უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მილოცვა

10 ივლისი, 2001 წ.

მთელ ქართველ ერს და ყველა მართლმორწმუნეს გულითადად ვულოცავთ ღვთისმშობლის საფარველის დადების დღეს. ღვთისმშობლისადმი ქართველ ადამიანს გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა აქვს. ეს აღიარებული ფაქტია, ჩვენი ქვეყანა ხომ წილხვედრია ყოვლადწმიდა მარიამისა. იგია ჩვენი დედა, მეოხი და მფარველი ჩვენი. ღვთისმშობლის დავალებით და ლოცვა-კურთხევით I საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. ღვთისმშობელმა დალოცა და უწინამძღვრა წმიდა ნინოს აქ გამოსამგზავრებლად. ივერიის, აწყურის, ხახულის, წილკნის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ღვთისმშობლის სახელობის ურიცხვი ეკლესიაა საქართველოში და მათ შორის თბილისის საპატრიარქო ტაძარიც მის სადიდებლადაა აგებული. ყოველივე ეს ჩვენი მოსახლეობისათვის ცნობილია, მაგრამ ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში, ზუგდიდში დაცულია პერანგი ყოვლადწმიდისა მარიამისა, რომელზეც, მეცნიერთა დასკვნებით, მაცხოვრის სახეა აღბეჭდილი.

ღვთისმშობლის პერანგი უდიდესი სიწმიდეა მთელი ქრისტიანული სამყაროსი. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს დღე უნდა აღინიშნებოდეს არა მარტო საეკლესიო დღესასწაულის სახით, არამედ იგი უნდა იქცეს საერთო-სახალხო ეროვნულ ზეიმად. ვფიქრობთ, ეს ახლო მომავალში რეალობად იქცევა და ჩვენ ამ დღეს თქვენთან, ღვთისმშობლის თაყვანისმცემელ ყველა ჩვენს მართლმორწმუნესთან ერთად, ერთითა პირითა და ერთითა გულითა ვადიდებთ დედოფალს ცისა და ქვეყანისა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2001 წ.