„...ეს იმიტომ, რომ სასუფეველი თვითონ დავითის გულში იყო,
უფალი მეფობდა მასში და მის გარშემო“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანის და, ზოგადად, კაცობრიობის წინაშე დგას ერთი საკითხი: თუ რა მნიშვნელობა აქვს დროს და პიროვნებას. ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი მეფობენ და არა მეფენი.“ თუმცა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ მეფენი მეფობენ, რომ ადამიანი და პიროვნება ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, მას სათანადო დრო და პირობებიც ესაჭიროება, რომ იმეფოს და თავისი მისია წარმატებულად აღასრულოს. ასეთ შემთხვევაში არსებობს ორი ძალა: ძალა ღვთისა და ძალა ადამიანისა. ამ ორი ნებისა და ძალის შერწყმას სინერგია ეწოდება.
საქართველოში ყოფილა ისეთი ბედნიერი ხანა, როგორიცაა წმიდა დავით აღმაშენებლის, წმიდა თამარ მეფის მეფობის წლები. ჩვენ ამ პერიოდებს ოქროს ხანას ვუწოდებთ. სწორედ მაშინ მოხდა სინერგია, - ღვთისა და ადამიანის ენერგიის შერწყმა და გამთლიანება.
დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ორი დიდი წმიდანის ხსენების დღეს. დღეს არის წმიდა
მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის დამაარსებელია. იგი ღვთის
განგებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნებით ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოიტანა
ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და პირველმა იქადაგა ქრისტეს სჯული.
დღეს ასევე არის ხსენება წმიდანისა და უდიდესი პიროვნებისა საქართველოს
ისტორიაში, წმიდა მეფე ვახტანგ დიდი, გორგასლისა, რომელიც ცხოვრობდა V საუკუნეში და
რომელმაც მოუპოვა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია; მის დროსვე იქნა დადგენილი
პირველი კათოლიკოსი პეტრე. სწორედ V საუკუნის შუა წლებიდან დაედო დასაბამი
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. კულტურა,
მწერლობა, დიდებული წარსული, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, იყო და არის დამყარებული
სწორედ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე.
მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, თუ რა მნიშვნელობა აქვს პიროვნებას. ყოველი პიროვნება მოდის განგებით ღვთისა; მან უნდა აღასრულოს ნება ღვთისა, რადგან არის ღვთის ხატება. და თუ იგი მსგავსებასაც მიაღწევს, ან ცდილობს, რომ მიაღწიოს, - ამ შემთხვევაში აღასრულებს ღვთის ნებას.
მეცნიერები ამბობენ, რომ არის დრო, რომელიც „ართმევს“ და არის დრო, რომელიც „აძლევს“ და ამის მსგავსად, - პიროვნებებიც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულიერი ვამპირები არიან; ასევე არიან პიროვნებები, რომლებიც თავის გარშემო სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებენ. რაზეა ეს დამოკიდებული? ადამიანის თავისუფალ ნებაზე. როდესაც ჩვენ ვევედრებით უფალს, ღირსი გაგვხადოს სასუფეველისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჩვენს პიროვნებას. თუ ადამიანი ბოროტია, თუ იგი ბოროტისმოქმედია, ის რომ უფალმა სასუფეველში შეიყვანოს, - მისთვის სასუფეველი სატანჯველი იქნება. ასეთი ადამიანი თვითონ მიდის იმ სატანჯველსა და ჯოჯოხეთში, რომელიც მას ელოდება. ჯოჯოხეთი აქ, დედამიწაზე იწყება. მაგრამ არის ადამიანი, რომელიც სიყვარულითაა აღსავსე, რომლის გულშიც მთელი მსოფლიო, მთელი სამყარო ეტევა. არიან ადამიანები, რომელთა გულში ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან. და არიან ადამიანები, რომლებიც სიყვარულს, სიკეთეს, მოთმინებასა და სიბრძნეს ასხივებენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თესენ ღვარძლს, შურსა და მტრობას. ამიტომ ჯოჯოხეთიცა და სასუფეველიც აქედან, მიწიერი ცხოვრებიდანვე იწყება მათთვის.
მინდა იცოდეთ, რომ მაინც მეფენი მეფობენ, ადამიანი მეფობს, მაგრამ თან უნდა გვახსოვდეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „უფალი მეფობს.“ თქვენ გახსოვთ, როცა წმიდა დავით წინასწარმეტყველი დიდებით შედიოდა იერუსალიმში, ხალხი ზეიმობდა და ადიდებდა დავითს. მან კი გააჩუმა ერი, მოუხმო დიდებულებსდა უთხრა: „გადაეცით ყველას, რომ უფალი მეფობს.“ ეს იმიტომ, რომ სასუფეველი თვითონ დავითის გულში იყო, უფალი მეფობდა მასში და მის გარშემო. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას, რომელიც მოდის ამქვეყნად.
ღმერთმა ინებოს, რომ უფალი მეფობდეს ჩვენში და ჩვენს გარშემო!
ღმერთმა ინებოს, რომ ის გაჭირვება, განსაცდელი, რომელშიც იმყოფება საქართველო, სიხარულით შეიცვალოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №50(258), 2003 წ.