სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
საოცარია და საკვირველი საქმენი უფლისანი! ადამიანის გონება ან მისი გული
ვერასდროს მისწვდება მას. იგი გამოვლინდება ყველგან: ადამიანის მოქმედებაში,
აზროვნებაში, საერთოდ, ცოცხალ სამყაროში და მთელ კოსმოსში.
ერთი დიდი მეცნიერი სწორად შენიშნავს: „მე არ მინახავს ღმერთი, მე ვნახე მხოლოდ
კვალი უფლის ხელისა“. მართლაც, ამ კვალს ყველგან ვხედავთ, უპირველეს ყოვლისა კი,
საკუთარ თავში და ჩვენსავე ცხოვრებაში. ვხედავთ, რომ უფალი მუდამ მფარველობს
ადამიანს და განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ცდილობს, დაუახლოვდეს შემოქმედს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უფალი თვითონაც აკეთებს არჩევანს. მაგალითად იგი
ერთ-ერთ წინასწარმეტყველს ეუბნება: ჯერ შენ დედის მუცელშიც კი არ იყავი ჩასახული,
როცა მე შენ გიცნობდიო. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ღვთისათვის წარსული და
მომავალი არ არსებობს, და რომ ყველაფერი აწმყოა.
უფლის რჩეულია წმიდა ნიკოლოზიც, რომლის ხსენებასაც ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ მის მშობლებს დიდხანს შვილი არ ჰყავდათ და ევედრებოდნენ ღმერთს შთამომავალს, რომელსაც მას შესწირავდნენ. და მართლაც, თხოვნა აუსრულდათ და ეყოლათ ერთადერთი შვილი, რომელსაც ნიკოლოზი უწოდეს.
სახელი „ნიკოლოზი“ ნიშნავს გამარჯვებულს. და მართლაც, ასეთია მისი ცხოვრება. იესო ქრისტემ მისცა მას განსაკუთრებული მადლი; მადლი, რომელიც ულევ წყაროსავით მოედინება. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ წმიდა ნიკოლოზი არის სასწაულთმოქმედი და მსწრაფლშემწე. მრავალი სასწაული აქვს მას მოხდენილი თავის სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდგომაც.
წმიდა სერაფიმე საროველი ამბობს: მოპოვე მცირე მადლი და ცხონდები შენც და ათასობით ადამიანიც შენს გარშემო. ამის მაგლითია სწორედ წმიდა ნიკოლოზი. მან მოიპოვა დიდი მადლი, თავისი მშობლების, თავისი ბიძის ლოცვებით. და საკუთარი მოღვაწეობით. თქვენ იცით, რომ ბიძამისი იყო ეპისკოპოსი. მან აკურთხა მოძღვრად წმიდა ნიკოლოზი და უთხრა: ბედნიერია ის სამწყსო, სადაც შენ იქნები მწყემსიო.
მინდა გაგახსენოთ მის მიერ აღსრულებულ მრავალ სასწაულთაგან ერთ-ერთი, რომელიც ერთი საუკუნის წინ, უკრაინაში მოხდა. ოჯახი - ცოლ-ქმარი და ძუძუმწოვარი ბავშვი მიდიოდა წმიდა ნიკოლოზის ტაძარში ღამისთევით. ღამით, როცა მდინარეზე ნავით გადადიოდნენ, დედას ხელიდან გაუსხლტა ჩვილი და წყალში ჩაუვარდა. სიბნელის გამო ბავშვი ვეღარ იპოვეს. მთელი ღამე ტრიალებდნენ იმ ადგილის გარშემო, რა თქმა უნდა, უკვე იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ცოცხალს მიაგნებდნენ და ფიქრობდნენ, იქნებ მკვდარი მაინც ეპოვათ. მაგრამ ამაოდ ეძებს. შემდეგ იწყეს ბჭობა: რა ვქნათ, წავიდეთ ეკლესიაში თუ შინ დავბრუნდეთო. მაინც გადაწყვიტეს ტაძარში მისვლა; ჩვენი მწუხარება წმიდა ნიკოლოზს გავუზიაროთო. გარიჟრაჟი იყო; მრევლი ჯერ არ იყო ეკლესიაში მისული; ბავშვის მშობლებმა დარაჯს დაუძახეს და კარები გააღებინეს. ღია ტაძრიდან მათ პატარას ტირილი შემოესმათ. ტაძარში შესულებმა კი სასწაული იხილეს,
- წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ იწვა მათი შვილი, რომელსაც ტანსაცმელი ჯერ კიდევ სველი ჰქონდა.
