„ქართველმა ადამიანმა მუდამ იცოდა, რომ მამულის, რწმენისა და
ეკლესიის ღალატი არ
შეიძლება - ეს დამღუპველია ადამიანის სულისათვის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ მთავარანგელოზობას და ანგელოზის დღეს!
ყოველ ჩვენგანს ჰყავს ანგელოზი მფარველი, რომელიც მას ნათლისღების დროს ეძლევა.
დღეს არის ზეიმი ცათა შინა! ამ ზეიმს ჩვენც ვუერთდებით და ვდღესასწაულობთ მთავარანგელოზთა, ანგელოზთა და ყოველთა ზეციურ ძალთა ხსენებას.
ზეციურნი ძალნი შექმნილნია სადიდებელად ღვთისა; ისინი ქმნიან ზეციურ იერარქიას. საოცარია, რომ ყველაფერი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა შექმნილია იერარქიული წყობით. იერარქია აუცილებელია. ეს არის მიუწვდომელი და უდიდესი განგება ღვთისა. წმიდა მამები ამბობენ, რომ არსებობს ზეციური იერარქიის 9 დასი და ყველაზე ახლოს უფალთან დგანან და ადიდებენ მას ექვსფრთიანი სერაფიმნი. აი, ამიტომაა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თავსაბურავზე გამოსახულია სერაფიმები. სერაფიმები არიან შუამდგომელნი პატრიარქს, ერსა და ღმერთს შორის - მლოცველნი და მფარველნი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისა.
ასევე იერარქიული წყობა არსებობს ქვეყანასა ზედა, ანუ არსებობს მიწიერი იერარქია, რაც უპირველეს ყოვლისა, უფროსებსა და უმცროსებს შორის ურთიერთობაში უნდა ვლინდებოდეს. უმცროსი პატივს უნდა სცემდეს და ემორჩილებოდეს უფროსს.
დადგა ისეთი დრო, როცა ლიბერალიზმი შემოვიდა ევროპაში და იქიდან მთელს მსოფლიოში გავრცელდა; წარმოიშვა მოძრაობა „თანასწორობის“ მოთხოვნით. ეს სათქმელად ძალიან ადვილია, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან ძნელია. როგორ შეიძლება თანასწორობა იყოს ოჯახში? როგორც შეიძლება თანასწორობა იყოს საზოგადოებაში? ოჯახს უნდა ჰყავდეს თავი; საზოგადოების ნებისმიერ ადგილზე უნდა იყოს უმცროს-უფროსი.
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა ლოზუნგები შემოდის საზოგადოებაში და ხშირად აბნევს ხალხს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა სიბრძნესთან, კულტურასთან და სიკეთესთან ერთად შემოდის ცრუკულტურა, შემოდის ისეთი რამ, რომელსაც ზიანი მოაქვს ადამიანისა და საზოგადოებისთვის.
საქართველო არის უძველესი კულტურის ქვეყანა. როგორც ცნობილია „ქართლის ცხოვრებიდან“, - ჩვენი წინაპარნი ქართლოსი და მცხეთოსი იყვნენ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელნი. და მხოლოდ მათ შემდეგ გავრცელდა კერპთაყვანისმცემლობა. მაგრამ 600 წლით ადრე ქრისტეს შობამდე, ისრაელიდან ჩამოდის ებრაელების დიდი კოლონია, რომელთაც ჩამოაქვთ უდიდესი სიწმინდე - ხალენი წმიდა ელია წინასწარმეტყველისა. ხალენის ჩამოტანა თითქოს იყო წინამორბედი, უფლის კვართის ჩამობრძანებისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისთვის საქართველოს წილხვდომილებისა. ასე რომ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა იყო დამახასიათებელი არა მარტო ებრაელებისთვის, არამედ მათთან სიახლოვეში მყოფ ქართველებისთვისაც. ამ ნიადაგზე აღმოცენდა ჩვენში ჭეშმარიტი სარწმუნოება, ქრისტეს სჯული. და აი, უკვე 20 საუკუნეა, საქართველო იცავს მართლმადიდებლობას, როგორც უდიდეს საუნჯეს, რადგან სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა.
ეს არის ჩვენი ეროვნული, კულტურული და სულიერი ფასეულობა, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ? უპირველეს ყოვლისა, ამ სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდობა. რადგან დღეს, როცა ისხნება საზღვრები, როცა ასეთი მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება ქვეყნებსა და ერებს შორის, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი მეობის შენარჩუნება.
