„ვითხოვოთ უფლისგან ჩვენი სამშობლოსთვის მშვიდობა და
გამთლიანება. და აუცილებლად შეისმენს უფალი“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
სახარებაში ვკითხულობთ: „სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი.“ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა არის საუნჯე ყოველი ადამიანისა. რა უნდა იყოს საუნჯე მართლმადიდებელი მორწმუნე ქრისტიანისთვის? უპირველესი და უმთავრესი საუნჯე სულიერი საუნჯეა; ეს ის საუნჯეა, რომელიც საჭიროა როგორც ამ, მიწიერ ცხოვრებაში, ისე მომავალ ცხოვრებაშიც. ამის შესახებ ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა. არის ერთი რუსი ფილოსოფოსი სერგეი ხუროჟელი. იგი ჩვენი თანამედროვეა, უმთავრესად, უცხოეთში ცხოვრობს. მას დაწერილი აქვს წიგნი „ძველისა და ახლის შესახებ“. იგი მსჯელობს, თუ რა არის ძველი და რა - ახალი. იგი სვამს კითხვას: „რა არის რუსული ფილოსოფია?“ ამაში იგი გულისხმობს არა მარტო ფილოსოფიას, არამედ, ზოგადად, რუსეთის სულიერ საუნჯეს. და იგი პასუხობს, რომ რუსული ფილოსოფია არის მართლმადიდებლური აზროვნება. იგი ასკვნის, რომ მართლმადიდებლური აზროვნება, რომელიც ათას წელზე მეტია ჩამოყალიბდა რუსეთში, - ეს არის რუსული ფილოსოფია; XIX ს-ში მათ ჰყავდათ ისეთი ფილოსოფოსები, როგორიცაა მღვდელი პავლე ფლორენსკი, ბერდიაევი, სოლოვიოვი და მრავალი სხვა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ სრულად მართლმადიდებლური აზროვნება ჰქონდათ, მაგრამ ძირითადი მაინც ეს იყო.
ჩვენც საკუთარი თავის წინაშე უნდა დავსვათ კითხვა: რა არის ჩვენი ფილოსოფია? რა
არის ქართული იდეა? რას უნდა ესწრაფოდეს ქართველი კაცი? რა არის ჩვენი და რა -
სხვისი. ანტონი ხუროჟელი რომ მსჯელობს ძველისა და ახლის შესახებ, ამბობს: „ახალი
როცა მოდის, იგი ცდილობს შეცვალოს ძველი“. და რა არის ეს „ახალი“?
ყველაფერიმისაღებია მისგან თუ არა?
თუ დავუკვირდებით იმ პროცესებს, რაც დღეს ჩვენთან ხდება, დავინახავთ, რომ ძირითადად
ეს ახალი არის დასავლეთის კულტურა და ფსევდოკულტურა, რომელმაც თითქმის წალეკა მთელი
მსოფლიო. მიმაჩნია, რომ ჩვენი საუნჯე, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული საუნჯეა ის, რაც
ღმერთმა ჩადო ჩვენს გენში, ჩვენს ჯიშში და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. იცით,
როგორ წარმომიდგენია ქართველი ადამიანი? ქართველი ადამიანი - ბავშვია; ჩვენ ადვილად
ვღებულობთ სხვა ადამიანებს, ადვილად ვპატიობთ, ჩვენ ძალიან გვიყვარს, მაგრამ
ადვილად ვღიზიანდებით. გენეტიკურად ჩვენ ბავშვები ვართ და ეს ბავშვური ხასიათი
ხშირად მანუგეშებს კიდეც, რადგან უფალი ბრძანებს: თუ არ ემსგავსებით ბავშვებს, ვერ
იხილავთ სასუფეველსო. ქართული ხასიათი ბავშვურია და ჩვენი ქმედებები ჩვენს
გრძნობებს, გულის კულტურას ეყრდნობა. ეს არ არის ცუდი. ღმერთი - სიყვარულია.
ქართველ კაცს მოსიყვარულე გული აქვს. ეს არის ჩვენი უპირველესი თვისება, რომლითაც
ღმერთმა დაგვაჯილდოვა. ქართველ ერს უფალმა ჯილდოდ სიყვარული მოგვცა. ჩვენ ვგრძნობთ
ამას და ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას არა
მარტო ჩვენ ვგრძნობთ. არამედ უცხოელებიც ხედავენ, როდესაც სტუმრობენ საქართველოში.
ისინი ამ თვისებას სტუმართმოყვარეობას უწოდებენ. მაგრამ სინამდვილეში,
სტუმართმოყვარეობაში შედის ეს სიყვარულიც. სწორედ სტუმარ-თმოყვარეობაში გამოიხატება
იგი. ყველაფერი საუკეთესო ქართველისთვის „საუცხოოა“. სტუმრისათვის გვინდა
მისატანად, რაც კი ძვირფასი გაგვაჩნია. „საუცხოოაო“ ვამბობთ, რადგან ყველაფერი
კარგი საკუთარი თავისთვის არ გვემეტება, სხვისთვის გვაქვს გადანახული გასაცემად. და
აი, ამაშიც გამოიხატება ჩვენი სიყვარული.
მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის ჩვენი საუნჯე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ, წმიდა ილია მართლის სიტყვები: „ენა, მამული, სარწმუნოება.“ აი, ეს არის ჩვენი საუნჯე და ამას უნდა მივხედოთ. ჩვენ უფალმა მოგვცა ისეთი მამული, რომლის გამოც ყველას შურდა ჩვენი. ახლო მეზობელი იყო თუ შორეული, ყველა ცდილობდა, დაეპყრო ჩვენი ქვეყანა. ქართველი კაცი ყოველთვის იცავდა თავის ენას, მამულს და სარწმუნოებას. ალბათ, ეს ჩვენი ხვედრია და ესეც ღვთის განგებით ხდება, რადგან არაფერი ხდება მისი უზენაესი ნების გარეშე. უფალმა მოგვცა ასეთი მშვენიერი მამული, ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ასეთი კულტურა, გალობა, სიმღერა, - ყველაფერი, რაც აოცებს მთელ მსოფლიოს და აი, ამასაც უნდა გავუფრთხილდეთ.
დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავლისათვის. ამიტომ ჩვენ დიდი სიფრთხილე და სიბრძნე გვმართებს. ამ საქმეში ჩვენი ქართული ხასიათი, ჩვენი ბავშვობა აღარ გამოგვადგება, ღრმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ ყოველივეს. კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რა არის საჭირო დღეს საქართველოსთვის, რომ ჩვენი სულიერი საუნჯე შევინარჩუნოთ. თუკი ჩვენს სულიერ საუნჯეს, ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შევინარჩუნებთ, - საქართველო გადარჩება.
ვინ უნდა ავირჩიოთ პარლამენტში ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი საუნჯის დაცვას? ვინ დაიცავს და ვინ განაბნევს? - აი, ეს უნდა დავინახოთ. ვერ გეტყვით, თუ ვინ - ვინ არის. ეს თქვენ თავად უნდა გაარჩიოთ. ღმერთმა იმიტომ მოგცათ გული და გონება, რომ განარჩიოთ თეთრი და შავი. არსებობს ორი გონება - მცირე და დიდი. მცირე გონება - ეს არის ჩვენი აზროვნება და დიდი გონება - ეს ჩვენი გულია. (ეს სიტყვები ეკუთვნის დიდ ფილოსოფოსს, ფიზიოლოგ პავლოვს.) როცა დღეს არჩევნებზე მიხვალთ, ორივე გონება უნდა გამოიყენოთ: მცირეც და დიდიც, რომ გაიგოთ, ვინ არის ასარჩევი და ვინ - არა.
კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ, ქართველები ცოტა ემოციური ხალხი ვართ და ასეთივე ემოციური პოლიტიკოსები გვყავს. ზოგიერთი იმით იმუქრება, - ხალხს გამოვიყვან ქუჩებშიო. ეს არ არის სწორი. დიდი და ეროვნული საკითხები ქუჩებში არ წყდება, ასეთი საკითხები წყდება მშვიდ ატმოსფეროში, დარბაზებში. ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ქუჩებში გამოსვლა საჭირო არარის.
კიდევ მინდა მოგახსენოთ ერთი რამ: მრვალ ადამიანს დღეს აბრკოლებს მარკირება რომ
ხდება არჩევნებზე. მხედველობაში მაქვს ის სითხე, რომელსაც ხელზე უსვამენ.
ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა საპატრიარქომ, რომ ამას არავითარი კავშირი არა
აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ანუ მას არ აქვს რელიგიური შინაარსი. ეს მარკირების
მეთოდი მთელ მსოფლიოშია მიღებულია იმ მიზნით, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება,
რომ ერთმა და იმავე ადამიანმა რამდენიმე ადგილზე არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და საქართველო სამშვიდობო გზაზე
გავა.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული და სულიერი საუნჯე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ასევე ჩვენი უდიდესი საუნჯეა, რითაც ამაყობს არა მარტო ქართველი კაცი, - იგი იქცა მსოფლიო კუთვნილებად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საუნჯე შევინარჩუნოთ და არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ და გავამრავლოთ კიდეც. რა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარვყოფთ სხვა კულტურას ან ფილოსოფიას. ჩვენ ყველაფერი უნდა მივიღოთ, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, რაც სასარგებლოა ადამიანის სულიერი განვითარებისთვის, მისი სულის ცხონებისათვის, ხოლო რაც არ არის მისაღები, ის უნდა უარვყოთ. ამის გარჩევის უნარი მოგვცეს ღმერთმა!
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა მამულისათვის, რომ უფალმა გადმოგვხედოს, რომ უფალი წყალობდეს საქართველოს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ საჭიროა ადამიანის ნებისყოფა, საჭიროა უფლისადმი ვედრება. ახლა მოვისმინეთ სახარებაში: „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ!“ ვითხოვოთ უფლისგანჩვენი სამშობლოსთვის მშვიდობა და გამთლიანება და აუცილებლად შეისმენს უფალი. ინებოს ღმერთმა საქართველოს მშვიდობა და მთლიანობა.
დღეს მინდა მამა ალექსანდრე გალდავა დავაჯილდოვო, რომელიც ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესიას. იგი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე.
ახლა კი გადავიხდით სამშვიდობო პარაკლისს ჩვენი ერისათვის. შეგახსენებთ, რომ დღეიდან საღამოს ლოცვა სიონში დაიწყება 4 საათზე, რადგან დღე უკვე მოკლეა.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44(252), 2003 წ.