მსგავსი სასწაულები სხვაც ბევრია. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა კლიმენტი, რომის პაპის ცხოვრება. წმიდა კლიმენტი ცხოვრობდა I-II საუკუნეში. იგი იყო ნაკურთხი წმიდა პეტრე მოციქულის მიერ და იყო პეტრეს და პავლეს მოწაფე. იგი რომიდან ხერსონში გადაასახლეს და საშინლად აწამეს; ყელზე მოაბეს გემის ღუზა, ჩაუშვეს ზღვაში და დაახრჩვეს. ხალხს ძალიან უნდოდა მისი ცხედრის პოვნა, მაგრამ ზღვაში ძებნამ შედეგი ვერ მოიტანა. და აი, მოხდა სასწაული. ზღვის წყალი 7 დღით მიიქცა და მოსახლეობამ კვლავ დაიწყო ძიება წმიდა კლიმენტი რომის პაპის სხეულისა. იგი ზღვის ფსკერზე, გამოქვაბულში ნახეს და რაკი აქ იპოვეს, აღარ წამოასვენეს. 7 დღის შემდეგ კი მისი სხეული კვლავ წყალმა დაფარა. როცა მიმოქცევა იყო ზღვისა და თავისუფლდებოდა ფსკერი, ხალხი მიდიოდა და თაყვანს სცემდა წმიდა კლიმენტის. ეს ხდებოდა ყოველ წელს და აი, ერთხელ ზღვა რომ მობრუნდა, ერთმა ვერ მოასწრო ამოსვლა და იგი წყალმა შთანთქა. ეს იყო უმძიმესი განსაცდელი მშობლებისათვის. ერთი წელი მათ გოდებასა და ტირილში გაატარეს და შემდეგ წელიწადს, როცა მიქცევა მოხდა წყლისა, ეს მშობლები წავიდნენ წმიდა კლიმენტის თაყვანსაცემად და როცა შევიდნენ გამოქვაბულში, იქ ცოცხალი ნახეს თავიანთი შვილი. ეს იყო გამაოგნებელი სასწაული. ეს ყრმა შემდეგ უამბობდა დედ-მამას, თუ როგორ კვებავდა წმიდა კლიმენტი მას მთელი წლის განმავლობაში, და რომ არავითარი ზღვა და არავითარი წყალი გამოქვაბულში არ იყო.
ასეთ საოცარ სასწაულთ იქმან წმიდანები, განსაკუთრებით კი წმიდა ნიკოლოზი.
დღესაც, ვინც რწმენით, სიყვარულითა და სიხარულით მიდის მასთან, ყველა ღებულობს
დახმარებას. ამასთან, მას მიმართავენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მუსულმანები და
სხვა რელიგიის წარმომადგენლები და იგი ყველას ეხმარება.
აი, ამ დიდი მღვდელმთავრის ხსენება არის დღეს.
მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვთხოვეთ წმიდა ნიკოლოზს, ყოფილიყო მფარველი ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერისა და ვუწოდეთ მას უწმიდესი და უნეტარესი, მთავარეპისკოპოსი მირონლუკიისა და ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი. სამი დღის წინ ჩვენი დელეგაცია წავიდა იტალიაში. (თქვენ იცით, წმიდა ნიკოლოზი ქალაქ ბარიშია დასვენებული). ჩვენ მივმართეთ წმიდა ნიკოლოზს წერილით და იგი ამ დელეგაციას გავატანეთ და მე მინდა წაგიკითხოთ ეს ბარათი.
მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ნიკოლოზს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს, ყოველთა ქართველთა დიდსა კათოლიკოს-პატრიარქს
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოველთა ქართველთა სულიერო მამავ და დიდო მოძღვარო!
ქართველი ერისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ვეამბორები შენს წმინდა მარჯვენას და სიმდაბლით თაყვანსა გცემ შენ. გევედრები, დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე და დაამშვიდე სამწყსო შენი, სრულიად საქართველო. ევედრე მაცხოვარსა ყოველთასა, რათა სახელები ყოველთა ქართველთა ჩაიწეროს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა და რათა მეოხებითა შენითა და მფარველობითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა დაცულ იქმნას ერი ჩვენი მზაკვრებისაგან ბოროტისა და ღირს გვყავ ჩვენ დამკვიდრებად სასუფეველსა ცათასა.
