სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ყოვლადწმიდა სამების დღესასწაულს! შევთხოვთ ყოვლადწმიდა
სამებას, რომ მადლი ღვთისა, მადლი სულისა წმიდისა, უძლურთა მკურნალი და
ნაკლულევანთა აღმავსებელი ყოფილიყოს მცველი და
მფარველი სრულიად საქართველოსი!
დღეს განსაკუთრებულად აღავლინეთ ლოცვები ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის, მისი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ქართველი ხალხის ერთსულოვნებისათვის;
საქართველო მრავალი სიწმიდით არის დაჯილდოვებული; დიდი მადლია მოფენილი აქ, მაგრამ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ამას და ვხედავდეთ, რომ ის, რაც სხვას ეპატიება, არ გვეპატიება ჩვენ, რადგან ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით.
გავიხსენოთ ისტორია ძველი ისრაელისა: როგორც კი იგი გადაუხვევდა ჭეშმარიტ გზას, აუცილებლად მონობაში ვარდებოდა, აუცილებლად ისჯებოდა; საქართველო არის ახალი ისრაელი; და იგიც ყოველთვის ისჯება, როგორც კი ღალატობს ჭეშმარიტებას. თქვენ იცით, უფალი იესო ქრისტე არს გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, ჩვენ უნდა ვიაროთ მისი გზით, როგორც უვლიათ ჩვენს წინაპრებს და ვივლით ჩვენც აწ და მარადის.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით აღვავლინეთ ლოცვები აფხაზეთის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, აფხაზეთის დაბრუნებისათვის. ხანდახან ზოგიერთი ადამიანი ამბობს, აფხაზეთი დავკარგეთო. ეს სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, ჩვენ არ დაგვიკარგავს იგი, აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველოს შემადგენლობაში. უბრალოდ, დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას, მაგრამ ღვთის მადლითა და წყალობით ალბათ მალე დადგება ის დრო, როცა ვიზეიმებთ აფხაზეთის დაბრუნებას. ასევე ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, არ დაგვიკარგავს, ჩვენ ვიყავით იქ, ვართ და ვიქნებით მუდამ. საქართველო გამთლიანდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ჩვენი ძალითა და შრომით კი არ მოხდება ეს, არამედ ღვთის წყალობით და მფარველობით.
მე მახსენდება ის 11 წელი, რომელიც აფხაზეთში გავატარე, ეს იყო საოცარი წლები ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა. მაგრამ გარეშე მტერი ამზადებდა დაპირისპირებას, ზრდიდა მოღალატეებს და გაზარდა კიდეც. თუმცა იმათი დღეები დათვლილია.
მე გულისტკივილით მინდა გავიხსენო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები იყვნენ, ტაძარში ძირითადად რუსები მოდიოდნენ; როცა ქართველებს ვეკითხებოდი, თქვენ რას ფიქრობთ-მეთქი, ისინი პასუხობდნენ - ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მანდარინის პლანტაცია გვაქვს, ამას უნდა მოვუაროთ, ვერ დავკარგავთ; მერე უნდა მოვკრიფოთ, უნდა გავყიდოთ, ფული უნდა ვიშოვოთო და ასე გადიოდა წლები. სპეციალურად შეიქმნა მგალობელთა ქართული გუნდი, ამანაც ვერ მოიზიდა ქართველები.
და აი, უფალმა სასჯელი მოიღო, მაგრამ ეს სიყვარულის სასჯელია.
ადამიანმა უფალს მრავალი სახელი უწოდა, იოანე ღვთისმეტყველმა ალბათ ყველაზე სწორად გამოთქვა იგი - ღმერთი სიყვარულია. როგორც ღმერთის არსს ვერ შეიცნობს ვერავითარი გონება, ასევე სიყვარულს ვერვინ მისწვდება - ვერ გააცნობიერებს, საიდან მოდის, ან სად მიდის; ღმერთივით სიყვარულიც დაუსრულებელია.
არსებობს სამი სათნოება - რწმენა, სასოება და სიყვარული. რწმენა დამთავრდება იმიტომ, რომ რაც ადამიანს სწამდა, მას უკვე გარდაცვალების შემდეგ დაინახავს თავისი თვალით; ასევე სასოებაც, განხორციელდება, სიყვარული კი მარად იქნება. მის გარეშე ვერ იარსებებს ადამიანი ვერც აქ და ვერც ცათა სასუფეველში.
სიყვარული გფარავდეთ, სიყვარულის ქვეშ გამყოფოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველო!
თქვენ ისიც იცით, რომ იმდენად დიდია უფლის სიყვარული, მას ვერავითარი ცოდვა ვერ აღემატება, უკეთუ ადამიანს გააჩნია სინანული და თავმდაბლობა. სიყვარული ჰფარავს ცოდვებს და უფალი ადამიანს შეუნდობს თუ მას აქვს ასეთი გრძნობა: „მომანიჭე მე, უფალო, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. როგორ საოცრად დაუკავშირა ეფრემ ასურმა ეს ორი ცნება - განცდა საკუთარი ცოდვებისა და ამავე დროს, არა განკითხვა მოყვასისა. ეს უნდა ჰქონდეს ყოველ მორწმუნე მართლმადიდებელ ადამიანს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქუენ ყოველთა თანა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27(285), 2004 წ.