(კონფერენციის გახსნისას)
ყველას მოგესალმებით, ძალიან მოხარული ვარ, რომ შეგხვდით!
დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემაა - „ეროვნული ღირსება დღეს“ - მეტად მნიშვნელოვანია. რაღა თქმა უნდა, ეროვნული ღირსება დაკავშირებულია ეროვნულ ღირებულებებთან, რაც თავის მხრივ, კავშირშია ჩვენს რელიგიურ ფასეულობებთან. ამასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები. დღეს, ძალიან ხშირად, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს მრავალი შინაური თუ გარეშე მტერი ემუქრება, უფრო მეტად კი, გარედან შემოსული მტერი, რომლებიც თავიანთ მზაკვრულ გეგმებს ისევ ჩვენივე ხელით ახორციელებენ. ამიტომ აუცილებელია ვიზრუნოთ ეკლესიის, ერის, კულტურის უსაფრთხოებაზე.
სიამოვნებით მოვისმენ თქვენს მოხსენებებს და მსჯელობას ეროვნული ღირსების საკითხებზე.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით.
(კონფერენციის დახურვისას)
მართლაც სასიხარულო და ბედნიერი დღეა დღეს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მოსაწვევ ბარათზე ხარების ფრაგმენტია გამოსახული. რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ - ეს ხარების პროცესია. დღეს შევეხეთ ძალიან სათუთ, ძალზედ მნიშვნელოვან, ჩვენთვის აქტუალურ და ახლობელ საკითხს - ეროვნულ ღირსებას. მინდა ვთქვა, რომ იგი ყოველ ჩვენთაგანშია, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ სხვადასხვა სახით, რისთვისაც ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, უპირველეს ყოვლისა - ეკლესიამ. ჩვენმა დიდმა წინაპარმა წმიდა ილია მართალმა ანდერძად საოცარი სიტყვები დაგვიტოვა: „მამული, ენა, სარწმუნოება.“ რამდენიმე წლის წინ მე ვფიქრობდი, ჩვენი მხრივ კიდევ რა შეიძლებოდა გვეთქვა და ასე წარმოიშვა დევიზი: „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ ჩვენ ალბათ სწორედ ეს ერთობა გვაკლია და ამავე დროს - სწრაფვა ღვთისაკენ. თუ ამას შევძლებთ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.
მახსენდება ის არეული დრო, როცა საქართველოს ძალიან მძიმე პერიოდი ედგა. ეს იყო ამ რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენ საოცრად ცუდი თვისებები გამოვავლინეთ. ჩემთან ერთი ამერიკელი ქალბატონი მოვიდა, რომელმაც ამერიკაში საზოგადოება - „ამირანი“ დააარსა. იმ დროს ქართულ საზოგადოება თითქოს თვითგვემით იყო დაკავებული, რომ აი, თურმე ვინ ვყოფილვართ, რა შეგვძლებია, რისი გამკეთებლები ვყოფილვართ. ამ დროს ამ ქალბატონმა, თითქოს დამამშვიდებლად, ასეთი რამ მითხრა: „თქვენ, ქართველები, არც ისეთი ცუდები ხართ “. მე ვკითხე: „ასეთი დასკვნა საიდან გააკეთეთ მეთქი?“ მან მიამბო: „მე ვიყავი სიკვდილმისჯილებთან, როცა ერთ-ერთთან საკანში შევედი, მას პერანგის საკინძე გახსნილი ჰქონდა და პირველი, რაც გააკეთა - საკინძე შეიკრა. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს ელოდება დახვრეტას, კიდევ ფიქრობს იმაზე, რომ ღირსეულად წარდგეს ქალბატონის წინაშე“. მეორე ასეთი მაგალითიც მომიყვანა: „მე ვიდექი ავტობუსის გაჩერებაზე, მოვიდა გაჭედილი ტრანსპორტი, კიბეზე ახალგაზრდები იყვნენ დაკიდებულები, ქვემოთაც უამრავი ხალხი ელოდა. ამ დროს ერთი მოხუცებული ქალბატონი მოვიდა - ჯოხით ხელში. ვიფიქრე, როგორ ავა ამ გაჭედილ ავტობუსში-მეთქი და ვნახე სასწაული. ავტობუსი გაჩერდა, ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და ხელით აიყვანეს იგი ტრანსპორტში. მსგავს დამოკიდებულებას თქვენ ვერც ევროპაში და ვერც ამერიკაში ვერ ნახავთ.“ ახლა იმიტომ გავიხსენე ეს მაგალითები, რომ მივხვდეთ - ღირსება დევს ჩვენში. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იგი გავაძლიეროთ, გავაღრმავოთ. ამ მიზნით განსაკუთრებული ყურადღება, ვფიქრობ, ჩვენს სასწავლებლებს, ჩვენს სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს უნდა მივაქციოთ. მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ დღეს კონფერენცია ჩავატარეთ, მთავარია შემდეგ რას გავაკეთებთ.
მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც აქ სიტყვით გამობრძანდით, განსაკუთრებით კინფერენციის მოწყობის ინიციატორებს, პირადად, ბატონ ზვიად ბოკუჩავას, რომელიც ძალიან ენერგიულად ამზადებდა ამ შეხვედრას, ყველა მათგანს, ვინც საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობდა.
დასასრულს, მინდა მოგახსენოთ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ. სანამ კონფერენცია დაიწყებოდა, ასეთი ბრძანება დაიწერა: „თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძართან შეიქმნას მამათა მონასტერი და ამ მონასტერს ეწოდოს წმიდა სამების საპატრიარქო ლავრა.“ სამების ტაძართან შეიქმნება დიდი სულიერი და კულტურული კერა. ეს იქნება დედაქალაქში სულიერი განწმედის, ინტელექტუალურ-კულტურული ამაღლების სულიერი ცენტრი. თქვენ იცით, რომ ყოველ ქართულ მონასტერში არა მარტო სულიერად იღწვოდნენ, არამედ იგი დიდ მეცნიერულ და კულტურულ ცენტრსაც წარმოადგენდა. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს ფუნქცია არ დაკარგოს ჩვენმა მონასტრებმა. ამ ლავრის პირველ წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ექვთიმე ლეჟავა, იგი მოადგილედ და არა წინამძღვრად დაინიშნა რომ, რადგან საპატრიარქო მონასტერია, ამიტომ - წინამძღვარი პატრიარქია. ამ ფაქტის შესახებ ჯერ არავინ იცის, პირველად თქვენთან გამოვაცხადე.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2001 წ.