„თქვენ დაუბრუნდით თქვენი წინაპრების სარწმუნოებას და ეს არის დიდი წყალობა ღვთისა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს - ხსენებას წმიდათა დიდთა მოწამეთა და მეფეთა არჩილ და ლუარსაბისა. მათი ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
უფალი ბრძანებს: „სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რა საუნჯეს აგროვებს იგი - მიწიერს თუ სულიერს. კი, მიწიერიც საჭიროა, მაგრამ იგი ადამიანს საფლავის კარამდეც ვერ აცილებს. როცა ადამიანი აგროვებს სულიერ საუნჯეს, ის უძლეველია. დიდი ადამიანები მუდამ ფიქრობდნენ ამის შეძენაზე. ასე იყო ანტიკურ ხანაში, ასე იყო ქრისტეს შობის შემდეგ და ასეა ახლაც. გავიხსენოთ თუნდაც ალექსანდრე მაკედონელი. იგი ქრისტეს შობამდე მოღვაწეობდა. იცოცხლა სულ 33 წელი და დაიპყრო ნახევარ მსოფლიოზე მეტი, მაგრამ მისი გული მიწიერ სიმდიდრესა და დიდებას არ დაუმონებია. როცა იგი რომელიმე ქვეყანას დაიპყრობდა და მისი ჯარის მხედართმთავრები იმ ქვეყნის უთვალავ სიმდიდრეს მიართმევდნენ, იგი ყველაფერს გასცემდა. ეკითხებოდნენ: „შენ რა დაგრჩა, შენთვის რას იტოვებ, მეფეო?“ ის კი პასუხობდა: „მე იმედი მრჩება და სხვა არაფერი მჭირდებაო!“
ისტორიიდან ასევე ცნობილია, რომ გარდაცვალების წინ ალექსანდრე მაკედონელმა ასეთი ანდერძი დატოვა: როცა გამასვენებენ, კუბოდან ჩემი ხელი ჩამოუშვით, რომ ხალხმა იხილოს, - საიქიოს არაფერი მიმაქვსო. სამწუხაროა, რომ დღეს ეს ძალიან ბევრს ავიწყდება.
უფალი ბრძანებს: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. ვფიქრობთ არა მარტო დღევანდელზე, არამედ ხვალინდელზეც და მომავალზეც და კიდევ იმაზეც, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა რა უნდა ჭამონ. ეს არასწორია. ამიტომაცაა, რომ როდესაც ასეთი ადამიანი ამ მიწიერ საუნჯეს კარგავს, მისთვის ეს უდიდეს ტრაგედიად იქცევა.
რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი თავისი არსებობისთვის საჭიროებს როგორც სულიერ, ისე მიწიერ საზრდოს. რა თქმა უნდა, მან უნდა იშრომოს მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლადაც, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ შექმნას დოვლათი და უზრუნველად იცხოვროს, არამედ იმისათვის, რომ გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება შეძლოს, მოწყალების საქმე აკეთოს და სულიერი საუნჯის მოხვეჭა არ დაივიწყოს.
გაიხსენეთ ჩვენი დიდი წმიდა მეფეები თამარი და დავით აღმაშენებელი. მათ უთვალავი მიწიერი საუნჯე ჰქონდათ, მაგრამ ამაზე მეტი ჰქონდათ სულიერი - ლოცვა, მარხვა, მოწყალების საქმე.
ისტორიიდან ცნობილია, როგორ ლოცულობდნენ ეს მეფეები. მაგალითად, როგორ მიუძღვოდა თამარი ფეხშიშველი ჯვრით ხელში თავის ჯარს. და მერე თავის სასახლეში კი არ ბრუნდებოდა, არამედ მონასტერში მიდიოდა და იქ დღესა და ღამეს ღვთისადმი ვედრებაში ატარებდა, რომ ჯარი შინ გამარჯვებული დაბრუნებულიყო. დიდი სულიერობით გამოირჩეოდა წმიდა მეფე არჩილი და ლუარსაბი და სხვა მრავალი.
აღვავლენთ ლოცვას, რომ უფალმა გაგვიხსნას გონება, რათა შევძლოთ მართლად ვიაროთ ღვთის წინაშე. გუშინ, ცისკარზე წაკითხულ იყო სახარება, სადაც წერია, რომ მოციქულებმა ვერ იცნეს აღმდგარი უფალი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათი გონება დახშული იყო და მხოლოდ, როდესაც ინახით მჯდომმა მაცხოვარმა პური გატეხა მათთან, მიხვდნენ, რომ იგი იესო იყო.
შევთხოვოთ უფალს, გაგვინათლოს გონება და გაგვიხსნას გულის კარი. უფრო სწორედ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, გავუხსნათ უფალს ჩვენი განწმენდილი გულის კარი. გულის სიწმიდე აუცილებელია, რომ შემოვიდეს უფალი და ადამიანი იქმნას ტაძრად სულისა წმიდისა.
ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ უნდა გავხდეთ მკვიდრნი სასუფეველისა; გვავიწყდება, რომ ეს სოფელი არის დროებითი სამყოფელი, რომელიც ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენს და ამ ბრძოლაში იოლად არაფერი მოიპოვება, რომ გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა. აუცილებლად საჭიროა სულიერი მოღვაწეობა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! წმიდა არჩილ და ლუარსაბის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
დღეს განსაკუთრებული დღეა კიდევ იმიტომ, რომ ჩვენთან ჩამოსულები არიან ქართველები თურქეთიდან; მათი სურვილით დღეს შედგა მათი ნათლობა და ეწოდათ დავითი და ნინო. ვულოცავთ ამ ახალგაზრდებს დიდი მადლის მიღებას!
მინდა გითხრათ, რომ სტამბულში ჩემი ვიზიტის დროს, ჩემთან ბევრი ადგილობრივი ქართველი მოდიოდა და საათობით ვსაუბრობდით; ვიხსენებდით ჩვენს ისტორიას, წარსულს. ბოლოს ზოგიერთი ჩუმად მეკითხებოდა, სად შეიძლება მოვინათლოო. მინდა ვუთხრა ახლადმონათლულ დავითსა და ნინოს: თქვენ დაუბრუნდით თქვენი წინაპრების სარწმუნოებას. ეს არის დიდი წყალობა ღვთისა! ღვთის გარეშე არაფერი ხდება! ჩვენი ახალგაზრდების, მთელი მრევლის სახელით გილოცავთ ამ დიდი მადლის მიღებას! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და ღმერთი იყოს თქვენი და იმ ქართველების მფარველი, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან წმიდა ნათლობას.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25(283), 2004 წ.