„ჩვენ ჩამოვედით ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, რათა აღვავლინოთ ლოცვა
საქართველოს მშვიდობისა და მთლიანობისათვის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის ბედნიერი დღე, - ჩვენ ჩამოვედით ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, რათა აღვავლინოთ ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და მთლიანობისათვის! წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“ სწორედ ამისთვის ვლოცულობთ და ეს არის ჩვენთვის სანატრელი: ძალა და მშვიდობა. ამ ორ სიტყვაში იგულისხმება - სულიერი ძალა, მტკიცე რწმენა, დიდი სიყვარული, სიკეთე, თავმდაბლობა და გამომდინარე აქედან, მშვიდობა. ღმერთმა მოგვცა მშვენიერი მამული, რომელსაც მუდამ ბევრი მტერი ჰყავდა. ამიტომ იყო, რომ ჩვენ თითქმის გამუდმებით ვიცავდით ჩვენს მიწა- წყალს, ჩვენს ენას, კულტურას, სარწმუნოებას. დღესაც უნდა გვახსოვდეს წმიდა ილია მართლის სიტყვები, რომ მთავარია „ენა, მამული და საწმუნოება.“
ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მიმდინარეობს გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უნიკალური კულტურის მქონე ერი ვართ, რომ გაგვაჩნია 2000 წლის მართლმადიდებელი სარწმუნოება და ისეთი სულიერი საგანძური, რომლითაც შეუძლია იამაყოს მთელმა მსოფლიომ. გლობალიზაციის პერიოდშიც ჩვენ დავიცავთ ჩვენს კულტურას და სულიერ საუნჯეს.
მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც ყველას გვაწუხებს, - ეს არის ურთიერთობა ქართველებსა და ოსებს შორის. მე კარგად ვიცნობ ოსებს, ძალიან მჭიდრო კავშირი მქონია მათთან წარსულში და დღესაც მაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ნიჭიერი, თავისუფლების მოყვარე, ძველი კულტურის მქონე ხალხი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ისინი კარგა ხანია ცხოვრობენ და მათთან მუდამ გვქონდა ძმური და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც დღემდე შემორჩა. ამიტომ როცა ამბობენ, რომ დაიძაბა ურთიერთობა ქართველებსა და ოსებს შორისო - არ არის სწორი. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ოსები ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს საქართველოში და მომავალშიც ასევე იქნებიან. ჩვენ არ გვახასიათებს მტრობა, ღვარძლის გულით ტარება. ქართველები და ოსები მუდამ იყვნენ და იქნებიან ძმები და მეგობრები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა მთელი საქართველო გამთლიანდება და აღდგება მისი ტერიტორიალური მთლიანობა. საქართველოს მთლიანობა საჭიროა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ოსებისათვის, აფხაზებისთვის და საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისათვის.
მე კარგად ვიცნობ ალანიის - ჩრდილო ოსეთის მოსახლეობას. და მინდა ვთქვა, რომ ოსების მდგომარეობა საქართველოში მუდამ გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მათ სამშობლოში და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უკეთესი იქნება. საქართველო არის პერსპექტიული ქვეყანა. ამის შესახებ არაერთხელ მომისმენია დიდი ექსპერტებისა და ეკონომისტებისაგან, რომ მომავალში იგი იმდენად გაძლიერდება, რომ პირიქით, სხვას დაეხმარება და ის დოვლათი, რითაც ისარგებლებს ქართველი ადამიანი საქართველოში, აგრეთვე იქნება ოსი, აფხაზი, რუსი, ბერძენი, სომეხი თუ სხვა ეროვნების ადამიანის საკუთრებაც, ანუ ყველასი, ვინც მშვიდობიანად იცხოვრებს საქართველოში.
დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის! ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის, თუ რა არის მშვიდობა.“ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობა არის ის, როცა ყველანი კარგად არიან, როცა ქვეყნის მცხოვრებნი ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ და ამით პატივს სცემენ ადგილობრივ ტრადიციებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და საქართველოც განვითარებული, მშვიდობიანი და კეთილმეგობრული ქვეყანა იქნება.
უფალი ბრძანებს: „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ“. და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.“
როდესაც ჩვენ აქ წამოსასვლელად ვემზადებოდით, ვფიქრობდით არა მარტო იმაზე, თუ რა საჩუქრებს წამოვიღებდით ქართველებისთვის, არამედ იმაზეც, თუ რა უნდა წამოგვეღო ოსებისათვის. და ჩვენ წამოვიღეთ სახარება, როგორც ქართულ, ასევე ოსურ ენებზე. აქაც, თუ ვინმე ტაძარში არის ოსი, მე სიამოვნებით ვაჩუქებ ამ სახარებას.
ღმერთმა დალოცოს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია! ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ახლა კი აღვავლენთ ლოცვებს საქართველოს მშვიდობისა და მთლიანობისათვის!
(პარაკლისის დასასრულს წარმოთქმული სიტყვა)
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს! ბედნიერი ვართ, რომ ვიმყოფებით იქ, სადაც ბრძანდება პირველმოწამე რაჟდენი, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ჩვენი დიდი სულიერი მამა, პატრიარქი კირიონი. ბედნიერი ვართ, რომ ვიმყოფებით ამ უძველეს ეპარქიაში. მინდა დიდი მადლობა მოვახსენო და დავლოცო მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია. იგი ძალიან ბევრს შრომობს თქვენთვის, მთელი ეპარქიისათვის და საქართველოს ეკლესიისათვის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ჩამოსვლა და მეუფეს საჩუქარი მივართვა. ვუსურვებ მას და საქართველოს, ძალიან მალე გამთლიანდეს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, გამთლიანდეს სრულიად საქართველო და ნიშნად სულიერი ძალაუფლებისა მივართმევ ამ კვერთხს, როგორც სიმბოლოს ძლიერებისა. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს მეუფე ისაია!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27(285), 2004 წ.