დღეს საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას ჩვენი სულიერი, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობანი. ეს არ არის იოლი საქმე. მრავალნაირია, რომელთაც შემოაქვთ ყალბი ფასეულობანი. თუნდაც ავიღოთ ის სექტები, რომლებიც ასე უხვად შემოიჭრნენ საქართველოში, მთელს ევროპასა და საეთოდ მსოფლიოში; მართალია მათაც აქვთ რაღაც მისაღები, თუნდაც სოციალური პროგრამები, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში მუდამ ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს. სწორედ ქართველებს გვეკუთვნის საოცარი გამოთქმა, რომლის მსგავსი, მე ვფიქრობ, არცერთ ქვეყანაში არ არის: - „სტუმარი ღვთისაა!“ ჩვენ მუდამ გვახსოვდა გაჭირვებულები და ვეხმარებოდით მათ. სავალალოა, რომს სექტანტები ჩვენ გვასწავლიან ამას და კიდევ იმას, რომ თურმე ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლობა არ არის სწორი და ხალხმა უნდა მიიღოს „იეღოველთა“ ან სხვა სექტანტების სარწმუნოება. რა თქმა უნდა, მათ მცდელობებს უნდა შევაგებოთ.
იცით, რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ასე იოლად ღებულობს ან ისმენს სექტანტების ქადაგებას? ასე იმიტომ ხდება, რომ ის ადამიანი არ დგას მტკიცედ თავის საფუძვლებზე, არ იცნობს თავის ფესვებს, თავის კულტურას. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენი წინაპრების საგმირო საქმეებს, უნდა ვიცოდეთ, რამდენი მოწამე შეეწირა ჭეშმარიტებას, მართლმადიდებლობას, სამშობლოს! არ არსებობს სხვა ქვეყანა, ამდენი მოწამე რომ ჰყავდეს, თუნდაც ჯალალ-ედ-დინის შემოსევის დროს, ასი ათასზე მეტი ქართველი შეეწირა ქრისტეს რწმენას. იმ სულმნათმა ჩვენმა წინაპრებმა არჩიეს მოწამეობრივი სიკვდილი ქრისტეს სჯულის უარყოფას. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მათ ხსენებას. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ხომ შეიძლებოდა, ხატების შეურაცხყოფაზე უარი არ ეთქვათ და გადარჩენილიყვნენო. არა, რწმენის ღალატი არ შეიძლება! ქართველმა ადამიანმა მუდამ იცოდა, რომ მამულის, რწმენისა და ეკლესიის ღალატი არ შეიძლება - ეს დამღუპველია ადამიანის სულისათვის!
დღეს ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სამღვდელოების, პატრიარქისა და წმიდა სინოდის მისამართით. უხეშად მოიხსენიებენ სამღვდელოებას. და ამას, ძირითადად, ისეთი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ან ურწმუნონი არიან, ან არაეკლესიურნი, ან სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ იმისა, თუ რა არის ეკლესია. ეკლესია არის უდიდესი ძალა; ეს არის ისეთი ძალა, რომელსაც ვერ შეარყევს ვერავითარი მტერი! უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ბჭენი ჯოჯოხეთისანი 20 საუკუნის მანძილზე ცდილობენ, მოერიონ ეკლესიას, მაგრამ ამაოა მათი მცდელობა, იმიტომ რომ ეკლესია უფლის მიერ არის დაარსებული.
როცა ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა უნდა ვუპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდღე ლანძღავენ ეკლესიას, - უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არიან იარაღი ბნელი, ბოროტი ძალების, არაწმიდა სულების ხელში.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს, რომ ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვა და მარხვა.
ბოლო დროს ისმიდ მოწოდებები, რომ შეიკრიბონ ადამიანები მიტინგზე და გამოხატონ თავისი თანადგომა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის სწორი გზა. არავითარი მიტინგები არ არის საჭირო. ეს ისეთი ადამიანების საქმეა, რომლებიც შორს დგანან რწმენისა და ეკლესიისაგან. ჩვენი საქმე, მორწმუნე, ეკლესიური ადამიანის საქმეა, ჩვენი სულიერი წინსვლისათვის ზრუნვა. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ასე უხეშად გამოდიან ეკლესიის წინააღმდეგ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუსურვოთ რაიმე ცუდი, არამედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ უფალმა გაუხსნას მათ გონება და გული. გული არის დიდი გონება, როგორც თქვა დიდმა ფიზიოლოგმა პავლოვმა: „ადამიანს გააჩნია ორი გონება - მცირე და დიდი; და დიდი გონება - ეს არის გული“. მორწმუნე ადამიანმა ყველა უნდა დაიტიოს თავის გულში: კეთილიც და ბოროტიც, (მაგრამ არა ბოროტება!) თუ ბოროტი ადამიანი შემოვა თქვენს გულში, თქვენი ლოცვით ის კეთილი გახდება. უნდა გვახსოვდეს, ბასილი დიდის გამოთქმა, რომ ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, არამედ - მხოლოდ სიკეთით. მაშ, ლოცვით დავეხმაროთ მათ სულიერ ფერისცვალებაში. სულიერი ფერისცვალება კი აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენს ხალხში. საქართველოს უფალმა უბოძა დიდი წყალობა, დიდი მადლი და ჩვენ ეს უდნა დავაფასოთ.
