საქართველოს ეკლესია, ჩვენი მორწმუნე ხალხი იზიარებს იმ დიდ მწუხარებას, რომელსაც დღეს ამერიკელი ხალხი განიცდის. მოხდა საზარელი ტრაგედია, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არის საშინელი დასაწყისი 21-ე საუკუნისა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბოროტი ძალები არსებობენ და ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი მოვლენები, ძალიან ხშირად, რელიგიურ ფანატიზმთან და სეპარატიზმთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ბასილი დიდი იტყვის: „ბოროტება არ კურნავს ბოროტებას“.
დღეს მთელი კაცობრიობა განიცდის ამ საშინელ მოვლენას, რამაც მთელი მსოფლიო გაამთლიანა. დღეს გლოვობს საქართველო, როგორც გლოვობს მთელი ცივილიზებული სამყარო. ჩვენ აქ აღვავლინეთ ლოცვები ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. კაცობრიობამ არ უნდა იფიქროს შურისგებაზე. განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს ლოცვა, ამავე დროს სიფხიზლე, რომ მსგავსი ბოროტება არცერთ ქვეყანაში არ განმეორდეს!
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38, 2001 წ.