უპირველეს ყოვლისა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. მინდა ასევე მოგილოცოთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული.
წმიდა მამები ამბობენ, რომ თუ წარმოვიდგებთ წრეს, რომლის ცენტრშია უფალი, ხოლო რადიუსებზე კი თითოეული ჩვენთაგანი, აღმოვაჩენთ, რომ რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ცენტრს რადიუსის გავლით, მით უფრო მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს.
დღეს მთავარი ის არის, რომ ერთად ვიყოთ. მახსენდება ჩემი აღსაყდრების პერიოდი, როცა ჩვენი ინტელიგენცია საქართველოს ეკლესიის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. ჩვენი ინტელიგენციის თანადგომით იმ დროიდან საქართველოს ეკლესიის ცხოვრების აღორძინება დაიწყო. ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ წმიდა ნინოს ლოცვითი შეწევნა და ღვთის დიდი წყალობაა. მე არაერთხელ შემიხსენებია თქვენთვის ერთი ეპიზოდი ბიბლიიდან: როცა დავით მეფე წინასწარმეტყველი, მრავალი წინააღმდეგობის გამოვლის შემდეგ იერუსალიმში ზეიმით შედიოდა და ხალხი განადიდებდა მას, მან შეაჩერა ისინი, დაუძახა ერთ დიდებულს და უთხრა: „გადაეცით ყველას, რომ უფალი მეფობს“, ე.ი. მე კი არ ვმეფობ, უფალი მეფობსო. ყოველ ადამიანს, ყოველ ჩვენთაგანს, დიდსა და პატარას უნდა ახსოვდეს, რომ „უფალი მეფობს“. ჩვენი თავისუფალი ნება უნდა უახლოვდებოდეს ღვთის ნებას. უნდა მოხდეს მათი შეერთება ანუ სინერგია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აღესრულება სასწაული - აღორძინდება ქვეყანა. ეს უნდა გვახსოვდეს.
მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. როგორც ვიცი, პირველად აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა სტუდენტური კავშირი. ეს ძალიან კარგი საქმეა. მაგრამ სტუდკავშირის ყოველმა წევრმა, ყოველმა ჩვენთაგანმა ძალიან ღრმად უნდა ვიფიქროთ კონკრეტულად განსახორციელებელ საქმეებზე. ჩვენ კიდევ გვექნება შეხვედრები და მაშინ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.
ჩვენ ძალიან ხშირად ვამაყობთ წარსულით, ჩვენი ისტორიით, წინაპრებით. მაგრამ თქვენ, მომავალმა თაობამ რა უნდა გააკეთოთ ჩვენი ერისთვის, ესაა საფიქრალი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რასაც ჩავიფიქრებთ, მისი განხორციელებაც შევძლოთ. ხშირად ხდება, რომ დაისახება ახალი გეგმები, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ზოგიერთი ნაკლი და აქედან ერთ-ერთი ის არის, რომ საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ ხოლმე და ბოლომდე კი ვერ მიგვყავს. კიდევ გვაქვს ერთი ნაკლი: ჩვენ გლობალურად უფრო კარგად ვხედავთ, ვიდრე კონკრეტულად. გვიჭირს პირველი ნაბიჯების გადადგმა. გვაქვს გრანდიოზული გეგმები, მაგრამ ვიწყებთ და ვერ ვამთავრებთ. დიდი საქმე კი უცებ არ კეთდება, მის განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე. აი, ამაზე ვიფიქროთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამთლიანოს საქართველო.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2001 წ.