თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მინისტრო,
ძვირფასო ბავშვებო,
ქალბატონებო და ბატონებო!
მართლაც საოცარი დღეა დღეს, ამ დარბაზში შეიკრიბნენ სრულიად საქართველოს წარმომადგენლები. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საჭიროა მწვანე გზა ტაძრისაკენ. ამ სიტყვების წარმოთქმისას უნდა გავიხსენოთ, თუ რა გაუკეთა საქართველოს ეკლესიამ ჩვენს ერს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკლესია მთელი 2000 წლის განმავლობაში იყო ის ძალა, რომელიც აერთიანებდა ქართველ ხალხს. დღემდე მოვედით ამ რწმენით, სიყვარულით, სასოებით, იმედით და ვფიქრობთ, რომ ასევე გავაგრძელოთ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.
გულითადად მივესალმები განათლების მინისტრს, ბატონ ალექსანდრე კარტოზიას, სამინისტროს წარმომადგენლებს. მოხარულნი ვართ, რომ ჩატარდა ეს კონკურსი და მივიჩნევ, რომ იგი მეტად საჭირო იყო. ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი, ქრისტიანულ ფასეულობებს უნდა ვაზიაროთ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ სარწმუნეობამ გადაარჩინა საქართველო და იგი გვიხსნის მომავალშიც. მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი დღესაც მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ხედავს გადარჩენის იმედს. საქართველოში ქრისტიანობის არსებობის მთელ მანძილზე არ ყოფილა ისეთი პერიოდი, ერთდროულად ამდენი ტაძარი და მონასტერი რომ აშენებულიყოს. აი, ამაშიც ვლინდება ჩვენი ხალხის რწმენა და ღვთისადმი სიყვარული.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, აქ ერთ-ერთმა ახალგაზრდა გამომსვლელმა ბრძანა, დღეს მხოლოდ კონკურსში მონაწილე ბავშვებს არ გაუმაჯვიათ - მათი გამარჯვება მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ეს მართლაც ასეა.
რამდენიმე წლის წინ იყო ერთი ასეთი მოწოდება: „ქართველნო ერთად ღვთისაკენ“. ეს სიტყვები ქუთაისში წარმოითქვა. მასზე დაიწერა კეჭაყმაძის მუსიკა, შეიქმნა საგალობელი და ბაგრატის ტაძარში გაიჟღერა. ჩვენ სწორედ რომ სიყვარულით უნდა ვისწრაფოთ ღვთისაკენ და ერთმანეთისაკენ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო, ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №22, 2001 წ.