ისტორიულად საქართველოს ეკლესია იდგა და დღესაც მხარში უდგას ჩვენს ხელისუფლებას. ვფიქრობთ, ხელისუფლებაც ასეთივე სულისკვეთებით არის განმსჭვალული. ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ განმტკიცდეს, გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა.
ჯერ კიდევ მრავალი სიძნელეა გადასალახი, მაგრამ იმედი გვაქვს, ღვთის მადლით სამშვიდობოზე გავალთ.
„უფალი მეფობს!“ - ვკითხულობთ ბიბლიაში. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება ზოგჯერ გვავიწყდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვმეფობთ და ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ; მაგრამ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ნება ღვთისა. უნდა მოხდეს სინერგია - ღვთისა და ადამიანის ენერგიის გაერთიანება. უფალი უნდა მეფობდეს და ადამიანი უნდა ასრულებდეს ღვთის ნებას. აი, ამისთვისაა მოწოდებული თითოეული ჩვენგანი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი ანგელოზნი მფარველნი, გვეხმარებიან ჩვენი ზეციური ძალები, და, უპირველეს ყოვლისა, მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც არის დიდი მხედარმთავარი; მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც არის მკურნალი, მახარებელი, სიხარულის მომტანი; მთავარანგელოზი რაფაელი, რომელიც არის თანამგზავრი. ასე რომ, ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ჩვენზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩვენს მფარველ ანგელოზებს.
უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ გვიბოძა ანგელოზნი მფარველნი და ვმადლობდეთ ჩვენს ანგელოზებს, რომ მიუხედავად ჩვენი უხეში, არასწორი ცხოვრებისა, არ გვშორდებიან და კვლავაც გვეხმარებიან.
მოგვიახლოვდა გიორგობა. თქვენ იცით, რომ უზენაესი უფლის განგებით, აშენებულია წმიდა სამების საკათედრო ტაძარი და გიორგობას მოხდება მისი კურთხევა და საზეიმო წირვა-ლოცვა. უკვე ჩამოდიან ჩვენთან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებიან დელეგაციები სერბეთიდან, პოლონეთიდან, კვიპროსიდან. მალე მათ შეუერთდებიან დელეგაციები თითქმის მთელი მართლმადიდებელი სამყაროდან.
გილოცავთ ამ დიდ მოვლენას. წმიდა სამების ტაძარი აშენდა ღვთის განგებით, ღვთის ძალითა და მადლით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ხელთუქმნელი ტაძარი. საოცარია, რომ ასეთი გაჭირვებისა და პრობლემების დროს ქართველმა ერმა შეძლო მისი აგება! ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცეა ჩვენი სარწმუნოება, მტკიცეა სიყვარული და სასოება უფლისადმი. ჩვენ ყველანი ღირს ვიქმენით ვყოფილიყავით მდაბალნი მუშაკნი და აღმასრულებენლი ღვთის განგებულებისა. სამშაბათს გექნებათ ბედნიერება, მოხვიდეთ და თაყვანისცეთ უფლის ტახტს წმიდა სამების ტაძარში.
განსაკუთრებული დღეა და ბევრი ადამიანია ღირსი, რომ დაჯილოვდეს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში დავაჯილდოვოთ მღვდელი დავით ლონდარიძე, რომელიც თვეების მანძილზე ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდა ერაყში და სულიერად ეხმარებოდა მათ; ისინი მრავალჯერ იმყოფებოდნენ საშიშროების წინაშე, მაგრამ ღვთის მადლით და ღვთის ძალით ყველანი მშვიდობით დაგვიბრუნდნენ სამშობლოში და ამაში ძალიან დიდი დამსახურება არის მამა დავით ლონდარიძისა. ამასთან დაკავშირებით, იგი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში!
ეს უმაღლესი ჯილდო ეკუთვნის არა მარტო მამა დავითს, არამედ იმ ჯარისკაცებსაც, რომლებიც მამა დავითთან ერთად იყვნენ ერაყში.
ჩვენთან ერთად წირვა-ლოცვაში დღეს მონაწილეობას ღებულობს მღვდელი ზაქარია გოჩიტაშვილი, რომელიც მსახურობს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში და მრავალი წელია ერთგულად ემსახურება ეკლესიას. დღეს ისიც დაჯულდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში!
თქვენ და მთელი საქართველო ღმერთმა დაგაჯილდოვოთ თავისი სიყვარულითა და მშვიდობით!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ბედნიერი და მშვიდობიან გიორგობა გაგითენოთ!
ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი!
ჩვენთარ არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №45(303), 2004 წ.