„უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არ შეიძლება
სულ ერთ სულიერ მდგომარეობაში იყოს:
იგი ან ეცემა, ანდა სულიერ კიბეზე მაღლა მიიწევს“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს.“ ეს არის ჩვენი გზა. მაგრამ უფალი ასევე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ სწორედ ეს გზა უნდა განვლოს თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მოდის ამსოფლად ღვთის განგებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს.“ ამიტომაც ესაა გზა სინანულისა და სულიერი განწმენდისა.
შემთხვევითი არ არის, რომ დღეს მთელი მართლმადიდებელი მსოფლიო ზეიმობს წმიდა იოანე კლემაქსის (კიბისაღმწერელის) ხსენებას. იოანე კლემაქსი ნათლად წარმოაჩენს იმ სულიერ კიბეს, რომელითაც უნდა აღვიდეს ადამიანი მიწიდან ზეცად. ეს პროცესი ძალიან ძნელია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არ შეიძლება, სულ ერთ სულიერ მდგომარეობაში იყოს: იგი ან ეცემა, ანდა სულიერ კიბეზე მაღლა მიიწევს. ღვთის დიდი წყალობით და მისი საიდუმლო განგებით ჩვენ ვართ წევრნი ეკლესიისა და, ამდენად, მოწოდებულნი ვართ ზეაღსლისთვის.
თითოეულ ჩვენთაგანს მრავალი განსაცდელი აქვს დასაძლევი და შეუძლებელია, იგი პრობლემების გარეშე განვვლოთ. ერთი მეცნიერი ამბობს: ქვეყანა შუაზე გაიპო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარაო. თითოეული ჩვენთაგანის გული უნდა გამთლიანდეს და მასში სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას. ცოდვა ოდითგანვე არსებობდა, ჯერ კაენისა და აბელის დროიდან, მაგრამ მაშინ ცოდვას ცოდვა ერქვა. მას გრძნობდა და ხედავდა ყოველი ადამიანი და ცდილობდნენ მისგან განთავისუფლებას.
ძველი აღთქმის რჯულის თანახმად, ისრაელში განტევების ვაცს ხელს დაადებდნენ და შემდეგ უშვებდნენ უდაბნოში. მიჩნეული იყო, რომ მასზე გადავიდოდა ცოდვები და ადამიანი ამით იწმინდებოდა.
წარმართებსაც ჰქონდათ თავიანთი წესი. ისინი გადიოდნენ ზღვასთან და ცოდვებს წყლის ტალღების წინაშე აღიარებდნენ და ფიქრობდენენ, რომ მათ ცოდვებს ტალღები წაიღებდა და სულიერად განიწმიდებოდნენ.
ეკლესიაში ცოდვების მისატევებლად და სულიერი განწმედისათვის დაწესებულია აღსარება და წმიდა ზიარება. ეს საიდუმლო თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაადგინა და პირველად თვითონ აზიარა თავისი მოწაფეები დიდ ხუთშაბათს.
შევთხოვთ ღმერთს, მოგვანიჭოს ძალა და მადლი სულისა წმიდისა, „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“, ის სულიერი ძალა, რომელიც „ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა“ თვისითა. სულიწმიდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ!
ამ დიდებულ დღეს ჩვენ გულითადად მივესალმებით მის აღმატებულებას, საბერძნეთის ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს და ვულოცავ მათ დამოუკიდებლობის დღესასწაულს. მინდა ვთქვა, რომ ურთიერთობა საბერძნეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პერიოდიდან იწყება. ჩვენ გვქონდა და გვაქვს ამ ქვეყანასთან სულიერი და კულტურული ურთიერთობა და იგი არასდროს შეწყდება.
შარშან, როგორც გახსოვთ, ჩვენთან ბრძანდებოდა მისი უნეტარესობა, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი, რომელმაც უდიდესი სიწმინდე ჩამოაბრძანა - თავის ქალა წმიდა ანდრა პირველწოდებულისა. თქვენ გახსოვთ, რომ დღე და ღამე ქართველი ხალხი მიდიოდა ამ სიწმინდის თაყვანსაცემად. წელს მზადდება ჩვენი საპასუხო ვიზიტი საბერძნეთში. ჩვენ გვექნება საშუალება, მივეახლოთ საბერძნეთის სიწმინდეებს, ასევე გვექნება საშუალება მოვილოცოთ ათონის მთაც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ჩვენი სამღვდელოებისა და ერის სახელით მოგესალმებით, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო და გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს თქვენი ქვეყანა, თქვენი ეკლესია და ჩვენი მეგობრობა. ნიშნად ჩვენი პატივისცემისა და სულიერი სიყვარულისა, გადმოგცემთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იგი იყოს ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების მფარველი!
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ელადა! ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგვითენოს!
კიდევ ერთელ ვულოცავ საბერძნეთს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. მშვიდობა, სიხარული და წინსვლა სუფევდეს თქვენს ქვეყანაში.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11(270), 2004 წ.