უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II საკვირაო ქადაგება

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 14 დეკემბერი, 2003 წელი

„მოწყალება, - ეს არის უმარტივესი გზა სასუფევლისაკენ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის ხსენება წმიდა ფილარეტისა, რომელსაც ეწოდება „მოწყალე“. მას ჰყავდა ოჯახი და ძალიან შეძლებულიც იყო, მაგრამ ყველაფერი გასცა, ზოგიც ქურდებმა მოჰპარეს და იგი გაღატაკდა. მაგრამ მოწყალე გულის სანაცვლოდ უფალმა კვლავ დაუბრუნა სიმდიდრე. მოწყალება - ეს არის უმარტივესი გზა სასუფევლისაკენ. მოწყალე ადამიანი ბედნიერია ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. ამიტომ წერია: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ ისინი შეიწყალნენ.“ ყველამ, ვისაც კი აქვს საშუალება, უნდა გასცეს მოწყალება. თქვენ იცით, რომ მოწყალება მრავალი სახის არსებობს. შეიძლება ადამიანს მატერიალურად შეეწიო. მაგრამ, ძალიან ხშირად, სულიერი მოწყალება, ანუ თბილი და ტკბილი სიტყვა უფრო მეტს ნიშნავს და მეტ საქმეს აკეთებს. ამიტომ ნუ დავიშურებთ, ვუთხრათ ერთმანეთს ტკბილი სიტყვა. დღეს ადამიანს განსაკუთრებით ესაჭიროება იმედი, ნუგეში და ტკბილი სიტყვა.

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანები მომავლის იმედს კარგავენ, რაც სასოწარკვეთილების ცოდვაა. გახსოვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი და უფალმა ყოველთვის შეიძლება ისეთი სასწაული მოგვივლინოს, რომ გაოცებულნი დავრჩეთ. ამიტომ მომავლის იმედს ნუ დაკარგავთ. მართალია, დღეს საქართველო განსაცდელშია, მაგრამ ღვთის მადლითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წყალობით, აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული ღვთისა და ადამიანისა; უნდა გვქონდეს თავმდაბლობა და „განცდაი თვისთა ცოდვათა“.

ბიბლიაში წერია, უფალი ბრძანებს: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს.“ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფალი შეიწყალებს ჩვენს ქვეყანას. საქართველო გამთლიანდება, დამშვიდდება და გაბრწყინდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ; ღმერთმა მოგცეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული. უხვი სიყვარული უნდა გქონდეთ და უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ სიყვარულს, სიკეთეს და მოწყალებას გასცემთ, მით უფრო მეტს მოგანიჭებთ უფალი; ასმაგად მოგეზღვებათ ყოველივე, რასაც იქმთ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გქონდეთ იმედი ერთმანეთისა და იმედი ღვთისა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ორი დიდი დღესასწაული უწევს: ბარბარობა და ნიკოლოზობა. წმიდა ბარბარე და წმიდა ნიკოლოზი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №50(258), 2003 წ.