„...ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ყოველდღე წაიკითხოთ
„დავითნი“
და შესთხოვოთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი სამშობლოსათვის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი დაძაბულია დღევანდელი პოლიტიკური
მდგომარეობა საქართველოში, როგორი დაპირისპირებაა სხვადასხვა პოლიტიკურ
დაჯგუფებებსა და მათ მხარდამჭერთა შორის. ეს მეტად საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის,
ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაპირისპირება სისხლისღვრაში
გადაიზარდოს. ამიტომ ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ყოველდღე წაიკითხოთ „დავითნი“
და შესთხოვოთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენი სამშობლოსათვის. უფალი ბრძანებს:
„ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ!“ გულით უნდა
ვითხოვოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. გული უნდა გავუხსნათ უფალს, რომ შემოვიდეს და
დამკვიდრდეს ჩვენში; დაე, იგი იყოს ჩვენთან და ჩვენ მასთან. ამგვარი ერთობა
ადამიანსა და ღმერთს შორის აუცილებელია, განსაკუთრებით, ამ გაჭირვების ჟამს.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის დიდი დღესასწაული - ასიათასი ქართველი მოწამის
ხსენება. ეს ის მოწამენი არიან, რომლებიც ჯალალ-ედ-დინის შემოსევის დროს სიონის
ტაძრის მახლობლად ეწამნენ. როგორც ისტორიიდან გახსოვთ, ჯალალ-ედ-დინის ბრძანებით,
სიონის საპატრიარქო ტაძრიდან გაიტანეს მაცხოვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ხატები და მეტეხის ხიდზე დადეს; ძალით მოიყვანეს ხალხი და ხიდზეგადასვლას და
ხატების შეურაცხყოფას აიძულებდნენ, ხოლო ვინც ხატებს არ წაბილწავდა, - მათ თავს
ჰკვეთდნენ და დაჩეხილ სხეულებს იქვე მტკვარში ყრიდნენ. ქართველმა ერმა ხატების
შეურაცხყოფას სიკვდილი არჩია. მემატიანე წერს, რომ იმ დღეს მტკვარი ქართველი ხალხის
სისხლით წითლად შეიღება. წმიდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს საზეიმოდ
აღვნიშნავთ ხუთშაბათს. ოთხშაბათს, საღამოს შესრულდება სადღესასწაულო ლოცვა, ხოლო
ხუთშაბათს, დილით საღმრთო ლიტურგია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა
დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45(253), 2003 წ.