(კონფერენციის გახსნისას)
ბატონიშვილებო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ ბედნიერი ვართ თქვენთან შეხვედრით. ყველას მოგესალმებით და უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ალავერდობას. დღეს იოსებ ალავერდელის დღესასწაულია. კონფერენცია, რომელიც ამჯერად ჩვენთან ტარდება, ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანი და დროულია. ჩვენ შევეხებით ბაგრატიონთა როლს ქართველი ერის ისტორიაში. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია გამოთქვას აზრი იმის შესახებ, თუ რა როლი უნდა ეკისრებოდეს ამ გვარს მომავალში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბაგრატიონთა წინაპარი არის წმიდა დიდი მეფე და წინასწარმეტყველი დავითი და მისი შვილი მეფე სოლომონი. დიდია დამსახურება ბაგრატიონთა - ამ ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიისა მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ იმ გამოსვლებს, რომლებიც დღეისათვის არის მომზადებული.
(კონფერენციის დახურვისას)
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც მოამზადა ეს კონფერენცია - ქალბატონ ია ბაგრატიონს, ბატონ კოტე ჩოლოყაშვილს და სხვებს. როგორც აღვნიშნეთ, ეს კონფერენცია მართლაც მეტად დროული და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ ბაგრატიონთა როლზე და სამეფოს აღდგენაზე მომავალში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ვალია ერი მოვამზადოთ ამისათვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა, ამ დაპირისპირებაში, დაუსრულებელ მტრობასა და კინკლაობაში, რა თქმა უნდა, ძნელია ამის გაკეთება. და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბაგრატიონთა მომზადება ამისათვის. ხალხში უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი ლიტერატურა და საერთოდ, სასიხარულოა, რომ ამ ბოლო დროს საკმაოდ კარგი ლიტერატურა გამოდის ჩვენი მეფეების შესახებ. მე ვფიქრობ, რომ მეფობის აღდგენა საქართველოში რეალურია და ღმერთმა ჩვენ ყველა მოგვასწროს ამ დალოცვილ და კურთხეულ დღეს.
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთონ დღეს ბაგრატიონებმა. გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მათ მიეცეს ლოცვა-კურთხევა, იზრუნონ უცხოეთში მყოფ ქართველებზე. ჩვენ გვქონდა საუბარი ამის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო თურქეთში მილიონზე მეტი ქართველია. მათში იღვიძებს ეროვნული თვითშეგნება. ზოგიერთი ინათლება კიდეც, ანუ უბრუნდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას. პრესიდან თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ამ წელიწადს მე გახლდით ირანში, ფერეიდანში და მქონდა შეხვედრა ჩვენს ქართველებთან. ეს იყო საოცრება. ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ შეხვედრა არ შემდგარიყო, მაგრამ ერთი საათით მაინც მოვახერხეთ ეს. ჩვენი დელეგაციის წევრები ამბობდნენ, რომ ერისა და სამშობლოს სიყვარული ჩვენ იმ ქართველებისგან უნდა ვისწავლოთ, რომლებცი ფერეიდანში ცხოვრობენო. გამოთხოვებისას მთელი დარბაზი, მთელი ხალხი ტიროდა და ჩვენც მათთან ერთად. ისინი მოგვძახოდნენ: დაგვიკოცნეთ ჩვენი მიწა. ღმერთს ებარებოდეთ, იზრუნეთ ჩვენთვის, ჩვენ აქ უპატრონოდ ვართ. აი, დღეს ქალბატონმა იამ ბრძანა, რმო დაახლოებით 2 მილიონი ქართველი გავიდა საქართველოდან, ზოგი სამუშაოდ, ზოგი ლუკმა-პურის საძიებლად. იქნებ იფიქროს ბაგრატოვანთა გვარმა, როგორ დავუკავშირდეთ მათ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ დაკარგონ ეროვნული თვითშეგნება, არ დაკარგონ მართლმადიდებლობა. საბოლოოდ, ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია. მრავალი ქვეყნიდან მომდის ქართველთა წერილები. ისინი თხოულობენ, რომ აშენდეს ქართული ეკლესიები, მაგრამ საბოლოოდ უნდა გავერთიანდეთ. ამაში იქნება ჩვენი ძალა.
მე დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვისმინე დღევანდელი გამოსვლები. ძალიან გთხოვთ ყველას, ვინც აქ წაიკითხა მოხსენებები ან ამჯერად ვერ მოახერხა, მოგვაწოდეთ წერილობით და მას ჩვენს არქივში შევინახავთ. ეს ძალიან საჭიროა ერისათვის და ჩვენი ქვეყნიასთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40, 2001 წ.