„საქართველო იქნება ისეთივე დიდი, როგორც იყო წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის დროს!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ მართლაც, დიდია უფალი, მიუწვდომელია მისი არსი და საკვირველია სამენი მისნი, რაც ყოველდღიურად ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად ჩვენს ყოფაში ვლინდება.
სასწაულები მუდამ ახლდა ჩვენი ერის ისტორიას. ძალა ღვთისა მუდამ იფარავდა საქართველოს. მრავალჯერ გადაურჩენია ღვთის მადლს ჩვენი ერი და ქვეყანა. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა მტერს საქართველო უკვე ხერხემალში გადატეხილი ეგონა, მაგრამ სასწაულებრივად აღდგებოდა ხოლმე იგი. რაში იყო ჩვენი ძალა და რატომ გვანიჭებდა უფალი მუდამ დიდ მადლს? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავდით ჭეშმარიტ სარწმუნოებას, თაყვანს ვსცემთ მამას, ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.
ქართველი კაცი თავისი ცხოვრებით მუდამ ქმნიდა ჯვარს - ჩვენ მუდამ გვქონდა სწრაფვა ღვთისკენ, (ეს არის სულიერი ვერტიკალური ძელი) - და მეორე: ქართველი კაცი მუდამ ხედავდა სხვა ადამიანის გაჭირვებას (ეს არის სულიერი ჰორიზონტალური ძელი). ორივე ერთად კი (სწრაფვა ღვთისკენ და სწრაფვა ადამიანისკენ) ქმნის სულიერ ჯვარს. ამ ჯვარმა გადაარჩინა ქართველი ერი.
მრავალი ერი არსებობდა, მათ შორის ჩვენზე ბევრად ძლიერი და მრავალრიცხოვანი, მაგრამ დღეს ისინი აღგვილია პირისაგან მიწისა. საქართველო და ქართველი ერი კი იყო, არის და იქნება, რადგან ჩვენ ვადიდებთ ჭეშმარიტ ღმერთს.
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე საქართველოში ჩამოვიდა ებრაელთა ერის ერთი ნაწილი, რომელთაც ჩამოიტანეს წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი და მათგან მოვისმინეთ ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. მაშინ მრავალმა ქართველმა აღიარა ეს სწავლება, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება ძველი აღთქმისა. როგორ შეიძლება განვიხილოთ, თუ არა სასწაული, რომ საქართველოში ასევე იყო ჩამობრძანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? როგორ შეიძლება გავიგოთ, თუ არა როგორც წყალობა ღვთისა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა? ისიც სასწაული იყო, რომ ქრისტეს მოციქულებმა: ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა, ბართლომემ, თადეოზმა, მატათამ იქადაგეს საქართველოში. IV საუკუნეში კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა გამოგზავნა ორი სამსჭვალი, რომლითაც ჯვარზე უფლის ხელნი იყო მიმსჭვალული. ერთი ამ სამსჭვალთაგანი ინახება საპატრიარქოში, ხოლო მეორე ამჟამად დაცულია კრემლის მუზეუმში.
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ უფლის წყალობა ნამდვილად სუფევს ჩვენ ზედა და იგი იცავს და იფარავს საქართველოს. მაგრამ განსაკუთრებულ მფარველობას ჩვენს ქვეყანას უწევს ღვთისმშობელი დედა, რომლის შობასაც დღეს ვდღესასწაულობთ. მრავალ ტაძარში აღინიშნება ეს დღესასწაული, თუმცა დიდუბის ტაძარი მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მრავალი მეფე, დიდებული და რიგითი ადამიანი მოსულა ამ ხატთან და თაყვანი უცია მისთვის. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი მეფე თამარმა.
შევთხოვთ უფალს და ყოვლადწმიდა ღვთიმშობელს, არ მოგვაკლოს მადლი სულისა წმიდისა, რომელიც არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.“ ეს მადლი გადაარჩენს საქართველოს და გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას. საქართველო იქნება ისეთივე დიდი, როგორც იყო წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის დროს.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ დაგლოცოთ, გაგახაროთ და გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №35(293), 2004 წ.