„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც უხეშად შეეხება ეკლესიას, იგი თავადვე დაინგრევა და დაეცემა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმიდა სამების ტაძრის კურთხევამდე ერთი კვირა დარჩა. უფალი ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ბჭენი ჯოჯოხეთისანი დღესაც ძალიან ცდილობენ, მოერიონ ეკლესიას, მაგრამ ამაოა მათი ზრახვები.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც უხეშად შეეხება ეკლესიას, იგი თავადვე დაინგრევა და დაეცემა.
როგორც იცით, ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ამიტომ გააძლიერეთ ლოცვა, რომ ღმერთმა მშვიდობის გიორგობა გაგვითენოს.
მომავალ კვირას არის მთავარანგელოზობა. მთავარანგელოზობის დღესასწაულზე იქნება მცირე ტრაპეზების კურთხევა წმიდა სამების ეკლესიაში. წმიდა სამების დიდ ტაძარში სულ 12 ტრაპეზია: ორი დიდია - (წმიდა სამებისა და ხარების) და 10 - მცირე.
და აი, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე შესრულდება წმიდა ხარების დიდი ეკლესიისა და 10 მცირე ტრაპეზის კურთხევა. ანუ 21 ნოემბერს იკურთხება წმიდა სამების კომპლექსის 11 ეკლესია. მე-12 ცენტრალური კი, წმიდა სამების სახელობისა, იკურთხება გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ბედნიერი გიორგობა და მთავარანგელოზობა გაგითენოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №43(301), 2004 წ.