„იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად ამ წმიდა მონასტერში იმოღვაწევებენ ქართველი ბერებიც“
თქვენო უნეტარესობავ, მთავარეპისკოპოსო ქრისტოდულოს,
თქვენო მაღალღირსებავ, არქიმანდრიტო ბასილი,
თქვენო მაღალღირსებავ, წმიდანო მამანო წმიდისა ამა მონასტრისანო!
ჩვენ დიდი მოკრძალებითა და დიდი სიყვარულით მოვედით ამ წმიდა მონასტერში, რათა თაყვანი ვსცეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას ივერიისას, თაყვანი ვსცეთ ჩვენს დიდ წინაპრებს: წმიდა იოანეს, ექვთიმეს, გიორგის, გაბრიელს, თორნიკეს და სხვათა - ქტიტორთა წმიდისა ამის მონასტრისათა.
სავსებით გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოს გზა მართლაც ჯვარია, ანუ ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანებისაკენ. მაგრამ ჩვენ მუდამ გვწამდა და გვჯეროდა, რომ ჯვარცმით არ მთავრდება ჩვენი ცხოვრება, საქართველოს ისტორია. გოლგოთას და ჯვარს მოსდევს აღდგომა და ამაღლება. და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ საქართველოშიც დაიწყოს აღდგომისა და ამაღლების პროცესი.
ჩვენს წარსულს რომ გადავხედოთ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი მოწამე. საქართველოს მიწა მორწყულია ქართველთა მოწამეობრივი სისხლით. ჩვენში ხატოვნად ამბობენ ხოლმე, რომ ავიღოთ თუნდაც ერთი მუჭა ქართული მიწა და ხელი მოვუჭიროთ, წინაპრების სისხლი დასდინდებაო.
ჩვენმა ერმა და ეკლესიამ კომუნისტური რეჟიმის უმძიმესი პერიოდი გამოიარა. იყო შემთხვევა, როცა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს არ შეეძლო ტაძარში შესვლა, რადგან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა მთელი წმიდა სინოდი დააპატიმრეს.
საქართველოში წითელი არმია, რომ შემოვიდა და რუსეთის ჯარმა ქვეყნის ანექსირება მოახდინა, ამ ფაქტის გამო უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) გააზავნა საგანგებო მემორანდუმი გენუის კონფერენციაზე. ამის გამო იგი დააპატიმრეს და მასთან ერთად მთელი წმიდა სინოდიც. ბოლშევიკების სასამართლომ პატრიარქს გამოუტანა უმძიმესი განაჩენი - დახვრეტა. კომუნისტებს ეგონათ, რომ პატრიარქი შეშინდებოდა და პატიებას ითხოვდა. განაჩენის გამოტანის შემდეგ მას უკანასკნელი სიტყვა მისცეს და მაშინ უწმიდესმა ამბროსიმ წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, ეს სხეული კი თქვენთვის მომიგდია, - რაც გინდათ, ის უყავითო. მთელი საქართველო ფეხზე დადგა პატრიარქის დასაცავად; კომუნისტებმა მისი დახვრეტა ვეღარ გაბედეს და განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. მაგრამ იგი მალევე გარდაიცვალა.
ეს ამბავი იმიტომ გიამბეთ, რომ იცოდეთ, თუ რა გზა გამოიარა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში, როცა მთელი საქართველო სულიერი ძილისგან იღვიძებს და ეკლესიებში მიდის და დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება სულიერი დახმარება, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ წმიდა მთის ივერთა მონასტრიდან მოველით.
შევთხოვ უფალს, რომ მშვიდობა, სიყვარული და სიხარული სუფევდეს ამ წმიდა სავანეში; ერთსულოვნება სუფევდეს თქვენს შორისაც.
იმედი მაქვს, რომ სულიერი კავშირი იქნება საქართველოსა და თქვენს შორის. გამოვთქვამ იმედს იმისაც, რომ თქვენთან ერთად ამ წმიდა მონასტერში იმოღვაწევებენ ქართველი ბერებიც.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ თქვენ, ელადა და საქართველო.
ევხარისტო პოლი!
მამაო არქიმანდრიტო ბასილი, მინდა გამოვხატო თქვენდამი ჩემი სიყვარული და
პატივისცემა. თქვენ იცით, რომ წმიდა გიორგი არის ჩვენი მფარველი და მინდა,
სიყვარულით გადმოგცეთ წმიდა გიორგის ეს ხატი.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21(279), 2004 წ.