვილებო!

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქართველი ადამიანი ნიჭიერია, ღმერთმა გვიბოძა ეს საჩუქარი და მიმაჩნია, რომ ყოველი ბავშვი, ყოველი ადამიანი, თუ ის ჯანსაღია, არის ერთადერთი და გენიალური პიროვნება, განსაკუთრებული ნიჭის პატრონი. მთავარი ის არის, რომ ყოველმა ადამიანმა თავისი ადგილი იპოვოს ცხოვრებაში. თქვენ გემახსოვრებათ ბიბლიის სიტყვები: „საწყისი სიბრძნისა არის შიში ღვთისა“. ადამიანი უნდა იყოს მორწმუნე, უნდა ჰქონდეს შიში ღვთისა და ღმერთი უბოძებს მას სიბრძნეს. ღვთის შიშია სწორედ სიბრძნის საწყისი, რაც შემდეგ უნდა განვითარდეს და კეთილი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგვცა, არ არის ჩვენი დამსახურება, ის უფლის ჯილდოა, რაც კეთილად უნდა იქნას გამოყენებული. გადავხედოთ XIX-XX საუკუნეებს. არნახული, რაღაც საოცარი ნაბიჯები გადადგა კაცბრიობამ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების საქმეში! ამ პერიოდში მოღვაწეობდა ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო აინშტეინი და მრავალი სხვა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთივე დიდი ნაბიჯები კაცობრიობამ გადადგა უკან - დაკარგა ჭეშმარიტი რწმენა, დაკარგა ზნეობა. ასე რომ, მოხდა ცალმხრივი განვითარება და ეს მეცნიერული და ტექნიკური აღმოჩენები საშიში გახდა ადამიანებისთვის, რადგან ბოროტად იქნა გამოყენებული. ავიღოთ თუნდაც ატომი. სიტყვა „ატონი“, თქვენ იცით, ნიშნავს „განუყოფელს“. წინა ასო „ა“ უარყოფის გამომხატველია, ადამიანს ეგონა, რომ ატონი არ იყოფოდა. მაგრამ ადამიანმა მიაღწია იმას, რომ იგი გაიყო. რაღაც უდიდესი ენერგია აღმოჩნდა მასში, რაც ადამიანის საკეთილდღეოდ მხოლოდ ნაწილობრივი იქნა გამოყენებული. მისგან, კაცობრიობის საზიანოდ, შექმნეს ბირთვული იარაღი და, როგორც მეცნიერები ამბობენ, იგი იმდენად ბევრია დაგროვილი, რომ მისი საშუალებით დედამიწაზე შეიძლება 17-ჯერ მოისპოს სიცოცხლე. მარტო ადამიანები კი არ დაიხოცებიან, არამედ საერთოდ მოისპობა სიცოცხლე, მიკროორგანიზმებიც განადგურდებიან და დედამიწა გახდება მკვდარი პლანეტა. საოცარი ის არის, რომ ადამიანი ვეღარ ჩერდება და აგროვებს ამ გამანადგურებელ იარაღს. სადამდე მივა ყოველივე ეს? ადრე თუ გვიან ამან შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს, მაგრამ თუ ადამიანი იქნება მორწმუნე, ამ შემთხვევაში აღმოჩენებს კაცობრიობა ბოროტად აღარ გამოიყენებს.

მაცხოვარი ამბობს: „იყავით სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არს“. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულყოფა ადამიანისა, მისი გონებრივი განვითარება, შეუძლებელია შეჩერდეს, იგი დაუსრულებელია და მარად სიკეთისკენ უნდა მიემართებოდეს. ადამიანის მოვალეობაა თანდათან მაღლდებოდეს სრულყოფის საფეხურებზე. მე მინდა, რომ თქვენი ნიჭი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სრულყოფილებისაკენ წარმართოთ, რადგან, თუ თქვენ იქნებით კარგი ქრისტიანები, კარგი მამულიშვილები, ღმერთი გაგიწევთ მფარველობას. ასევა მარად უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ღვთისაგანაა. ღმერთმა გიბოძათ თქვენ ნიჭი და თუ ადამიანი ვერ მოიქცევა ისე, როგროც უფალს ნებავს, იგი განაშორებს მას ამ მადლს.

მე მინდა, რომ ჩვენ ხშირად შევხვდეთ, ვისაუბროთ, მიამბოთ, რა გეგმები გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ სამშობლოსათვის, საკუთარი თავისთვის. გახსოვდეთ, რომ უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. თქვენ მსოფლიოში ვერ ნახავთ ორ ერთნაირ ყვავილს, მცენარეს, თუნდაც ორ ერთნაირ ფოთოლს. აი, ამიტომ მე გისურვებთ, რომ იყოთ სრულყოფილნი, დაადგეთ ღვთისაკენ სავალ გზას, რათა მრავალი სიკეთე მოუტანოთ ჩვენს სამშობლოს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

 

საპატრიარქოში სტუმრად მყოფი ბავშვების შეკითხვებს უპასუხა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II. გთავაზობთ რამდენიმე კითხვა-პასუხს

- თქვენო უწმინდესობავ, ჩვენს ასაკში თქვენ მორწმუნე ბრძანდებოდით, გვიამებთ თქვენი ბავშვობის შესახებ.

- დაბადებული ვარ მორწმუნე ქრისტიანის ოჯახში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი გვარის, ღუდუშაურთა წარმომადგენელი ვარ. ცნობილია, რომ ჩვენი წინაპარი ღუდუშა, V საუკუნეში ცხოვრობდა და იყო ნათლული წმიდისა მეფისა ვახტანგისა. მისგან დაწყებული - დღემდე, ჩვენს გვარში ურწმუნო არავინ ყოფილა.

თქვენს ასაკში, შაბათ საღამოს და კვირა დილით, ასეთი წესი გვქონდა ოჯახში: მშობლებს ეკლესიაში მიყავდით. სახლშიც, ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით და ერთად ვლოცულობდით. ლოცვის შემდეგ მამა ნაკურთხ წყალს გვასხურებდა, რის შემდეგაც ვიძინებდით.

- თქვენო უწმიდესობავ, მაქვს ასეთი კითხვა: ვინ გადაწყვიტა თქვენი არჩევანი?

- ალბათ, ღმერთმა გადაწყვიტა. უფალი განაგებს ადამიანის ცხოვრებას...

საშუალო სკოლა დავამთავრე 1952 წელს. სწავლა გავაგრძელე მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, მაშინ საქართველოში არც ერთი სასულიერო სასწაველებელი არ იყო. და მე ვოცნებობდი, რომ ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაში უბრალო მღვდელი ვყოფილიყავი.

- თქვენო უწმიდესობავ, დიდუბის ტაძარში ჩვენ ვნახეთ თქვენს მიერ შესრულებული წმიდა მეფე თამარის ფრესკა. გახსოვთ თუ არა, როდის დახატეთ პირველი ნახატი და ყველაზე მეტად რისი ხატვა გიყვართ?

- ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა არსად მისწავლია. გარდა იმისა, რომ სკოლაში გვქონდა ხატვის გაკვეთილები. მე მახსოვს, საშუალო სკოლაში, ალბათ V-VI კლასის მოსწავლე ვიყავი, შოთა რუსთაველი დავხატე.

მე მხატვარი არა ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, თქვენ ეს გესმით. პატრიარქსაც სჭირდება სულიერი დასვენება. და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45, 2001 წ.