„უფალმა საქართველოზე დიდი წყალობა მოიღო!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ხვალ ილიაობაა. წირვალოცვა წმიდა ილია წინასწარმეტყველისა და წმიდა ილია მართლის სახელზე სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება.
ბოლო დროს უფალი დიდ სასწაულებს გვაჩვენებს, რათა განამტკიცოს ჩვენში სარწმუნოება. გუშინ გორის მიმდებარე სოფლიდან ჩემთან ჩამოიყვანეს გოგონა, რომელსაც სხეულზე ჯვრები ესახება, თითქოს ნემსით არის ამოკაწრული და ასომთავრულად აწერია: „იესო ქრისტე არს ღმერთი!“ ეს გონიერი გოგონაა, უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. მას უფალი ეცხადება და არიგებს. საოცარი კიდევ ესაა, რომ სხეულიდან ზეთისნაირი სურნელოვანი მირონი სდის. აქამდე ასეთი რამ არ მსმენია. გარდაცვლილი წმიდანების წმიდა ნაწილებიდან მირონდენა ხშირი შემთხვევაა. ამის მაგალითია წმიდა დიმიტრი თესალონიკელის მირონმდინარე თავის ქალა, კლიმენტი რომის პაპის, წმიდა ნიკოლოზისა და სხვა წმიდანების წმიდა ნაწილებიდან გადმოდენილი მირონი. მაგრამ ცოცხალ ადამიანს, რომ მირონი სდიოდეს მეტად უცნაურია. გოგონა და მისი ოჯახი შეშინებულები არაინ.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა ჩვენთან. ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სწრაფვა უნდა იყოს უფლისაკენ და მერე - ადამიანებისაკენ. დიდი მადლია მოწყალება. ყველა ადამიანს შეუძლია სიკეთის ქმნა. მათხოვარსაც შეუძლია თავისზე მეტად გაჭირვებული ადამიანი ნახოს და მას დაეხმაროს. ხშირი შემთხვევაა ისეთიც, როცა ადამიანს მატერიალურად არ უჭირს, ხოლო სულიერად მძიმე მდგომარეობაშია. შედეგი კი სულიერი გაჭირვებისა არის სასოწარკვეთილება. ასეთი ადამიანები თავსაც იკლავენ. ყოველ ჩვენთაგანს აქვს საშუალება, რომ იმედის სიტყვა უთხრას მეორე ადამიანს, ნუგეში სცეს მას, ილოცოს მისთვის.
ყველას მოგიწოდებთ, არ დაგავიწყდეთ: მუდმივი ლოცვა - სწრაფვა უფლისაკენ და მოწყალების საქმე - სწრაფვა ადამიანებისაკენ, რათა ჩვენი ცხოვრებით სულიერი ჯვარი შევქმნათ. და თუ ეს ვერ შესძლო ადამიანმა, ამაოა მისი ცხოვრება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
გეწეოდეთ წმიდა ელია წინასწარმეტყველი!
თქვენ იცით, წმიდა ელია წინასწარმეტყველი იყო დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და იგი დიდი სასწაულთმოქმედია. უფალმა საქართველოზე დიდი წყალობა მოიღო და ხალენი წმიდა ელია წინასწარმეტყველისა ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე იყო ჩამოტანილი ჩვენს ქვეყანაში და დაკრძალული მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28(286), 2004 წ.