„ჩვენი წინაპარი ქართლოსი და მისი ძე მცხეთოსი ჭეშმარიტი
ღვთის მადიდებელნი
იყვნენ, რაც ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტია!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი ქმნილებათა შორის ყველაზე დიდი საიდუმლოებაა და ჩვენ ვერასდროს ჩავწვდებით მის არსს. მაგრამ ვიცით, რომ ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება. თუ როგორ ხდება ეს შეერთება, შემდეგ კიდევ გაყოფა და გარდაცვალება - აუხსნელია. ადამიანის იდუმალებას ღვთის მიუწმდომლობა განაპირობებს, რადგან იგი უფლის ხატად არის შექმნილი.
სპარსული წარმოშობის ერთი წიგნში - „ყაბუს ნამე“ ვკითხულობთ ასეთ დარიგებას: „შვილო ჩემო, შენ შეგიძლია იმსჯელო იმის შესახებ, როგორ გამოვლინდება ძალა ღვთისა ბუნებაში, თუ ადამიანებში, თუ სხვაგან, მაგრამ ღვთის არსს ნუ შეეხები, იმიტომ რომ მიუწვდომელია იგი.“ რა თქმა უნდა, ქრისტიანობაშიც ასეთი აზრია. წმიდა მამები ამბობენ, რომ ადამიანი ვერასდროს მისწვდება ღვთის არსს. როგორ არის წმიდა სამება და ერთი ღმერთი?!
წმიდა მამები ძალიან მარტივად ხსნიან, როგორ შეგვიძლია გავიგოთ ერთი ღმერთი და წმიდა სამება ერთსა და იმავე დროს. ძალიან ბევრი ბრკოლდებოდა და ბრკოლდება ამით. მუსულმანური სამყაროს ლიდერები ძალიან ხშირად გვეუბნებიან: თქვენ არასწორი რწმენა გაქვთ, ერთი ღმერთის მაგივრად, სამი ღმერთი გწამთო - წმიდა სამებას გულისხმობენ.
წმიდა მამები აკეთებენ ასეთ შედარებას, ძალიან მარტივს, მაგრამ ყველასთვის გასაგებს: ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ მზე; მზის დისკო, ეს არის მამა, სხივი, რომელიც გამოდის მზისაგან - არის ძე და სითბო, რომელიც გამოდის მზისაგან - სულიწმიდა. ეს ყველაფერი არის მზე მთლიანობაში. ასევე შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენ ერთი ღმერთი და ამავე დროს, წმიდა სამება.
თქვენ გახსოვთ, აქ იყო წმიდა სამების ხატი, რომელიც ახლა საპატრიარქოშია და ჩვენ მას ვამზადებთ, წმიდა სამების საკათედრო ტაძრისათვის, რომელიც ღვთის მადლით ახლა გიორგობას იკურთხება.
წელს, გარდა იმისა, რომ შედგება კურთხევა წმიდა სამების ტაძრისა, მეტად სასიხარულო მოვლენაა ისიც, რომ იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება, 2004 და 2005 წლებში მთელს მსოფლიოში აღინიშნოს საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრების ოცსაუკუნოვანი ისტორია. მსოფლიო გაეცნობა ჩვენს წარსულს, როგორც ქრისტიანულს, ისე ქრისტიანობამდელს.
მინდა აღვნიშნო, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ წერია დიდმნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ქართლოსი და მცხეთოსი - მცხეთის დამაარსებელი, იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებლები, ე. ი. სხვების მსგავსად, წარმართები კი არ იყვნენ, არამედ, „ჭეშმარიტი ღმერთის მაღიარებლები“. ეს დიდი მადლია ჩვენთვის. მათ შემდეგ კი შემოვიდა საქართველოში წარმართობა, მზის, მთვარისა და სხვა კერპთაყვანისმცემლობა. ასე რომ, ჩვენი ძირი იმთავითვე ჭეშმარიტ რწმენასთან იყო ნაზიარები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42(300), 2004 წ.