ქართველი ერი სიმდაბლით გიძღვნის შენ ოქროს პანაღიას წმიდისა დიდისა მეფისა
დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც ბრძანდება წინაპარი საქართველოს ბაგრატიონთა
სამეფო გვარისა.
შენი მდაბალი მორჩილი და სულიერი შვილი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
დღეს ამ ოქროს პანაღიასა და წერილს მიართმევენ წმიდა ნიკოლოზს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის განსაცდელი, რომელიც ხვდება ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას, წმიდა ნიკოლოზის ლოცვით გაივლის, ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იქნება მწყემსი ჩვენი.
დღევანდელი დღე იმითაც არის გამორჩეული, რომ 7 წლის წინ დავლოცეთ საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერების აკადემია და მისი თანამშრომელნი. თქვენ კარგად გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ეკოლოგიური საკითხები. მეცნიერები ამბობენ, რომ იმდენად რთულია ამ მხრივ მდგომარეობა მთელ მსოფლიოში, იმდენად დაბინძურებულია წყალი, ჰაერი, ნიადაგი, რომ მსოფლიოს ომი აღარ სჭირდება; ისე შეიძლება მოისპოს მთელი კაცობრიობა. ჩვენ წმიდა სამების ამ ტაძარში ვლოცავთ ამ ჩვენს მეცნიერებს, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მეცნიერებას. ღმერთმა ინებოს, რომ განიწმიდოს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულიერი სამყარო, რომ განიწმიდოს ბუნებაც. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის მეცნიერები და სრულიად საქართველო!
მე ასევე მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც შექმნეს ეს ბრწყინვალე ხატი წმიდა ბარბარესი. წმიდა ბარბარეც დიდი სასწაულთმოქმედია და უხვად გარდამოგვივლენს მადლს. ახლა შედგება ამ ხატის კურთხევა. შემდეგ კი გექნებათ საშუალება, ემთხვიოთ წმიდა ბარბარეს ხატს და ითხოვოთ მისგან შეწევნა.
კარგად იცით, რამდენად მძიმედ გვაწევს ეს ფაქტი, რომ საქართველო გათიშულია და დროებით არ ვაკონტროლებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ამ რამდენიმე დღის წინ შედგა წმიდა სინოდის სხდომა და წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 25 დეკემბერს, მომავალ შაბათს აქ, წმიდა სამების ტაძარში აღევლინოს წირვა-ლოცვა და მოხდეს მონანიება ჩვენს ცოდვათა. ცოდვა ჩადენილი აქვს ყველას: ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სხვებს და აი, აქ უფლის წინაშე უნდა მოვინანიოთ ეს ცოდვები და უნდა დაიწყოს შერიგების პროცესი ჩვენს ერებს შორის. ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იქნება საქართველოს შემადგენლობაში და ჩვენ იქ უნდა შევიდეთ როგორც მოსიყვარულე ძმები. ლოცვა-კურთხევა აქვს მიცემული მცხეთა-თბილისის სამღვდელოებას, რომ შაბათს ისინი შეასრულებენ წირვა-ლოცვებს თავის ტაძრებში და შემდეგ ხატებით, ჯვრებით, მრევლით და გუნდებით საზეიმოდ წამოვლენ აქ, რათა ერთად შევთხოვოთ უფალს, შეგვარიგოს და გვაკმაროს განსაცდელი.
ჩვენ მივმართავთ ყველას: ქართველებს, აფხაზებს, ოსებს და სხვებს, რომ გამოიჩინონ ქრისტიანული სათნოება, მიმტევებლობა. ბედნიერია ის, ვისაც ეს მადლი აქვს, ვინც ცდილობს შეურიგდეს მას, რომლისგანაც მიღებული აქვს წყენა.
ვფიქრობ, 25 დეკემბერი მნიშვნელოვანი იქნება, ეს ერთობლივი ლოცვები შეარიგებს და გაამთლიანებს სრულიად საქართველოს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ასე იყოს.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №48(306), 2004 წ.